ვარშავული ნიუ-მიშიზმი

ვარშავული ნიუ-მიშიზმი

სააკაშვილს, როგორ ჩანს, დაბეჯითებით ურჩიეს - მარტო ლანძღვა-გინებითა და რევოლუციისკენ მგზნებარე მოწოდებებით შორს ვერ წახვალ, „კონსტრუქციული“ ხომ უნდა თქვა რამეო! არა მხოლოდ ურჩიეს, არამედ გადაიღეს კიდეც კლიპში, სადაც იგი ვარშავაში ჩასული და საქართველოში ამომავალი მზის როლს თამაშობს!

„საქართველოში უნდა გათენდეს“ - ეს არის ამ კლიპის დევიზი. რასაკვირველია, ესეც „მიშა მაგარიას“ გადამღერებაა. ოღონდ „მიშა მაგარია“ მაშინ იმღერება, როცა იგი ხელისუფლებაა. როცა ოპოზიციაა, მაშინ, ცხადია - ბნელით მოცული ქვეყნის გამთენებელ-გამნათებელი ამომავალი მზე უნდა იყოს, ზუსტად ისე, ყვარყვარე რომ იტყოდა, უბრალოდ და გასაგებად, როცა რევოლუცია მოხდა: „იყო ბნელი და უკუნი. მოხდა რევოლუცია და ამოვიდა მზე. განათდა!“

ცხადია, ეს სააგიტაციო ვარშავული აბდა-უბდა მხოლოდ იმათზეა გათვლილი, ვინც ისედაც, ყოველგვარი კლიპის გარეშეც, სააკაშვილს ბრმად უმღერის: „შენ ჩემი მზე ხარ ამომავალი!“ ასევე ნათელია - როცა მათთვის განათდება, ე.ი. მიშა ხელისუფლებაში დაბრუნდება, კვლავ ორად-ორი „კომპოზიცია“ ექნებათ გუნდურადაც და სათითაოდ, თანაც, მხოლოდ ერთ ხმაში შესასრულებელი: „მიშა მაგარია“ და „რა დროშა მოგვცა მიშამა...“

რაც შეეხება იმ კლიპის „კონსტრუქციულ“ ნაწილს, ანუ „ვარშავის გეგმას“. ცხადია, ამ ნაბოდვარის სერიოზულად გარჩევა არცა ღირს. ჩვეულებრივი, ნაცური სოციალური დემაგოგიის, უპასუხისმგებლო პოპულიზმის უფრო რადიკალურ-ექსტრემისტული ვერსიაა. ნიუ-მიშიზმის „ნოვაცია“ კი ესა ყოფილა: ყველა გადასახადი უნდა გავაუქმოთ, გარდა დღგ-სიო და თანაც, მასწავლებლების ხელფასი უნდა გავზარდოთ 1500 ლარამდე, ხოლო სოციალური ხარჯები - სამჯერო. კი მაგრამ, თუ გადასახადებიდან შემოსავალი დაახლოებით 5-ჯერ შემცირდება (ასეთი პროპორციაა დღგ-დან და ყველა დანარჩენი გადასახადიდან მიღებულ შემოსულობებს შორის), ეს ფული საიდან მოვა? საიდან და „ღმერთის კრიშიდან“! ანუ, რომ გათენდება, იქიდან!

