ტრამპის თქმით მას ირანში რეჟიმის ცვლილება არ სურს

ტრამპის თქმით მას ირანში რეჟიმის ცვლილება არ სურს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს იხილოს ძლიერი ირანი და არ ესწრაფვის ოფიციალური თეირანის ხელისუფლების ცვლილებას. ამასთან, დასძინა, რომ რიგითი ირანელების ცხოვრების სტანდარტი მიუღებელია. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს „დიდი შვიდეულის“ სამიტზე განუცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"მსურს უკეთესი, ძლიერი ირანი, ჩვენ არ გვსურს ირანში რეჟიმის ცვლილება. თქვენ უკვე ნახეთ როგორ მუშაობს ეს ბოლო 20 წელია, რაც არც თუ ისე კარგია", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის თქმით, არ გაჰკვირვებია, როდესაც საფრანგეთმა სამიტზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვია, რაც მიზნად ისახავდა ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობის განმუხტვას. ტრამპის განცხადებით, მოჰამედ ჯავად ზარიფთან ასეთი ტიპის შეხვედრა ჯერ ნაადრევია.

25 აგვისტოს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი მოულოდნელად ჩავიდა საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში, სადაც „დიდი შვიდეულის“ სამიტი მიმდინარეობს.

მისმა გამოჩენამ დიპლომატიურ წრეებში დაბნეულობა გამოიწვია. თეთრი სახლის წარმომადგენელმა თქვა, რომ დონალდ ტრამპი ამის შესახებ არ იყო ინფორმირებული. როგორც ცნობილია, ტრამპის ადმინისტრაციამ ირანელ დიპლომატს გასულ თვეს სანქციები დაუწესა.

ფრანგულ დიპლომატიურ წრეებში გავრცელებული ცნობით, ემანუელ მაკრონმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტროს ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ამერიკელ კოლეგას გუშინ გამართულ ლანჩზე მიაწოდა. სხვა კოლეგებს კი ამის შესახებ სადილის დროს აცნობა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაადასტურა, რომ ზარიფის ვიზიტის შესახებ ირანელი დიპლომატის ბიარიცში ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე შეიტყო.

თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ზარიფი მოლაპარაკებას 2015 წლის ბირთვული პროგრამის შეთანხმების გადარჩენაზე აპირებს და მის გეგმებში სარაკეტო პროგრამის განხილვა არ შედის. მისივე ცნობით, ტრამპთან და აშშ-ის დელეგაციასთან მოლაპარაკება დაგეგმილი არ არის.

საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში „დიდი შვიდეულის“ სამიტი 24 აგვისტოს დაიწყო და 26 აგვისტოს დასრულდება. „დიდი შვიდეული“ გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, დიდ ბრიტანეთს, კანადას, აშშ-სა და იაპონიას აერთიანებს.