გერმანიაში მსოფლიო რეკორდსმენი საფეხბურთო მწვრთნელი გარდაიცვალა

გერმანიაში მსოფლიო რეკორდსმენი საფეხბურთო მწვრთნელი გარდაიცვალა

გერმანიაში 93 ასაკში მსოფლიო რეკორდსმენი საფეხბურთო მწვრთნელი რუდი გუტენდორფი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

​სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში გუტენდორფი 55 გუნდს, მათ შორის 18 ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა. საუკეთესო შედეგი მან 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩილეს ნაკრებთან ერთად აჩვენა. პლეიოფში ჩილეს ნაკრები საბჭოთა კავშირის ნაკრებს უნდა შეხვედროდა, თუმცა საპასუხო მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გენერალმა აუგუსტო პინოჩეტმა ჩილეში სამხედრო გადატრიალება მოაწყო, რის გამოც საბჭოთა კავშირის ნაკრებმა სანტიაგოში ჩასვლაზე უარი განაცხადა.

1984 წელს იაპონურ „იომიურიში“ მუშაობის დროს გუტენდორფი გახდა პირველი უცხოელი მწვრთნელი, რომელმაც იაპონიის ჩემპიონატი მოიგო.

რუანდაში 1994 წელს მომხდარი სამოქალაქო ომისა და ჰუტუს ტომის მიერ მოწყობილი ტუტსის ტომის გენოციდის შემდეგ, 1999-2000 წლებში გუტენდორფი რუანდის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა და ერთ გუნდში ტუტსის და ჰუტუს ტომების წარმომადგენლებს ათამაშებდა.

მისი უკანასკნელი სამუშაო ადგილი სამოას ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტი იყო. ფეხბურთის მიმართ სიყვარულისა და გაწვრთნილი გუნდების რეკორდული რაოდენობის გამო გულშემატკივრებმა მას „დაუღალავი რუდი“ შეარქვეს.