თუ არ ეყო და ცხადია, არ ეყოფა, რადგან მზის ამოსვლით ფული ციდან არა ცვივა - გაქსუებული ჩინოვნიკების ჯიბეებიდანო! „მცირე მთავრობაზე“ უნდა გადავიდეთ (არადა დღევანდელი პრემიერი ბახტაძეც ხომ იგივეს, ე.ი. „მცირე მთავრობას“ ჩივა?!) და გამოსავალი ის იქნებაო! მთავარი სამიზნე - ტრადიციულად ისევ „კორუმპირებული“ მთავრობა და სახელმწიფო აპარატია ვარშავულ ნიუ-მიშიზმშიც! მაგრამ რა ვუყოთ, როცა ესეც იაფფასიან სიცრუეს ეყრდნობა, მსოფლიო ბანკი ყოველწლიურ სტატისტიკას აქვეყნებს და ყველას შეუძლია ნახოს (იხ. https://data.worldbank.org), რამდენია მთლიან ეკონომიკაში ქვეყნების მიხედვით სამთავრობო ხარჯების წილი. ასევე, ძნელი მოსაძიებელი არ არის ინტერნეტში სამოხელეო აპარატის შენახვასთან დაკავშირებული ხარჯების ხვედრითი წილიც; საქართველოში სამთავრობო ხარჯები, რაც უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში მაქსიმალური იყო სწორედ მიშას მთავრობის დროს, 2010 წელს (მშპ-ს 35%-ს შეადეგნდა) 2013 წლის შემდეგ არ იზრდება, მშპ-ს 25-26%-ის ფარგლებშია, რაც დაახლოებით იგივეა და ოდნავ ნაკლებიც კი, ევროკავშირის საშუალო სტატისტიკურ მონაცემებზე (27-28%), ხოლო გაცილებით ნაკლები - პოლონეთის (საიდანაც ამჯერად მზე უნდა ჩამოვიდეს თურმე!) მონაცემებზე (34-35%); ასევე დაბალია, ბიუროკრატიის შესანახი ხარჯებიც, რასაც საქართველოში მშპ-ს 4-5% თუ ხმარდება; სულაც რომ გავაქროთ ეს ბიუროკრატია და დაზოგილი თანხა სოციალურ ხარჯებს მთლიანად მოვახმაროთ, რაც ისედაც ჩვენი ბიუჯეტის ყველაზე სოლიდურ წილს შეადგენს, რასაკვირველია, ელემენტარული არითმეტიკას ვერ გავექცევით - ამ სოციალური ხარჯების სამჯერ გაზრდას ვერაფრით ვერ შევძლებთ!

არითმეტიკული ილუსტაციის სახით ავიღოთ თუნდაც 2018 წლის ნაერთი ბიუჯეტის მონაცემები (იხ. საქსტატის მონაცემები https://www.geostat.ge/ka/modules/categories/91/sakhelmtsifo-finansebis-statistika: ):

მილიარდებში რომ ვიანგარიშოთ და მეათედებამდე დავამრგვალოთ, 2018 წელს ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი ხარჯი იყო - 9, 6 მლრდ. ლარი; ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებაზე მთლიანად დაიხარჯა (აქ შედის არა მხოლოდ ბიუროკრატიის, არამედ ყველა დონის ბიუჯეტებიდან ჯამურად დაფინანსებული სხვა ხელფასები და გასაცემლებიც - მათ შორის მასწავლებლების, საჯარო აიპ-იებში დასაქმებულთა ხელფასების ჩათვლითაც, ანუ ბიუროკრატიის შესანახი ხარჯი გაცილებით მცირეა) 1, 7 მლრდ ლარი, რაც ბიუჯეტის ხარჯების 17, 7%, ხოლო მშპ-ს (41, 1 მლრდ ლარი) 4,1%-ია; სოციალური უზრუნველყოფის ხარჯებმა შეადგინა - 3, 7 მლრად ლარი, რაც საბიუჯეტო ხარჯის - 38, 5% და მშპ-ს - 9%-ია. წარმოვიდგინოთ, რომ სახელმწიფო აპარატის ხარჯი საერთოდაც გავანულეთ და მთელი ფული, რაც დაიზოგება (მაქსიმუმ 1, 5 მლრდ. ლარი) მთლიანად სოციალურ უზრუნველყოფას მივეცით; მაშინ სოციალურ უზრუნველყოფაში დავხარჯავდით 3, 7+ 1, 5= 5, 2 მლრდ. ლარს, რაც იმაზე, რასაც ისედაც ვხარჯავთ, მხოლოდ 1, 4-ჯერ მეტია! ესეც გავითვალისწინოთ, რომ ამ გზით მიღწეული 40%-იანი ზრდა სამსახურებიდან გაყრილ, ულუკმაპუროდ დატოვებულ ადამიანთა და მათი ოჯახების სოციალურ უზრუნველყოფასაც კი ვერ აუვა!

