„სებ“-მა მიმოქცევაში  გაუშვა 1.2 მილიარდი ლარი და ეს გახლავთ ლარის კურსის ვარდნის ძირითადი მიზეზი“

„სებ“-მა მიმოქცევაში  გაუშვა 1.2 მილიარდი ლარი და ეს გახლავთ ლარის კურსის ვარდნის ძირითადი მიზეზი“

მთავრობა ლარის გამყარებას ელოდება, თუმცა ჯერჯერობით ეროვნული ვალუტა ერთ ადგილას არის გაშეშებული. მართალია, გაუფასურების მოლოდინი მოიხსნა, მაგრამ ლარი პოზიციებს მაინც ვერ იუმჯობესებს. ფინანსისტების შეფასებით ამის მიზეზი არანორმალურად გაზრდილი რეფინანსირების სესხებია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაცვლით კურსთან დაკავშირებით საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი. იგი ამტკიცებს, რომ ნეგატიური ფონი მალე მოიხსნება.

„ეკონომიკის ანალიზი გვაჩვენებს, რომ ყველა წამყვანი ფაქტორი პოზიტიურია, ექსპორტი არის საკმაოდ მაღალ დონეზე, ძალიან კარგი დინამიკაა სავაჭრო დეფიციტის შემცირების თვალსაზრისითაც, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არის ოპტიმიზმი ლარის კურსთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, კომერციული ბანკების ანალიზის შედეგად, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ეროვნული ბანკის ანალიზითაც დასტურდება, რომ საქმე გვქონდა ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან.

„ჩვენ გვაქვს ყველა მოლოდინი იმისთვის, რომ ვისაუბროთ, ლარის კურსი დასტაბილურდება და ეს ნეგატიური ფონი მოიხსნება“, - აღნიშნა პრემიერმა.

რამდენად აქვს პრემიერის ოპტიმიზმს საფიძველი? ანალიტიკოსები არსებულ ვითარებას სულ სხვა ჭრილში უყურებენ, ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი აზრით, დევალვაციის მთავარი გამომწვევი მიზეზი არა ტურისტული ნაკადის შემცირებაა, არამედ მკვეთრად გაზრდილი რეფინანსირების სესხები.

დღემდე ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ლარის კურსი ვარდნა გამოწვეულია ტურისტების რაოდენობის შემცირებით. თუმცა, უკვე გამოქვეყნდა ოფიციალური მონაცემები, რომლებიც აჩვენებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსი ტურისტების რაოდენობა მცირედით შემცირდა რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, მთლიანობაში ტურისტების რაოდენობამ 7 თვეში არათუ დაიკლო, არამედ გაიზარდა კიდეც. გარდა ამისა იმატა ამ სფეროს შემოსავლებმაც. აქედან გამომდინარე, ფინანსისტი თემურ ბასილია ამბობს, რომ ტურიზმის სფეროს არ ჰქონია რაიმე გავლენა ლარის კურსის ვარდნაზე.

„რამდენჯერმე მოვისმინე, რომ თითქოს ლარის გაუფასურების უმთავრესი მიზეზი მოლოდინი ყოფილიყოს. რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამოცხადების შემდეგ, ასეთი მოლოდინი ნამდვილად შეიქმნა, რამაც გავლენა იქონია ლარის კურსზე, მაგრამ ტურიზმის სფეროს ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, რომლებიც ადასტურებს ტურისტების რაოდენობის და ამ სფეროში შემოსავლების ზრდას, ბუნებრივია, უარყოფით მოლოდინებს არავითარი საფუძველი აღარ აქვს“, - აცხადებს ბასილია და დასძენს, ლარის ვარდნის გამომწვევი რეალურ მიზეზებში გასარკვევად, ცოტა ღრმად უნდა ჩავიხედოთ პრობლემაში.

„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია საბანკო სფეროში არსებულ ფუნდამენტურ პრობლემებზე, ახლა კი მხოლოდ ერთ ფაქტზე შევაჩერებ ყურადღებას - ეს გახლავთ რეფინანსირების სესხები.

მიმდინარე წლის 28 თებერვალს, ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკებისთვის მიცემული ჰქონდა 270 მილიონი ლარის რეფინანსირების სესხი. ამის შემდეგ, ამ სესხების ოდენობა მუდვად იზრდებოდა. კერძოდ, აპრილში იგი გაიზარდა 420 მილიონამდე, მაისში 600 მილიონამდე, ივნისში 850 მილიონამდე, ივლისში 1.23 მილიარდამდე, ხოლო აგვისტოში, რეფინანსირების სესხების ოდენობამ 1.45 მილიარდ ლარს მიაღწია. როგორც ვხედავთ, თებერვლიდან აგვისტომდე ეროვნულმა ბანკმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიმოქცევაში დამატებით გაუშვა 1.2 მილიარდი ლარი. ეს გახლავთ ლარის კურსის ვარდნის ძირითადი მიზეზი“, - აღნიშნა „კომერსანტთან“ საუბრისას ბასილიამ.

Maverick მაინტერესებს, რატო არ ინტერესდება პარლამენტი, ანტიკორუფციული ორგანო, პროკურატურა, ხელისუფლება და ა.შ. სების მიერ კომერციულ ბანკებზე გასესხებული თანხებით!
რატომ ყავს სასათბურე პირობებში?!
რატომ ატენის სესხებს ამ სავახშო ბანკებს?!
4 წლის უკან