ტურისტები 3-4 დღით ქირაობენ ნომრებს და მინიმალურს ხარჯავენ

ტურისტები 3-4 დღით ქირაობენ ნომრებს და მინიმალურს ხარჯავენ

სტატისტიკურად ტურიზმი მაინცდამაინც არ შემცირებულა, ვიზიტორებიც შემოდიან ქვეყანაში და არც მომსახურება გაიაფებულა. რეალურად კი ვითარება სხვაგვარია. ზღვისპირეთში მდებარე სასტუმროების მეპატრონეები ამბობენ, რომ ტურისტები მხოლოდ 3-4 დღით ქირაობენ ნომრებს და მინიმალური დანახარჯით ცდილობენ კურორტზე რამდენიმე დღის გატარებას.

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის ივლისში საქართველოს ტურისტულმა ინდუსტრიამ 374.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 57.8 მლნ დოლარით, ანუ 13.3%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 2018 წლის ივლისში ტურიზმიდან შემოსავალი 432.5 მლნ დოლარი იყო.

ამ დროს კი ვიზიტორების რაოდენობა იზრდება. სებ-ის ანგარიშის მიხედვით, ივლისში ქვეყანაში სულ 1 127 მლნ ვიზიტორები შემოვიდა, რაც 44 ათასით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2018 წლის ივლისში ქვეყანას 1 083 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია. გაზრდილია ტურისტების რაოდენობაც, თუ 2018 წლის ივლისში ვიზიტორებიდან 565 000 იყო ტურისტი, წელს ივლისში 570 500 ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.

რაც შეეხება 2018 წლის სტატისტიკას, შარშან ქვეყანას 8 326 მლნ უცხოელი ვიზიტორი ესტუმრა, საიდანაც 4 757 მლნ იყო ტურისტი. ტურიზმიდან შემოსავალმა კი 3 222 მლრდ ლარი შეადგინა.

საინტერესოა ამ ფონზე როგორ შეიცვალა სასტუმროების ფასები. „ბიზნესპრესნიუსმა“ საქართველოს 5 რეგიონში მდებარე სასტუმროებში ერთი ღამის ფასი შეადარა.

ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს თბილისი და ბათუმი წარმოადგენს. ამას მოსდევს კახეთი, სვანეთი და იმერეთი, უფრო კონკრეტულად, ქუთაისის ტერიტორია. „ჰოტელჰაბ.ჯი“-ს ინფორმაციით, თბილისის სასტუმროებში ფასები 10-12 პროცენტით არის შემცირებული. ასევე, 10-პროცენტიანი კლება შეინიშნება ბათუმში, ხოლო კახეთში 5-პროცენტიანი. ამავე სეზონზე, სასტუმროებში ფასები 5 პროცენტით გაიზარდა ქუთაისსა და სვანეთში.

სავარაუდოდ, შექმნილმა მოლოდინმა განაპირობა ის, რომ ტურისტებში ყველაზე პოპულარულ ქალაქებში თბილისსა და ბათუმში და ასევე, კახეთის რეგიონში, სადაც არაერთი მაღალი კლასის სასტუმრო მდებარეობს, ფასები 5-12 პროცენტით შემცირდა.

საქართველოში არსებულ სასტუმროებს შორის ყველაზე მაღალი მოთხოვნა 3-ვარსკვლავიან, 4-ვარსკვლავიან და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებზეა. ბოლო 20 000 ტურისტის ვიზიტის საფუძველზე მიღებული მონაცემების თანახმად, დასავლეთ ევროპიდან შემოსული ტურისტები უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას 4 და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპიდან შემოსული ნაკადი.

შესაძლოა სტატიტიკა უფრო დადებით სურათს აჩვენებს, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. რამდენიმე დღის წინ სწორედ მცირე და საშუალო სასტუმროების მეპატრონეებმა საპროტესტო აქცია გამართეს ქობულეთის და ხელისუფლებას საბანკო ვალების გასტუმრებაში დახმარებისკენ მოუწოდეს, რადგან ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო ვალის გადახდას ვეღარ ახერხებენ.

