„ნაციონალური მოძრაობისადმი“ გია დვალის პროტესტი ბარამიძეს „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ეგონა

„ნაციონალური მოძრაობისადმი“ გია დვალის პროტესტი ბარამიძეს „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ეგონა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ სოციალურ ქსელში ფიზიკოსის გია დვალის 2012 წელს დაწერილი საპროტესტო წერილი გააზიარა და დაწერა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი ძველი მხარდამჭერი დაკარგა.

თუმცა, აღმოჩნდა, რომ გია დვალმა საპროტესტო წერილი 2012 წლის 29 სექტემბერს დაწერა, მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში ჯერ კიდევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ მას შემდეგ, რაც გიორგი ბარამიძემ ეს გააცნობიერა, ფეისბუკიდან გაზიარებული პოსტი წაიშალა.

„მატყუალა ოლიგარქის რეჟიმმა კიდევ ერთი ძველი მხარდამჭერი დაკარგა. ასეა განწყობილი ქართველ მეცნიერთა თუ კულტურის მოაზროვნე და ღირსეული საზოგადოების უდიდესი ნაწილიც“ - წერდა გიორგი ბარამიძე.