დევიძის შეწყალებისთვის პრეზიდენტს არც ოპოზიცია წყალობს და არც პოზიცია

დევიძის შეწყალებისთვის პრეზიდენტს არც ოპოზიცია წყალობს და არც პოზიცია

პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის, რამაზ დევიძის შეწყალება პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. უმრავლესობა პრეზიდენტისგან განმარტებას ითხოვს, რატომ შეიწყალა მან თარაშ მუკბანიანის მკვლელი. პრეზიდენტი ამბობს, რომ ნამდვილად არ იტყვის, რატომ შეიწყალა მკლველობაში ეჭვმიტანილი. სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს პრეზიდენტის უფლებას ახსენებს, რომელიც მას მსჯავრდებულების შეწყალების დისკრეციას აძლევს.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევიძე, რომელიც ბათუმში პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. დევაძეს 2015 წელს 12 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.

გახმაურებული მკლელობა 2014 წლის 27 დეკემბერს, ბათუმში ღამის კლუბ „ლეგასში“ მოხდა. 22 წლის პოლიციელი, თარაშ მუკბანიანი ამ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა თან ჰქონდა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი. ის სწორედ ამ იარაღიდან გასროლის შედეგად დაიღუპა. რამაზ დევაძე იმავე ღამეს, სარფის საბაჟოზე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ის ქვეყნის დატოვებას აპირებდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სპორტსმენს 12 წლით, ხოლო მის თანმხლებ პირს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რამაზ დევაძის ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიება არასწორი მუხლით წარიმართა - იყო გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა და არა განზრახ მკვლელობა. დავით ჯაფარიძის თქმით, ის ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გაასამართლეს, რადგან პოლიციელი იყო დაღუპული.

„შემთხვევის დროს მუკბანიანი არ გახლდათ პოლიციელი. ის მეგობარ უზბეკ გოგონასთან ერთად ერთობოდა დისკო ბარში. ბესიკ მამულაძემ, რომელიც რამაზ დევაძესთან ერთად იყო კლუბში, ამ გოგონას მოუსვა ხელი საჯდომზე, რაც გააპროტესტა მუკბანიანმა და მათ შორის მოხდა დაპირისპირება.

დევაძე გასაშველებლად მივიდა მაშინ, როცა მუკბანიანმა იარაღი ამოიღო, სროლა დაიწყო და დაჭრა სრულიად უცნობი ორი ადამიანი. დევაძემ წაართვა მას იარაღი. იატაკზე დაგდებული მუკბანიანი სხვა პირებმა სცემეს, რომლებიც არ დასჯილან. დევაძე იღებდა ტყვიას იარაღიდან, რომელიც არის ძველი და ძალიან ცუდი. ამ დროს მუკბანიანი დგება იატაკიდან და ლოყაში ხვდება შემთხვევით გასროლილი ტყვია“, – აცხადებს დავით ჯაფარიძე.

რაც შეეხება პრეზიდენტის შეწყალებას, აცხადებს, რომ აღსრულდა მართლმსაჯულება, რადგან დევაძეს პოლიციელი განზრახ არ მოუკლავს და ეს შემთხვევითობა იყო.

„ეს იყო შემთხვევითობა. დევაძე პოლიციელსა და ერთ პირს შორის გაშველების მიზნით ჩაერთო საქმეში, ვიდეომტკიცებულებებში კარგად ჩანს ეს. სხვათა შორის, ვიდეოში ისიც გამოჩნდა, რომ მის წინააღმდეგ გამოყენებული მოწმეები შემთხვევის ადგილზე არც იმყოფებოდნენ. სამი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა მტკიცებულებები, პრეზიდენტის ეს აქტი იყო მართლმსაჯულების აღსრულება“, – აცხადებს დავით ჯაფარიძე.

ასეთია გახმაურებული მკვლელობის ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი მის უფლებაზე საუბრობს, რომელიც მას მსჯავრდებულების შეწყალების დისკრეციას აძლევს, იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძის შეწყალების საკითხი სამინისტროსთან ან პენიტენციურ სამსახურთან განხილული არ ყოფილა.

