დიზელის საწვავი იანვრიდან შეიძლება საგრძნობლად გაძვირდეს

დიზელის საწვავი იანვრიდან შეიძლება საგრძნობლად გაძვირდეს

2020 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში იმპორტირებული დიზელის საწვავის ხარისხი „ევრო 5“-ის ტიპის სტანდარტის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ ეტაპზე კი ქვეყანაში დიზელის საწვავზე მოქმედი ხარისხობრივი ნორმები „ევრო 4“-ის სტანდარტს შეესაბამება. ამასთან, ყველაზე მსხვილი მომწოდებლის - აზერბაიჯანის დიზელის საწვავი სწორედ „ევრო 4“-ის სტანდარტია და „სოკარი“ „ევრო 5“-ის ტიპის დიზელის საწვავის წარმოებას 2021 წლიდან გეგმავს.

აქედან გამომდინარე, რეგულაციის იანვრიდან ამოქმედების შემთხვევაში 2020-21 წლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან დიზელის საწვავის იმპორტი სრულად შეიზღუდება. მის ადგილს კი თითქმის სრულად დაიკავებს რუსეთი. ეს კიდევ ერთი საფრთხე იქნება, ისედაც ჩრდილოეთზე დიდწილად დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკისათვის. გარდა ამისა, ახალი წლიდან დაახლოებით 15 თეთრით გაძვირდება დიზელის საწვავი.

ამიტომაც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მოთხოვნაა, გამოცხადდეს ერთწლიანი მორატორიუმი ადგილობრივ ბაზარზე „ევრო 4“-ის სტანდარტის დიზელის საწავავის გამოყენების თაობაზე. კავშირში ამბობენ, რომ ამოქმედდეს „ევრო-5“-ის სტანდარტი, თუმცა 1 წლის განმავლობაში დარჩეს „ევრო 4“-იც.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევების თანახმად, მიმდინარე ეტაპზე ქვეყანაში პრობლემას არ წარმოადგენს გოგირდის დიოქსიდის (SO2) ჭარბი ოდენობა, ის მკვეთრად ჩამოუვარდება ზღვრულ ნიშნულს. „ევრო 4“-სა და „ევრო 5“-ს შორის განსხვავება სწორედაც გოგირდის შემცველობაში მდგომარეობს. შესაბამისად, ჩვენი ინიციატივა გახლავთ, რომ ძალაში დარჩეს მთავრობის გადაწყვეტილება „ევრო 5“-ის სტანდარტზე გადასვლის შესახებ და იმავდროულად გამოცხადდეს ერთწლიანი მორატორიუმი „ევრო 4“-ის სტანდარტის დიზელის საწვავის შემდგომი გამოყენების თაობაზე.

ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ერთის მხრივ იმას, რომ ქვეყანაში შემოვა აზერბაიჯანული საწვავი, რომელიც 15-20 თეთრით იაფია სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქტთან შედარებით. ასეთი ტიპის დიზელი გამოიყენება იმ პირთა მიერ, რომლებიც მონაწილეობენ ეკონომიკურ საქმიანობაში - გადაზიდვები, დისტრიბუცია, მშენებლობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ წვდომა შედარებით იაფ პროდუქტზე“, - ამბობენ ნავთობიმპორტიორთა კავშირში.

ინიციატივას მხარს უჭერს ბიზნესომბუდსმენიც. ირაკლი ლექვინაძის აზრით, წარმოდგენილი ინფორმაცია საკმარისია იმისათვის, რომ დაიწყოს განხილვები დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმების ამოქმედების ვადის კორექტირებასთან დაკავშირებით.

„დღესდღეობით 40%-ია ბაზარზე პროდუქტის წილი, რომელიც იმპორტირებულია აზერბაიჯანიდან და რეგულაციის 2020-დან ამოქმედებით იმპორტის ეს ნაწილი სრულად იზღუდება. არის ასევე შეფასებები, რომელიც უკავშირდება ემისიებს, ავტოპარკის ტექნიკურ მახასიათებლებს და ფასთა შორის სხვაობის საკითხები. ჩვენს აპარატს მხარდაჭერისთვის მომართა ნავთობიმპორტიორთა კავშირმა და კომპანია „სოკარმა“. ვამუშავებთ რეკომენდაციას, სადაც ავსახავთ კერძო სექტორის მოთხოვნისადმი ჩვენს მხარდაჭერას, რადგან ინფორმაცია რომელიც ბიზნესისგან მოვისმინეთ, ქმნის საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ ეს საკითხი მაღალ დონეზე იქნას განხილული. სრულად ვეთანხმებით ინიციატივას დიზელზე 1-წლიანი მორატორიუმის შემოღების შესახებ“, - განაცხადა ლექვინაძემ.

პროფესორი რატი აბულაძეც მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში, მორატორიუმი საუკეთესო გამოსავალია, რამდენადაც საკითხს სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსურობა და ერთიან პრიზმაში განხილვა აკლია.

„ერთი მხრივ, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებაზე. სატრანსპორტო სფერო კი ვალდებულია, შექმნას მოცემულობა, სადაც სატრანსპორტო საშუალებების ძრავები შესაბამისობაში იყოს სტანდარტებთან და მესამე, ნავთობპროდუქტების ბაზრის წარმომადგენლები, ასევე ვალდებულნი არიან ამ მაღალი მოთხოვნის საწვავი შემოიტანონ. დღეს ზემოთ ჩამოთვლილი სამი კომპონენტი ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის, ამიტომ მიმაჩნია, რომ მორატორიუმი ოპტიმალური გამოსავალია.

საკითხს სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსურობა და ერთიან პრიზმაში განხილვა აკლია. ეს დახლოებით იგივეა, ახალთახალ კარგი ლითონისგან დამზადებულ ტაფაზე რომ ცუდი ზეთი დაასხა. ამით საკვები უკეთესი, რა თქმა უნდა, ვერ გახდება“, - განაცხადა ეკონომისტმა.