ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერი შესაძლოა თანამდებობიდან გადადგეს

ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერი შესაძლოა თანამდებობიდან გადადგეს

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერის ჯონ ბერკოუს განცხადებით, ის თანამდებობას 31 ოქტომბრამდე დატოვებს, თუ მანამდე ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც Brexit-ის შესახებ მსჯელობენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჯონ ბერკოუ კრიტიკის ობიექტი გახდა ე.წ. ბრექსიტერების მხრიდან, რომლებიც ბერკოუს ევროპის საკითხებთან მიმართებით მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ.

როგორც ბერკოუმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის ამაყობს, რომ 10 წლის განმავლობაში იცავდა პარლამენტის ინტერესებს და მისთვის პატივია ამ თანამდებობაზე მსახურება.

5 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მხარი არ დაუჭირა. პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ მოითხოვა, რაც ბრიტანელმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომლის თანახმად დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე ვერ დატოვებს.

უფრო ადრე თემთა პალატამ ხმათა უმრავლესობით (328-301-ის წინააღმდეგ) მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მთავრობას პარლამენტის დღის წესრიგის განსაზღვრის უფლება ჩამოერთვა.

ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.

Brexit-მა ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რის გამოც პრემიერმინისტრი ტერეზა მეი გადადგა.