„ვფიქრობ, რომ როდესაც სახეზეა პოლიციელის, ჯარისკაცის, ესკორტის ოფიცრის ან ისეთი ადამიანის მკვლელობა, რომელიც არის სახელმწიფოს სახე, სახელმწიფოს წარმომადგენელი, მათი სიცოცხლის ხელყოფისთვის დაკავებულების შეწყალება არ უნდა მოხდეს. მე ამას ვისურვებდი“, – აცხადებს თეა წულუკიანი.

რამაზ დევიძის შეწყალებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში პოზიციები განსხვავებულია. იუსტიციის მინისტრისგან განსხვავებით, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, პარლამენტი ვერ ჩაერევა მის უფლებამოსილებაში. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტს აღნიშნულზე საკუთარი არგუმენტები ექნება.

„შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და ხელისუფლების შტოები არის ერთმანეთისგან ძალიან მკაფიოდ გამიჯნული, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, ბუნებრივია, პარლამენტი ვერ ჩაერევა და არ ჩაერევა პრეზიდენტის უფლებამოსილებასა და კომპეტენციაში. ეს იყო მისი გადაწყვეტილება, დარწმუნებული ვარ, რომ მას თავისი არგუმენტაცია ექნება ამასთან დაკავშირებით“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება ძალიან მძიმეა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტმა და იმ ჯგუფმა, ვინც შეწყალების საკითხზე მუშაობდა, უნდა გააკეთონ ახსნა–განმარტება.

„ფაქტი რაც მოვისმინეთ, არის ძალიან მძიმე. საქმეს მე შინაარსობრივად არ ვიცნობ და ვერც მეცოდინება. თვითონ გადაწყვეტილება არის ძალიან მძიმე. ამაზე, ალბათ, თვითონ უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა ახსნა–განმარტება და იმ ჯგუფმა, კომისიამ, ვინც მუშაობდა ამ შეწყალებასთან დაკავშირებით თუ რასთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სალომე ზურაბიშვილისგან განმარტებას ითხოვს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. სოფო კილაძის განცხადებით, კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი თავად მოჰფენდა ნათელს, რა არგუმენტების გათვალისწინებით მიიღო პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების გადაწყვეტილება. როგორც სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კონსტიტუციის მიხედვით, თავად პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუ ვის შეიწყალებს და ამ შემთხვევაში ერთადერთი, რაც პარლამენტს შეუძლია, არის ის, რომ პრეზიდენტს კითხვები დაუსვას.

„როდესაც ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ბუნებრივია, საზოგადოებას უჩნდება კითხვები, რადგან საქმე გვაქვს პოლიციელის მკვლელობასთან, იმ პოლიციელის, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს სახელს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა თუ პრეზიდენტი ამ კითხვებზე პასუხს გასცემდა და თავად მოჰფენდა ნათელს, თუ რა არგუმენტების გათვალისწინებით მიიღო მან ეს გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება, ჩვენ ამას წინა პრეზიდენტის შემთხვევაშიც ასე ვამბობდით. კარგი იქნება, თუ ის თავის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საზოგადოებას არგუმენტებს გააცნობს“, –აღნიშნა სოფო კილაძემ.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არყევს სახელმწიფოს ფუნდამენტს, პოლიციელები და მოქალაქეები ვეღარ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ. „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილება სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, რადგან საქმე ეხება პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებას.

„ეს სამართალდამცველებს მოტივაციას უკარგავს, მოქალაქეებს კი – უსაფრთხოების შეგრძნებას. დევაძის გათავისუფლება კრიმინალურ ავტორიტეტებს უკავშირდება, რომლებიც მას მფარველობენ, კონკრეტულად კი - ლავას ოღლის. ლავას ოღლის ე.წ. ავტორიტეტის გუნდის წევრია. ის არის ლავას ოღლის დაჯგუფების წევრი, კრიმინალური ავტორიტეტის, რომელიც აგვარებს შავ საქმეებს ბათუმში და ეხმარება არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“. როდესაც შენ იყენებ კრიმინალურ სამყაროს არჩევნებზე, ცხადია, ვალში ხარ მასთან და სწორედ ამ ვალის გადახდად შეგვიძლია, შევაფასოთ დევაძის შეწყალება“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა აუცილებლად უნდა განმარტოს, ვისი რეკომენდაციით შეიწყალა პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე.

