მგზავრობა უკვე ყველა მიმართულებით ძვირდება

მგზავრობა უკვე ყველა მიმართულებით ძვირდება

ქვეყანაში მგზავრობა სულ უფრო ძვირდება. შიდა საქალაქო ტარსპორტი ჯერ მასობრივად არ გაძვირებულა, სამაგიეროდ, საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მოძრავმა მიკროავტობუსებმა მომსახურების ფასი ერთმანეთის მიყოლებით გაზარდეს.

ორიოდე დღის წინ მარნეულის მუნიციპალიტეტიდან დედაქალაქამდე ჩასასვლელად მგზავრებს გაძვირებული ტარიფის გადახდა მოუწიათ. მგზავრობამ 50 თეთრით მოიმატა და ორი ლარი და 50 თეთრი შეადგინა. მძღოლები ფასების მატებას გაძვირებულ საწვავს უკავშირებენ.

მათი თქმით, დიდი ხანია უნდოდათ გადასახადის გაზრდა, თუმცა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, თავს იკავებდნენ.

უფრო ადრე მოიმატა ფასმა ზუგდიდი-თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობაზე და ის ერთბაშად 5 ლარით გაძვირდა. სადგურიდან მიმავალი ტრანსპორტის მგზავრებს 15-ის ნაცვლად 20 ლარის გადახდა უწევთ. როგორც მძღოლები ამბობენ, საწვავზე ფასის გაზრდის გამო იძულებული გახდნენ, მომსახურების ღირებულება თავადაც გაეზარდათ.

პირველად კი გაძვირების „სეზონი“ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავმა მიკროავტობუსებმა გახსნეს. ჯერი კიდევ აგვისტოში ორ ქალაქს შორის მიმოსვლის ტარიფი 30 თეთრით გაიზარდა და 1,80 ლარი გახდა.

ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს უკვე მეტროსადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროსადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ.

მძღოლებთან ერთად სპეციალისტებიც ადასტურებენ, რომ მგზავრობის და ზოგადად, მომსახურების გაძვირების მიზეზი ლარის გაუფაუსრება და საწვავის ისტორიულად მაღალი ფასია. აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი იმ მიზეზებზე საუბრობს, რასაც საწვავის ფასის გაზრდაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. მოცემულ სიტუაციაში წარმოუდგენელია ამ მასშტაბის გაუფასურებამ არ იქონიოს გავლენა ფასების საერთო დონეზე.

„ჩვენ ორი მთავარი ფაქტორი გვაქვს, რასაც საწვავის ფასზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. პირველი - ეს არის გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესები და მეორე - ვალუტის კურსი. თუ რომელიმე პარამეტრი მნიშვნელოვნად შეიცვლება, ორი აზრი არ არის საწვავის ფასიც უნდა დაკორექტირდეს.

გაძვირება ეს არის მომენტი, როდესაც არც ერთი კომპანია ამაზე უარს ვერ იტყვის, რადგან თუ კურსი მნიშვნელოვნად „გაიქცა“, მაშინ შეუძლებელია ძველ ფასით სერვისის მიწოდება. წლის დასაწყისიდან 27 პუნქტით, ლარის გაუფასურება დანამდვილებით ნიშნავს, რომ იმპორტირებული პროდუქცია აუცილებლად გაძვირდება - იქნება ეს საწვავი, თუ საკვები.

ჩავხედოთ უკვე გამოქვეყნებულ, მართალია შელამაზებულ, მაგრამ მაინც, ინფლაციის მაჩვენებელს და დავინახავთ, რომ ყველაფერზე, მათ შორის ტრანსპორტის მომსახურებაზე, ფასი არის გაზრდილი. ეს მომდინარეობს სწორედ იმ წნეხიდან, რომელსაც იწვევს გაცვლითი კურსი ფასების საერთო დონეზე. ჩვენი ტიპის ქვეყანაში შეუძლებელია, სხვანაირად მოხდეს, რადგან სამომხმარებლო კალათა 70%-ით არის დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქტზე. ასეთ რეალობაში წარმოუდგენელია ამ მასშტაბის გაუფასურებამ არ იქონიოს გავლენა ფასების საერთო დონეზე, ეს არის აბსურდი. შეუძლებელია, ასეთ დევალვაციას არ ჰქონდეს მკვეთრად ნეგატური ზეგავლენა“, - აღნიშნა ბაირახტარმა.

როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ზამთრის მოახლოებასთან ერთად სხვადასხვა მიმართულებით სამგზავრო ტარიფი კიდევ მოიმატებს.