დენი ალბათ არ გაძვირდება, გაზის ტარიფი კი შეიცვლება

დენი ალბათ არ გაძვირდება, გაზის ტარიფი კი შეიცვლება

სემეკმა ბუნებრივი აირის ტარიფების გადახედვის პროცესი დაიწყო. ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას 180 დღე აქვს იმისთვის, რომ ახალი ტარიფი დაადგინოს, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება. სავარაუდოა, რომ დენის ტარიფი უცვლელი დაჩება, მაგრამ გაზი გაძვირდება. ენერგოსექტორი ლარის მუდმივი გაუფასურების გამო დიდ წნეხშია.

სემეკს კომპანიებმა ახალი სატარიფო განაცხადით უკვე მიმართეს. მათ წარმოდგენილი აქვთ საკუთარი ფინანსური მაჩვენებლები - შემოსავლები, დანახარჯები - სწორედ ამ დოკუმენტაციის საფუძველზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მარეგულირებელმა. ლარის დევალვაციიდან გამომდინარე არსებობს რეალური საფრთხე, რომ გაზი გაძვირდეს.

„წინა წელსაც გვქონდა ასეთი შემთხვევა, იყო საუბარი იმაზე, რომ გაიზრდებოდა ტარიფი, მაგრამ მოხდა გაზის მომწოდებელ აზერბაიჯანულ კომპანისთან შეთანხმება სახელმწიფოს მიერ, დაბალ ფასად მოგვაწოდეს გაზი და არ გახდა საჭირო გაძვირება. ახლაც შეიძლება იგივე განმეორდეს. ვერც ერთი კომპანია ვერ განსაზღრავს იმას, მისი ტარიფი გაიზრდება თუ არა. ეს დამოკიდებულია სემეკზე“, - აცხადებს შპს „ვარკეთილაირის“ დირექტორის მოადგილე იპოლიტე გაფრინაშვილი.

გარდა ბუნებრივი აირის ტარიფისა, არსებობს საშიშროება, რომ გაიზარდოს ელექტროენერგიის გადასახადიც. სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი გივი სანიკიძე ამბობს, რომ კომისიაში იწყებენ ადმინისტრაციულ წარმოებას, რომ მოხდეს მარეგულირებელი აუდიტი, ანუ დეტალურად გააანალიზდეს და შეისწავლონ ყველა ის კომპონენტი, რომელიც კორექტირებას მოითხოვს.

„ანალიზის ფარგლებში გამოვლინდება მიზანშეწონილი, გონივრული დანახარჯი, რომელიც უნდა ყოფილიყო გაწეული, ანუ დადგინდება საბოლოო მაჩვენებლები და ის თუ დარჩა 10%-იანზე მაღალ მაჩვენებელში, საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია მიიღებს. თუ საბოლოო აუდიტის შედეგად დადასტურდა ის, რომ მიზანშეწონილი გონივრული დანახარჯის ოდენობა საკორექტირო კომპონენტების ნაწილში აჭარბებს მთლიანი შემოსავლის 10%-ს, მაშინ პირველი იანვრიდან ახალი ტარიფი დადგინდება „სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“, - განუცხადა „ბიემს“ სანიკიძემ.

მისივე ინფორმაციით, 2020 წელს ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გადახედვა არ იგეგმება, რასაც იზიარებენ ენერგეტიკსოებიც, მაგრამ ამბობენ იმასაც, რომ გაზის გადასახადის შენარჩუნების შანსი ძალიან მცირეა. ენერგეტიკოსი გია არაბიძის აზრით, ელექტრონერგიის ტარიფის მხრივ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა.

„მესმის, ლარის კურსთან დაკავშირებული პრობლემა არის, მაგრამ ეს ფაქტორი ბოლომდე ვერ მოახდენს გავლენას. თანაც, გასათვალისწინებელია, რომ სემეკს შეუმცირდა ტარიფის დასადგენი სეგმენტი - თავისუფალ ბაზარზე დიდი მომხმარებლები გასული არიან, ამიტომ შეძლებენ ტარიფი დაარეგულირონ ისე, რომ ამან კომუნალურ გადასახადზე არ იმოქმედოს.

საბოლოო ჯამში, ისე მიდის საქმე, რომ მოსახლეობას გადასახადი არ უნდა გაუძვირდეს. შესაძლოა, უმნიშვნელო ცვლილება მოხდეს, მაგრამ უშუალოდ განაწილებისა და გატარების კომპონენტებში. შარშან ამ დროს გაზის გადასახადი შეიცვალა, მაგრამ იმდენად უმნიშვნელოდ დაკორექტიტრდა, რომ მთლიანობაში სამომხმარებლო ტარიფი არ შეცვლილა“, - ამბობს არაბიძე და ვარაუდობს, რომ წელს ვითარება შეიცვლება და ბუნებრივი აირი მცირედით გაძვირდება.