2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 53,7%-ით შემცირდა. ასეთი მკვეთრი ვარდნა მრავალი წელია არ ყოფილა და იგი 2006 წლის ნიშნულამდე დაეცა. მიუხედავად ამისა, მთავრობის წევრები და ეკონომისტების ნაწილი საგანგაშოს ამ ეტაპზე ვერაფერს ხედავენ.
„საქსტატი“ ინვესტიციების კლების მიზეზს სხვაგვარად განმარტავს. უწყების ინფორმაციით, ამ მხრივ ნეგატიური გავლენა მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულებამ იქონია. ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ შემცირების კიდევ ერთი მიზეზი არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება და რეინვესტიციების მოცულობის შემცირებაა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში ინვესტიციები 53.7%-ით შემცირდა. წინასწარი მონაცემებით, ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მეორე კვარტალში 187 მილიონი დოლარი შეადგინა.
ინვესტიციების შემცირება შეიმჩნევა ნიდერლანდებიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, პანამიდან, ჩეხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2019 წლის II კვარტალში 69.6 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 63.7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.0 პროცენტია. მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 38.4 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი 28.1 მლნ აშშ დოლარით.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ინვესტიციების შემცირება ქვეყნის ეკონომიკის სექტორების მნიშვნელოვან ნაწილში შეიმჩნევა. ცალკეული მიმართულებების მიხედვით არსებული ვითარება ასეთია:
ენერგეტიკა - 63.7 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 37%;
მშენებლობა - 4.2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 91%;
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 19.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 73%;
სამთომოპოვებითი მრეწველობა - 15.4მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 7%;
უძრავი ქონება - 22.8მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 63%;
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვერთ შემცირებაზე კომენტარი გააკეთა და უკმაყოფილო სულაც არ ჩანდა.
„სტაბილურად იზრდება ქართული ინვესტიციები და ჩემთვის, როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ინვესტორმა, ქართველმა მეწარმემ, (მიუხედავად პოლიტიკური არასტაბილურობისა) ირწმუნა, რომ საქართველოს ეკონომიკა მიმზიდველია და დებს ფულს საკუთარი ბიზნესების განვითარებაში. პირველ რიგში, ეს არის მნიშვნელოვანი.
რა თქმა უნდა, უცხოური ინვესტიციებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ განახლებული საინვესტიციო პოლიტიკის წყალობით შევძელით და შევკარით ძალიან მიმზიდველი პორტფელი 2019 წელს. ეს არის 3.5 მილიარდი ლარის ინვესტიცია ენერგეტიკაში, გადამამუშავებელ მრეწველობაში და ეს არის რეალური პროექტები, რომელთა მშენებლობა წელს იწყება ან დაწყებულია და აისახება მომავალი წლის სტატისტიკაში“, - აღნიშნა მინისტრმა.
ახალ მსხვილ საინვესტიციო პროექტებს შორის თურნავამ „ნამახვანი ჰესი“ გამოყო, რომლის მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება, ღირებულება კი, 1 მილიარდ დოლარს შეადგენს. ასევე მნიშვნელოვანი პროექტია ქუთაისში მშენებარე ელექტრომობილების ქარხანაც.
არსებული სტატისტიკა გააანალიზეს ეკონომისტებმაც. პროფესორი გიორგი ღაღანიძე ინვესტიციების ნაკადის შემცირებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და მის ზრდას წლის მესამე და მეოთხე კვარტალში ელოდება.
„უნდა აღინიშნოს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ წარმოადგენს იმ ეკონომიკურ კატეგორიას, რომელიც კვარტალი კვარტალს უნდა შეადარო, რადგან ინვესტიციების ბუნება განსხვავდება საგარეო ვაჭრობისგან, სადაც გარკვეული სასაქონლო ჯგუფებია ჩამოყალიბებული და მათი იმპორტ-ექსპორტი ყოველ წელს ერთსა და იმავე დროს ხდება. რა თქმა უნდა, კარგი და სასიამოვნო აქ არაფერია, მაგრამ ეს კატასტროფული მაჩვენებელი არ არის. თუ ჩვენი ქვეყნის პრაქტიკას გადავხედავთ, როგორც წესი, ყველაზე მეტი ინვესტიცია მესამე და მეოთხე კვარტალში შემოდის“, - აღნიშნა „პირველი არხის“ ეთერში ღაღანიძემ.
თუმცა, თსუ-ს პროფესორი თვლის, რომ ინვესტიციების ნაკადის შემცირება გარკვეულ ხარვეზებზეც მიუთითებს, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანია თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკის უქონლობა, რომელმაც ქვეყნის კონკურენტული უპირატესობა უნდა განსაზღვროს.
საფინანსო საკითხების ექსპერტი გიორგი ცუცქირიძეც ეთანხმება მოსაზრებას, რომ წლის ბოლსკენ უცხოური კაპიტალდაბანდების ოდენობა მოიმატებს.
„ინვესტორების მიერ ვალდებულებების დაფარვა გარკვეულწილად ამცირებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელს. ბუნებრივია, სახელმწიფოს არ შეუძლია შეზღუდოს უცხოელ ინვესტორების მხრიდან ვალდებულებების შემცირების პროცესი. მისი ამოცანა ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაა.
შესაბამისად, თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებს შემომავალი ნაკადებით შევაფასებთ, იგი მკვეთრადაა გაზრდილი. ეს მაჩვენებელი 2019 წლის ორ კვარტალშიც მაღალია და დაახლოებით მილიარდ 300 მილიონი დოლარია, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა საინვესტიციოდ ძალიან მიმზიდველია და აქტიურად მიმდინარეობს ინვესტირება სხვადასხვა სფეროებში.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახალი მთავრობის დამტკიცებით და გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილი შედეგზე ორიენტირებული სამთავრობო პროგრამის განხორციელებით, წლის ბოლოსთვის, ტენდენცია უკეთესობისკენ შეიცვლება და მაღალი იქნება როგორც შემომავალი ნაკადების, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი“, - განაცხადა ცუცქირიძემ.