მოკლედ, ნიუ-მიშიზმის ლოზუნგი, რომ ჩინოვნიკების შემოსავლების შემცირებით, სოციალურ ხარჯებს სამჯერ გავზრდითო - სრული აბსურდია, სულაც რომ უარი ვთქვათ ჩინოვნიკების შენახვაზე! სულაც რომ გავაუქმოთ სახელმწიფო და მთელი ფული, რაც სახელმწიფო აპარატს ხმარდება, სოციალურად მივმართოთ, 1,5-ჯერაც კი ვერ ვზრდით მას!

ასეა, ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აქვს - მიშას მეტისმეტად გრძელი, ამიტომაც ტყუილების გუდით აქეთ-იქით ბოდიალი და ვარშავაში ჩასვლაც ნამდვილად არ უჭირს! ოღონდ ეგ არის - აქ, სადაც თურმე „ძალიან ბნელა“ და უნდა გათენდეს, ეგ ვერ ჩამოვა, რაც არ უნდა მოკლე ფეხება ტყუილების გუდა და რაც არ უნდა გრძელი ფეხები ჰქონდეს!

ნაცების მომხრეები თავს კი ინუგეშებენ და ფუჭ ოცნებებს მისცემიან, მაგრამ საყოველთაოდ ცხადია: ხელისუფლებაში თუ დაბრუნდება მიშა, ე.ი. როცა „გათენდება“ და ისევ „მიშა მაგარია“ გახდება სამღერი - „ვარშავის გეგმა“, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ სრული ტუტუცობაა, ხალხისთვის მხოლოდ „ვარ შავად“ დარჩება! ცხადია, არავითარი გეგმა აღარ იქნება და მას ისევ სოციალური „პლანი“ ანუ პროპაგანდისტული დაბოლება თუ შეცვლის!

ბუნებრივია - რევოლუციონერი, „ამომავალი მზის“ ქოსა-ტყუილობა ექსტრემისტულ სოციალურ დემაგოგიაზე დგას, ხოლო ხელისუფლებაში მყოფი და დიდტარიანი დროშის მბოძებელი მიშასი, რაც კარგადაც გვახსოვს - პირწავარდნილ პროპაგანდისტულ დაბოლებაზე! მიშას მთელი გეგმაც ეგ არის და ნაცების „სოციალისტური ვალდებულებაც“!

კიდევ ერთიც, ასევე „ვარ შავული“ ნიუ-მიშიზმი: ციხე რა საჭიროა, როცა თანამედროვე ტექნოლოგიებით თურმე დამწყვდევის გარეშეც შესაძლებელია „რესოციალიზაცია“. ბუნებრივია, ყველას გვახსოვს რასაც ნიშნავს „რესოციალიზაცია“ მიშას გაგებასა და ამბავში - ტყავის გაძრობასა და სულის ამოცლას ცოცხით! დიახ, ციხე სულაც ზედმეტია, ხარჯიანია, ადამიანისთვის სულის ამოძრობა სხვაგვარადაც შესაძლებელია - ჩვეულებრივი ცოცხი, მაღალტექნოლოგიური, „ციფრული ცოცხით“ შეიცვლება, რასაც ციხეში დამწყვდევა არა სჭირდება. ეგაა და ეგ.

ხომ მაგარია?!

მაგარი კია, თუმცა - მიშას გათენებული და გამოლაზიკებული საქართველო არ გაიშვას უკანა კარით ვარშავაში!