დანიური გამოცემა ekstrabladet.dk გუშინ, 8 სექტემბერს საქართველოსა და დანიას შორის გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. სტატია ქართველი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს.
"დანიის ნაკრებმა საკუთარი თავი დიდი ზეწოლის ქვეშ დაიყენა საქართველოს წინააღმდეგ საშინელი თამაშით და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად უფრო მეტი ბრძოლა მოუწევს.
დანიის ნაკრებმა საშინლად მძიმე და უფანტაზიო ფეხბურთი შემოგვთავაზა თბილისში, ხოლო საქართველოს ნაკრებმა დამსახურებული აპლოდისმენტები უნდა მიიღოს, რადგან მათ წინააღმდეგ დანიის ძლიერმა გუნდმა ვერაფერი გააწყო. ახლა დანიას შვეიცარიასთან მოუწევს დიდი ბრძოლის გადატანა, რათა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეძლოს.
მოედნიდან მუსიკალური ორკესტრის გასვლის შემდეგ დანიელთა მხიარულებაც დასრულდა. გიბრალტართან თამაშისგან განსხვავებით, მარცხენა ფლანგი სრულიად შეცვლილი იყო და დანიელ ვასისა და რობერტ სკოვის ნაცვლად, მოედანზე მარტინ ბრაიზვაითი და ჰენრიკ დალსგორი გამოვიდნენ, კასპერ დოლბერგმა კი კრისტიან გიტკიაერის ადგილი დაიკავა ძირითად შემადგენლობაში.
მოედანზე ქართველები უკეთ გამოიყურებოდნენ და მშვენიერი ტექნიკაც აჩვენეს, რომლის წყალობითაც არაერთ მათგანს აუწყვია კარიერა ჰოლანდიაში, გერმანიასა და იტალიაში.
დანიის ნაკრებმა საერთოდ ვერაფერი შექმნა პირველ ტაიმში, ხოლო ქართველები, საპირისპიროდ, გვაოცებდნენ ხოლმე მარცხენა ფლანგიდან, როცა დანიელთა შეცდომების შედეგად ვაკო ყაზაიშვილმა რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტია სტუმართა კარს.
საუკეთესო მოთამაშე დანიელთა მხრიდან მარტინ ბრაიზვაითი იყო. "ლეგანესის" ფეხბურთელმა კაკაბაძე რამდენჯერმე ისე გააქრო, როგორც ლამპიონი გაფანტავს ღამის ბინდს, თუმცა მისი დარტყმები იმდენად კარგი არ იყო, გოლი გაეტანა.
კრისტენსენმა ყველა საჭირო საჰაერო დუელი მოიგო, ხოლო მცველმა გია გრიგალავამ იდაყვი უთავაზა იუსუფ პოულსენს. პირველ ტაიმში მეტი არაფერი ყოფილა საინტერესო, საფეხბურთო გულს არაფერი ახარებდა.
შესვენების შემდეგ დანიელებმა ზეწოლა გააძლიერეს, კასპერ დოლბერგიც სწორ ადგილას დახვდა ბრეიზვაითის პასს, თუმცა არც ლორიას ეძინა და შესანიშნავი სეივი შემოგვთავაზა. თუმცა მალე იონ დალ ტომასონიც დაიღალა სველ ბალახზე დოლბერგის გორაობით და მის ნაცვლად გიტკაიერი შემოიყვანა.
ნახევრად სავსე სტადიონი მაშინ ახმაურდებოდა ხოლმე, როცა მსაჯის მხრიდან უსამართლობას ჰქონდა ადგილი. ერთ-ერთი შემთხვევის დროს, ვლადიმირ ვაისმაც მიიღო ყვითელი ბარათი. დანიელები ხსნას ეძებდნენ, ქართველებს კი მათი გულშემატკივარი აგულიანებდა.
სტადიონს სუნთქვა შეეკრა, როცა ქვილითაიამ ხარიხას გაარტყა ბურთი, თუმცა მალევე თამაშგარე დაფიქსირდა. ამ მომენტიდან რამდენიმე წამში გიტკიაერი მოეფერა ხარიხას შორეული დარტყმით.
თამაშის ბოლოს დანიელებმა მოედანი კმაყოფილებმა დატოვეს, როცა კასპერ შმეიხელმა საჯარიმო დარტყმა ხელში დაიჭირა და მძიმე ღამეც ამით დასრულდა."