საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 4 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7 პროცენტამდე გაზრდის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ლარის გაუფასურებამ და ინფლაციამ იმ დონეს მიაღწია, როდესაც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებშიც კი დაფრთხნენ. ეროვნული ბანკი ამოქმედდა, მაგრამ რამდენად ექნება მის ნაბიჯებს შედეგი, არავინ იცის.
„აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 4.9 პროცენტი შეადგინა. მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ერთჯერადი ფაქტორები, მაგალითად, სიგარეტზე აქციზის გადასახადის ზრდა (წვლილი - 0.8 პროცენტული პუნქტი), კვლავ რჩება წლიური ინფლაციის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნების ერთ-ერთ მიზეზად. ამავე დროს, ბოლო პერიოდში გაიზარდა ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გავლენა.
ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული გაუფასურება ინფლაციურ მოლოდინებს აძლიერებს. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის შესახებ. ამასთან, კომიტეტი მზად არის ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის შესუსტებამდე გააგრძელოს პოლიტიკის გამკაცრება.
პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში, რომელსაც ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტად ადანაშაულებენ ლარის გაუფასურებაში.
სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ბოლო პერიოდში სულ უფრო ცდილობს თავისი კომენტარებით დადებითი განწყობა შექმნას სავალუტო ბაზარზე, მაგრამ არ გამოსდის. ამჯერადაც მან ის პროცესი განმარტა, რამაც ბოლო თვეებში ლარის გაუფასურებას შეუწყო ხელი.
„თავიდანვე განვაცხადეთ, რომ საგარეო შოკი საქართველოსთვის გამოიხატა ავიასანქციების და სხვა შესაძლო ფორმალური თუ არაფორმალური სავაჭრო სანქციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, რამაც კურსის გაუფასურების მოლოდინი გააჩინა. როდესაც მოხდა ამ ინფორმაციის გავრცელება, ისინი, ვისაც უცხოური ვალუტა ჰქონდათ გასაყიდი, თავს იკავებდნენ გაყიდვისგან უფრო მაღალი კურსის მოლოდინით, ხოლო უცხოური ვალუტის მყიდველები, მომავალში კურსის გაუფასურების შიშით უფრო აქტიურად იწყებდნენ შესყიდვებს, რამაც შექმნა მოლოდინი, რომ კურსი გაუფასურდებოდა. ანუ თავიდანვე, მიუხედავად იმისა, რა შედეგი იქნებოდა ივლისში ან თუნდაც აგვისტოში, ეს მოლოდინების არხი ამოქმედდა.
ჩვენ ვხედავთ, რომ კურსის გაუფასურების პარალელურად მცირდება მოთხოვნა იმპორტზე, რის შედეგადაც სავაჭრო ბალანსი იმაზე უფრო მეტად უმჯობესდება, ვიდრე ეს მანამდე იყო პროგნოზირებული. ასე რომ, გარკვეულწილად, ეს აბალანსებს იმ დანაკლისს ტურიზმის შემოსავლებში, რომელიც ექნება ქვეყანას. რადგანაც სავაჭრო ბალანსის წინასწარი მონაცემები უმჯობესდება, ეს ნიშნავს, რომ მან პოზიტიურად უნდა იმოქმედოს გაცვლით კურსის მომავალ დინამიკაზე”, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ასეთი ზოგადი და არაფრისმთქმელი კომენტარებით საზოგადოების თვალის ახვევა ვეღარ ხერხდება. ეკონომისტები კი კარგა ხანია ღიად ამხელენ ეროვნული ბანკის უსუსურობას. პროფესორი ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ ყველაფერი სისტემის ხელმძღვანელების არაკომპეტენტურობის შედეგია.
„ლარის გაუფასურება არის იმ მცდარი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ახორციელებს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც რეფინანსირების სესხებს ზრდის და ამით ზრდის ფულის მასის მიწოდებას. იმავდროულად სებ-ის ხელმძღვანელობა, თავისი ჭკუით, ცდილობს საზოგადოებას წაუკითხოს „ლექციები“, თითქოსდა ფულის მასის ზრდას არ აქვს არანაირი ზეგავლენა არც ინფლაციაზე და არც გაცვლით კურსზე, რაც არის აბსოლუტური უცოდინრობა.
სამწუხაროდ, დღეს ასეთი უპასუხისმგებლო ხელმძღვანელობა ჰყავს საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომელიც თავისი შეცდომებით ანგრევს სისტემას, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით იქმნებოდა“, - აცხადებს „კომერსანტთან“ ლადო პაპავა.