„ოქროს თასის“ დირექტორი მოტყუებულ მეანაბრეებს შეხვდა

„ოქროს თასის“ დირექტორი მოტყუებულ მეანაბრეებს შეხვდა

ს/ს „ოქროს თასის“ ახლახან „მოგზაურობიდან დაბრუნებულმა“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გია მგალობლიშვილმა, როგორც იქნა კომპანიის გაკოტრებულ მეანაბრეებს დაუკონკრეტა და აღიარა, რომ „ოქროს თასის“ ვალი 3500 მეანაბრის მიმართ, 2 მლნ დოლარს შეადგენს.

მგალობლიშვილი თბილისში უკრაინიდან ჩამოიყვანა და მეანაბრეებს წარუდგინა საინვესტიციო და სადაზღვევო კომპანიათა ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ვაჟა ბერიძემ, რომელიც ცოტა ხნის წინათ აცხადებდა, რომ მგალობლიშვილს შეუძლია მასთან ერთად „დაკარგული“ სახსრების მეანაბრეთათვის დაბრუნება.

დღეს ბერიძე საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ მისი სამსახურის პრეროგატივა მხოლოდ გაკოტრებული კომპანიების გაქცეული ხელმძღვანელების თბილისში ჩამოყვანაა. „დანარჩენი ჩემი საქმე არაა“, - აცხადებს იგი.

შეხვედრა სკანდალური იყო. პირისპირ აღმოჩნდნენ გაკოტრებული „ოქროს თასის“ მეანაბრეები, გია მგალობლიშვილი და მისი საქართველოდან გაქცევის შემდეგ არჩეული „ოქროს თასის“ „დროებითი მთავრობა“ ანუ სამეთვალყურეო საბჭო.

კომპანიის მსხვილმა მეანაბრეებმა თანხების მითვისებაში დაადანაშაულეს საბჭოს წევრები. ისინი წერილობით მიმართავენ ქვეყნის პრეზიდენტს, სადაც სთხოვენ, რომ შევარდნაძე თავად დაინტერესდეს მათი საკითხით.

1993 წელს, როდესაც მგალობლიშვილი თბილისიდან გაიქცა, და მასთან ერთად დაიკარგა მეანაბრეთა თანხები, კომპანიის ანგარიშზე ირიცხებოდა 85 ათასი აშშ დოლარი. შსს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა, რომელიც „ოქროს თასის“ საქმეს იძიებდა, ეს თანხა სამეთვალყურეო საბჭოს განკარგულებაში გადასცა. როგორც გაირკვა, საბჭომ სწორედ ეს სახსრები მიითვისა.

მათი განმარტებით, აღნიშნული თანხით ისინი კომერციულ საქმიანობას ეწეოდნენ, რომელმაც „ოქროს თასივით“ ვერ გაამართლა.

„ოქროს თასის“ ოთხწლიანი ბატალიების შემდეგ, ერთადერთი, ვინც პასუხისმგებლობას არ იხსნის თავიდან, მგალობლიშვილია. ეს უკანასკნელი გამოსავალს მხოლოდ კომპანიის ოფისის გაყიდვაში (რომელიც 7 ათას დოლარად არის შეფასებული) და ამონაგები თანხის ისევ სავაჭრო კომერციულ ოპერაციებში დაბანდებაში ხედავს.

ცოტა ხნით ადრე ვაჟა ბერიძე მეანაბრეების იმედებს მგალობლიშვილზე ამყარებდა და ამტკიცებდა, რომ მისი თბილისში ჩამოსვლით ყველაფერი დადებითად გადაწყდებოდა. იგი მეანაბრეების წინაშე  ქულებს იწერდა და ამბობდა, რომ მგალობლიშვილი მხოლოდ მას ენდობა და მხოლოდ მას შეუძლია მისი თბილისში ჩამოყვანა.

მაშინ, როდესაც მგალობლიშვილზე ძებნა იყო გამოცხადებული, ბერიძემ იცოდა, სად იმალებოდა იგი და მოლაპარაკებებს აწარმოებდა მასთან.

დღეს კი ირკვევა, რომ მგალობლიშვილიც საბჭოს წევრებისდაგვარად ოფისის გაყიდვით და კომერციული საქმიანობით აპირებს 2 მლნ აშშ დოლარის დაბრუნებას.

მგალობლიშვილის განმარტებით, მას, მიუხედავად იმისა, რომ გაიქცა, თანხები არ გაუტაცებია. მან უკვე დააბრუნა 15 ათასი დოლარი. გარდა ამისა, 985 ათასი აშშ დოლარი მას უკრაინაში შაქრის პარტიაში აქვს გადახდილი, რომელიც „გარკვეული მიზეზების“ გამო ვერ ჩამოაქვს.

ამასობაში, დაზარალებულმა მეანაბრეებმა მგალობლიშვილს „ოქროს თასის“ სამეთვალყურეო საბჭოც „მიაყოლეს“, რომელთა მიმართაც ასევე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ისინი ამ უკანასკნელთ უნდობლობას უცხადებენ და მთელ იმედებს ისევ გია მგალობლიშვილის სინდისზე ამყარებენ.