ევროპარლამენტში სააკაშვილის ბოლო გამოსვლის შემდეგ ქართული მხარე მოსკოვისგან შემხვედრ ნაბიჯებს მოელის. რუსულ სახელისუფლებო წრეებში უკვე გაჟღერდა, რომ ისინი დიალოგზე უარს არ ამბობენ, თუ თბილისი ძალის გამოუყენებლობის დაპირებას იურიდიულად გააფორმებს.
საინტერესოა, რომ ბოლო დღეებში ახალი ნოტები გაჩნდა მარიონეტების ლექსიკაშიც. თუ აქამდე ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების მხოლოდ მათთან გაფორმებას მოითხოვდნენ, ახლა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ცალმხრივად აღებულ ვალდებულებაზეც ყაბულს არიან.
აფხაზთა „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ მაქსიმ ღვინჯიამ ისიც კი განაცხადა, რომ ასეთი გამოსავალი ქართულ მხარეს სწორედ მათ შესთავაზეს ჟენევის დისკუსიებზე. ანუ ის, რომ თბილისს ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტი ცალმხრივად გაეროში გადაეგზავნა. სააკაშვილმა სტრასბურგში განაცხადა, რომ სამშვიდობო განაცხადს ყველა წამყვან საერთაშორისი სტრუქტურაში მიიტანს.
აწი ბურთი და მოედანი კრემლის და მათი მარიონეტების ხელშია. საერთაშორისო თანამეგობრობამ თბილისის ეს ნაბიჯი ხაზგასმით დადებითად შეაფასა და მოსკოვს ანალოგიური დამოკიდებულებისკენ მოუწოდა. ამ კონტექსტში რუსულ მედიაშიც (ხელისუფლების მიერ კონტროლირებადში) გაჟღერდა, რომ კრემლი გარკვეული საპასუხო ნაბიჯებისთვის ემზადება.
ძალის გამოუყენებლობის განაცხადს თბილისშიც დადებითად შეხვდნენ. ექსპერტები მხოლოდ იმაზე ჩივიან, რომ ამის გაკეთება გაცილებით ადრე შეიძლებოდა, თუნდაც - 2008 წლის აგვისტოს ომამდე. თუმცა ანალიტიკოსები „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ პრინციპიდან გამოდიან და დიალოგის გაყინული წერტილიდან დაძვრას მოელიან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ მოსკოვის პოზიცია შეიცვლება. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცლებულ განცხადებაში.
„ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, იმედი გვაქვს, რომ მოსკოვის პოზიცია შეიცვლება და ძალის გამოყენების საფრთხის შესახებ უსაგნო რიტორიკიდან ვალდებულებების შესრულებაზე და ქმედითი ნაბიჯების პოლიტიკაზე გადავა.
მნიშვნელოვანია, მოსკოვმა და საოკუპაციო რეჟიმებმა განაგრძონ კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებში. სამწუხაროა, რომ უკანასკნელი 13 რაუნდის განმავლობაში ჟენევის მოლაპარაკებებზე ვერ მოხერხდა მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა, იმის გამო, რომ რუსეთი და საოკუპაციო რეჟიმები არ იყვნენ დაინტერესებულნი ამ მოლაპარაკებებზე შედეგის მიღწევით.
იმედი გვაქვს, მომდევნო რაუნდებზე მოსკოვის და მისი მარიონეტული რეჟიმების ჩართულობა ჟენევის მოლაპარაკებებში გაიზრდება და შესაძლებელი იქნება ისეთი მოდალობების შემუშავება, რომელიც მიგვიყვანს ამ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დამყარებისკენ და სამშვიდობო და საპოლიციო ძალების შესვლისკენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცება და დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნება.
„მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაციას და საქართველოს შორის დაიწყოს მაღალი დონის დიალოგი არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტში 23 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებამდე რამდენჯერმე მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას მსგავსი დიალოგისკენ, მათ შორის, გაეროს მაღალი ტრიბუნიდან. იგივე მოწოდება მრავალჯერ იქნა გაჟღერებული ქართველი დიპლომატების მიერ როგორც ოფიციალურად, ისე არაოფიციალურად, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის, ეუთოს მუდმივ საბჭოზე. იგივე გზავნილი ექნება საქართველოს დელეგაციას ასტანაში, ეუთოს სამიტზე. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მიერ გაწვდილი ხელი უმისამართო არ იქნება და შესაძლებელი გახდება დიალოგის დაწყება ორ ქვეყანას შორის არსებულ ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე საკითხებზე“, - აცხადებენ სამინისტროში და აღნიშნავენ, რომ რუსეთის ფედერაციისგან ქმედითი საპასუხო ნაბიჯების გადადგმას და იმ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შესრულებას ელოდებიან, რომელიცსაფრანგეთის და საქართველოს პრეზიდენტების წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს აიღო.
„იმედი გვაქვს, რომ როგორც ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, ისე სხვა ფორმატებში წარმოებული დიალოგის შედეგად შესაძლებელი გახდება რუსეთის ფედერაციის მიერ მისი საერთაშორისო სამართლებრივი და 12 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება -
შეიარაღებული ძალების გაყვანა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემა, დევნილების ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება, საერთაშორისო ორგანიზაციების დაშვება ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში, თავისუფალი გადაადგილების აღდგენა საოკუპაციო ხაზზე, ჟენევის მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობა და საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით დააკვირდება რუსეთის ფედერაციის რეაქციას საქართველოს პრეზიდენტის მიერ აღებულ ვალდებულებაზე და დაელოდება საპასუხო ნაბიჯებს როგორც ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდებზე, ისე ასტანას სამიტზე და სხვა, მათ შორის, ორმხრივ ფორმატებში.
თავის მხრივ ოფიციალური პარიზი საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივას მხარს უჭერს და თბილისისსა და მოსკოვს დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ საქართველოში საფრანგეთის საელჩოდან აცნობეს, სააკაშვილის აღნიშნულ ინიციატივას საფრანგეთის სახელმწოფო მინისტრი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიშელ ალიო-მარი გამოეხმაურა.
„საფრანგეთი მიესალმება საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მიერ სატრასბურგში ევროპარლამენტის წინაშე საზიმოდ აღებულ ვალდებულებას არასდროს გამოიყენოს ძალა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დასამყარებლად და იქ მყოფი რუსი სამხედროების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, საფრანგეთი მხარს უჭერს პრეზიდენტ სააკაშვილის მზადყოფნას გამართოს დიალოგი რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან.
„აღნიშნული ვალდებულებები წარმადგენენ მკაფიო ნაბიჯს კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აღნიშნულის კონტექსტში, საფრანგეთი მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა მხარეს, მიიღონ „ეს გამოწვდილი ხელი ნდობის გამოხატვით, მათ შორის პატიმრების გათავისუფლებითა და საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თავისუფლად გადაადგილების ნებართვით“.
„საფრანგეთი კვლავ მოუწოდებს რუსეთს 2008 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ხელმოწერილი შეთანხმებების შესრულებისკენ. იგი ასევე მოუწოდებს საქართველოსა და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებს განაახლონ დიალოგი. საფრანგეთი ყოველთვის მიესალმებოდა და პატივს სცემდა საქართველოს დამოუკიდებლობას, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთვლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.