ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთმა უმსხვილესმა დამფუძნებელმა და აქციების 42%-ის მფლობელმა, ამერიკულმა „კონტი ჯგუფმა“ კონსორციუმის დატოვა და ამის თაობაზე ოფიციალურადაც განაცხადა. ჯერჯერობით უცნობია, „კონტი ჯგუფს“ ვინ ჩაანაცვლებს. პოლიტიკურ ჭრილში გადასულმა დაპირისპირებამ და ხაზარაძე-ჯაფარიძის ირგვლივ დაწყებულმა გამოძიებამ სამწუხარო შედეგი მოიტანა.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმში ამბობენ, რომ კომპანიის პროექტიდან გასვლის მიზეზი მთავრობის მხარდაჭერის ნაკლებობის გამო გაჩენილი უკმაყოფილება იყო. ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება ანაკლიის პორტის ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის. ინვესტორები მთავრობისგან რვა მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ, მათ შორის ყველაზე სადავო ტვირთების ღირებულების დაზღვევაა მთავრობის მხრიდან.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ახვლედიანი, ერთ-ერთი მთავარი აქციონერის მიერ კონსორციუმის დატოვების ფაქტს არასასიამოვნოდ აფასებს, მაგრამ შორს არის აზრისგან, რომ პროექტი დაზარალდება. გარდა ამისა, იგი სპეციალისტების პოზიციას ემიჯნება და აცხადებს, რომ ამერიკული კომპანიის წასვლა პროექტში ამერიკულ ინტერესს არ შეანელებს.
„კონტი ჯგუფს“ ჰქონდა პასიური როლი ამ ბოლო დროს. მათ დეკემბერში დატოვეს სამეთვალყურეო საბჭო და რჩებოდნენ მხოლოდ აქციონერებად. გასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს და გუშინ არ იყო მიღებული, ამაზე ლაპარაკი გარკვეული პერიოდი მიმდინარეობდა. ფაქტი არ არის სასიამოვნო, მაგრამ არ მომხდარა არაფერი ისეთი, რომ დააზრაალოს პროექტი, ყოველ შემთხვევაში - კონსორციუმი.
„კონტი“ პასიურ როლში იყო, ისინი არიან სამშენებლო საკითხებზე ორიენტირებული ორგანიზაცია. მათი როლი იყო შემცირებული და გადაწყვეტილება კრიტიკული არ არის. მე ამას, როგორც ამერიკული ინტერესების შენელებას არ აღვიქვამდი.
ველოდები ძალიან კარგ განვითარებას პროექტის მსვლელობასთან დაკავშირებით, როგორც ინვესტორების კუთხით, ისე სხვა მიმართულებით. მთავრობასთან მოლაპარაკების მხრივაც იყო კარგი განცხადებები ბოლო ორი წლის მანძილზე და ვიმედოვნებთ, რომ ეს სექტემბრიდან კონსტრუქციულ საუბარში გადაიზრდება“, - განაცხადა „ბიემთან“ ახვლედიანმა.
„თავის დროზე „კონტი ჯგუფის“ მონაწილოება იყო მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისა, რომ კონსორციუმმა გაიმარჯვა ტენდერში. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე ამბობს, რომ კონტრაქტი ითალისწინებს სხვადასხვა სცენარს.
„ამ გადაწყვეტილებას იღებს სამთავრობო კომისია, სადაც ყველა ძირითადი მინისტრია თავმოყრილი და რომლის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრია. არ გვაქვს სრული სურათი, „კონტი“ ვისზე ყიდის აქციებს და ყიდის თუ არა, ესეც არ ვიცით. ამ საკითხზე ჩვენ ინფორმაცია არ მიგვიღია. ამიტომ საბოლოო შეფასების გაკეთება მიზანშეწონილი არ არის, რადგან ეს შექმნის არასწორ მოლოდინს“, - აცხადებს დავით ჯავახაძე.
კონსორციუმის ირგვლივ შექმნილ მდგომარეობას აფასებს ექპერტი გია ხუხაშვილი. მისი აზრით, „კონტი ჯგუფმა“ ჩათვალა, რომ რისკი ამ პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით იყო იმაზე მაღალი, ვიდრე მათი კომერციული ინტერესი.
„მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ის პოლიტიკური რისკები, რაც თან ახლავს ამ პროექტს. გამომდინარე იქედან, რომ კონსორციუმის პირდაპირი და ირიბი დისკრედიტაცია მიმდინარეობდა, ასეთი პროცესები, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პერსპექტივა გახდა ბუნდოვანი.
რაც შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. კონსორციუმი რომ ჩამოშორდეს პროექტს, ამით თემა არ იხურება. შემდეგი პროცესები ბევრ რამეს ახდის ფარდას, თუ რა იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხელისუფლების რეალური ამოცანა -პროექტის დახურვა თუ პროექტის კონტროლის ქვეშ აყვანა და შემდეგ ამით ვაჭრობა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
კითხვაზე - არის თუ არა შესაძლებელი ამ მთავრობის პირობებში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორცილება, გია ხუხაშვილი პასუხობს:
„პროექტის განხორციელება ყოველთვის შესაძლებელია, მთავარია ვინ და რა მიზნით ჩადის ამა თუ იმ ქმედებას, ეს გამოჩნდება შემდეგ ეტაპებზე, კონკრეტული დიაგნოზისგან თავს შევიკავებდი“, - ამბობს „კომერსანტთან“ ხუხაშვილი.
მოკლე კომენტარით შემოიფარგლა მედიასთან „თიბისი ბანკისა“ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე: „პროექტს საფრთხე არ შეექმნება“, - განაცხადა მან.