„გასაგებია, რომ სალომე ზურაბიშვილს დაავალეს ამ გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა და ისიც გასაგებია, ვინ დაავალა, თუმცა ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, დასახელდეს ის კონკრეტული პიროვნება ან პიროვნებები, რომლებმაც რეკომენდაცია გაუწიეს მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებას. ეს არის შეურაცხყოფა ყველა იმ პოლიციელის, რომელიც დღეს პატიოსნად ემსახურება ჩვენს ქვეყანას. როგორ უნდა იგრძნოს რიგითმა მოქალაქემ თავი დაცულად ამ ქვეყანაში, როდესაც თვითონ პოლიციელები არ არიან დაცული“?! – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

Katana : თუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ავტორი აღწერს და ამის დამადასტურებელი ვიდეოც არსებობს, მაშინ გასაგებია პრეზიდენტის საქციელი...
მაგრამ არ არის გასაგები მართლმსაჯულების საქციელი, რომელმაც, როგორც ჩანს, იმოქმედა პრინციპით - პოლიციელი არ უნდა გამტყუნდეს არავითარ შემთხვევაში, რადგან პოლიციელის გამტყუნება სახელმწიფოს გამტყუნება გამოვა: პოლიციელი "სახელმწიფოს სახეს" წარმოადგენსო!
მე არ ვიცი, მაინცდამაინც პოლიციელი რატომ წარმოადგენს სახელმწიფოს სახეს და არც ის ვიცი, რატომ არ შეიძლება გამტყუნდეს ნებისმიერი პირი, რომელიც არ არის მართალი მოცემულ შემთხვევაში!..
მოგეხსენებათ, აშშ პრეზიდენტი ნიქსონი, რომელმაც ომი შეწყვიტა და ჯარი გამოიყვანა ვიეტნამიდან, დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა ჩინეთთან, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის შეზღუდვის შეთანხმების და საბჭოთა კავშირთან დაძაბულობის შენელების ინიციატორი იყო და ა.შ., უპრობლემოდ გადააყოლეს კონკურენტი პარტიის შტაბის მოსმენას ("უოტერგეიტის საქმე") და რომ არ გადამდგარიყო, იმპიჩმენტი ჰქონდა გარანტირებული!..
- ხომ ვერ ვიტყვით, ქვეყნის სახეს აშშ-ს პრეზიდენტი კი არა, რიგითი პოლიციელია წარმოადგენსო?!
4 წლის უკან
thrgg@yahoo.com როდესაც პოლიციელი სამსახურბრივ მოვალეობას არ ასრულებს, ის ჩვეულებრივი მოქალაქეა და მას ისევე მოეთხოვება პასუხი, როგორც ყველა მოქალაქეს. სამწუხაროდ ამ პოლიციელს სამოქალაქო ფორმა ეცვა, არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ბარში ერთობოდა მეგობარ უზბეკ გოგონასთან და ამ დროს ვიღაცამ ამ გოგონას არამართლზომიერი ქმედება მიაყენა, ამის გამო მან სროლა ატეხა, რაც ასევე არამართლზომიერი ქმედებაა, დაჭრა ორი უცნობი პირი, რაც უკვე დამამძიმებელი მდგომარეობაა და ამის შემდეგ მას ართმევენ იარაღს და თავისივე იარაღიდან შემთხვევით გავარდნილი ტყვიით (რაც ასევე გამოსაძიებელია) კვდება, ამ შემთხვევაში გარემოებები შესწავლილი უნდა იქნეს როგორც სამოქალაქო სისხლის სამართლის დანაშაული და არაფერ შუაში არ არის სახელმწიფო პოლიციის ინსტიტუტი და პოლიციელზე ხელის აღმართვა. პოლიციელი რომ სამოქალაქო ფორმაში ან ფორმით რომ უდანაშაულო ხალხს იარაღით დაერიოს, თავის საქციელზე პასუხი არ უნდა აგოს?
აბა დაფიქრდით და ისე გამოიტანეთ დასკვნები...
პოლიციაში სამსახური არ ათავისუფლებს ადამიანს პირადი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისაგან, ასეა ეს...
4 წლის უკან