ტურისტების რიცხვის შემცირების გამო, სასტუმროები რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. სტუმრები ჩამოდიან, მაგრამ კურორტებზე მხოლოდ მცირე ხნით - 3-4 დღით რჩებიან. ამ ფონზე აქციის მონაწილეები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ ვალების რესტრუქტურიზაციაში ან პროცენტების სუბსიდირებაში, რომლებიც მათ ტურისტული სეზონის დაწყებამდე აღებული კრედიტისთვის უნდა გადაიხადონ.

მომიტინგეების განცხადებით, გაუქმებულია ჯავშნები. ზოგიერთი მეწარმის ზარალი ჯავშნების მოხსნის გამო 80 ათას ლარს აღწევს. საბანკო ვალის გადახდის დაწყების ვადა 20 აგვისტოა.

ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის განცხადებით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება მეწარმეების პრობლემების გადაწყვეტისთვის ერთობლივ მუშაობას უკვე შეუდგა.

 

ლაზი თუ ტურისტების რაოდენობა 44 ათასით გაიზარდა, ხოლო შემოსავალი 57 მილიონით შემცირდა, დასკვნა მარტივია, მაღალ ბიუჯეტიანი ანუ მხარჯველი ტურისტების რიცხვი შემცირებულა. გამოდის, რომ რუსები მაღალბიუჯეტიანი ტურისტები ყოფილან, არადა პირიქით ითვლებოდა.
ისე ქვეყანა რომ ტურისტების იმედზე იქნება მიჩერებული, იმ ხალხს დიდი ეკონომიკური მომავალი არ აქვს. არ არის ტურიზმი სტაბილური და სერიოზული ბიზნესი და იმიტომ.
სხვა საქმეა სასტუმრო ბიზნესი, რომელიც ტურისტებზე კი არა, ძირითადად საქმიან ვიზიტორებზეა ორიენტირებული.
ტურიზმი რომ ქვეყანას აშენებდეს, კანარის კუნძულებზე ადგილობრივები კუვეიტელებივით უნდა ცხოვრობდნენ, მაგრამ სინამდვილეში რა დღეშიც არიან ცნობილია.
5 წლის უკან
Serapina ზოგადად, სახელმწიფოს მართვას, რომელიმე თუნდაც მცირე სეგმენტის გონივრულად ფუნქციონირებას, ჭირდება არა გენიოსები, ხუთ დიპლომიანები, ან 25 წლის პროფესორის ტიტულის მქონე ადამიანები... არამედ, კომპლექსურად მოაზროვნე ადამიანები. ამ უკანასკნელზე,ნურც იმათ ექნებათ პრეტენზია, (90-იანებიდან მოყოლებული დღემდე ასეა), ქართულ პოლიტიკაში მყოფი ოჯახის წევრების მიერ გაკვალული, უცხოეთის გზა რომ მოიარაეს. ეს ის გზაა, თავგამოდებით რომ უნახავს შვილებს და შვილიშვილებს ქართველი თავადაზნაურობა....იმ იმედით, რომ გლეხების შვილებსა და შვილიშვილებზე უპირატესობა შეინარჩუნონ! ჰოდა, ეგ დიპლომ-სერტიფიკატები კი ჩამოიტანეს ამ ბატონების შთამომავლებმა მაგრამა... რაც ისწავლეს და იციან, ეს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე აისახება. ყველა სფერო, განათლების გარდა, მიშვებული და იმპროვიზაციის ამარაა დატოვებული. რაც შეეხება განათლების სფეროს... აქ, მართული და კონტროლირებული დაჩლუნგების პრინციპი მოქმედებს...ასე რომ მაგათ, იმპროვიზაციაზეც არ მიუწვდებათ ხელი.
ამიტომაც არის რომ ქართული რეალობის მომწყობი/როლების გამნაწილებელი რეჟისორის მოკრძალებული სურვილი, მოსამსახურებად მაინც ვივარგოთ, ვერ ასრულდა.
...არადა, ამბიციურობას ვერ დავაბრალებთ.
სხვისი ოცნებები რა ჩვენი სადარდელიაო, გაგიკვირდეთ იქნებ...
აბა, ჩვენი არ გვაქვს!
5 წლის უკან