მიუნხენის „ბაიერნმა“ და კატალონიურმა „ბარსელონამ“ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო 2019/20 წლების სეზონს გერმანულ კლუბში იჯარის სახით გაატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ მიუნხენელების ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
შეთანხმების თანახმად, „ბაიერნს“ 27 წლის კოუტინიოს ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება ექნება. ბრაზილიელი მიუნხენში უახლოეს დღეებში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან პირად ხელშეკრულებას გააფორმებს.
„ჩემი აზრით, არა მხოლოდ მიუნხენის „ბაიერნს“, არამედ მთელ ბუნდესლიგასა და მთელ ქვეყანას უნდა უხაროდეს, რომ ჩემპიონატში ასეთი ვარსკვლავი ითამაშებს“, - განაცხადა მიუნხენელთა თავკაცმა ნიკო კოვაჩმა.
ფილიპე კოუტინიო „ბარსელონაში“ 2018 წლის იანვარში „ლივერპულიდან“, 145 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და იმ დროისთვის მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. „ლივერპულამდე“ კოუტინიო „ესპანიოლის“, მილანის „ინტერისა“ და მშობლიური „ვასკო და გამას“ ღირსებას იცავდა. ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებულ 56 მატჩში მის ანგარიშზე 16 გოლია.