საქართველოში, შესაძლოა, ფასიანი გზების სისტემა შემოვიდეს. ამასთან დაკავშირებით რეგიონული ინფრასტრუქტურის სამინისტრო სპეციალური კვლევის ჩატარებას გეგმავს. როგორც ჩანს, რამდენიმე წლის წინათ შეჩერებული იდეა, მთავრობაში ისევ გააცოცხლეს. ერთი პერიოდი ფასინ გზებზე საუბარი სრულიად შეწყდა, ახლა კი ისევ დაიწყო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ფასიან გზებთან დაკავშირებით კვლევის ჩატარების შემდეგ განისაზღვრება მონაკვეთები, სადაც მძღოლებს საფასურის გადახდა მოუწევთ.
„ფასიან გზებთან დაკავშირებით, რომელიც არის წარმატებული ქვეყნების გავრცელებული პრაქტიკა, ვმუშაობთ ამჟამად შესაბამისი კვლევის ჩასატარებლად, რომელიც გაგვცემს პასუხს, თუ რომელ მონაკვეთზე, რამდენი, როგორ, ვისზე უნდა გავრცელდეს ეს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ეტაპობრივად, სხვადასხვა მონაკვეთებზე და შემდეგ მთლიანად მაგისტრალზე, მოხდეს ამის განვითარება“, - განაცხადა ქარსელაძემ.
ფასიან გზაზე გადაადგილების დროს, მძღოლებმა გარკვეულ ადგილებზე ავტომანქანა უნდა გააჩერონ და გზის გასაგრძელებლად ფიქსირებული თანხა გადაიხადონ. არსებობს გადახდის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის ელექტრონულიც. მსოფლიოში არსებული პრაქტიკის მიხედვით, საფასური, რომელიც გზატკეცილებზეა დაწესებული, ახალი გზების მშენებლობის, არსებული გზის მოვლა-პატრონობის ან მის ასაშენებლად დახარჯული თანხების დასაფარად გამოიყენება.
ფასიანი გზის შესახებ მოსაზრებას სატრანსპორტო დარგის სპეციალისტები კატეგორიულად ემიჯნებიან. ერთადერთი გამონაკლისი, უნდა იყოს ტრანზიტული სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გზით სარგებლობისთვის გადასახადის გადახდა დაეკისრება, რადგან მძიმე სატვირთო ავტომობილები საგზაო ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვნად აზიანებენ.
ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მოქალაქეების მხრიდან მაგისტრალური გზით სარგებლობისთვის რამე გადასადახის გადახდას, სანამ ალტერნატიული უფასო გზა არ გაიხსნება.
„მაგისტრალების შენახვის მიმართ სხვადასხვა ქვეყანას ერთმანეთისგან განსხვავებული მიდგომა აქვს. არის სახელმწიფოები, სადაც ფასიანი გზები არსებობს ანუ ხალხი იხდის თანხას და გზის შენახვა ამის საფუძველზე ხდება. ჩვენთან სათანადოდ არის შესასწავლი, თუ რამდენად მიზანშეწონილია გზების გაფასიანება, მათ შორის მძიმე წონის ტრანზიტულად მოძრავ ავტომანქანებზე, რომლებიც გზებს ძალიან აზიანებენ.
მეორე საკითხია ალტერნატიული გზაც, სადაც მოხდება ავტომობილების გადაადგილება დედაქალაქიდან რეგიონების მიმართულებით და პირიქით. უფასო გზის არარსებობის პირობებში ტარიფების დაწესება კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირის ქვეყნებშიც ასეა“, - ამბობს მესხიშვილი და ხაზს უსვამს, რომ გადასახადის დაწესება პროდუქტებს კიდევ უფრო გააძვირებს.
ფასის დაწესებამ შეიძლება სავაჭრო სექტორზე იმოქმედოს, განსაკუთრებით აგრარული პროდუქტის ფასზე. საგზაო ტარიფი ამ მხრივ გავლენას ნამდვილად მოახდენს. ამიტომ ტრანსპორტის დარგის სპეციალისტების აზრით, უფასო მონაკვეთების გარეშე ასეთი გადაწყვეტილების მიღება აბსურდია.