ბინ ლადენი თემქის სამშობიარო სახლში დაბადებულა

ბინ ლადენი თემქის სამშობიარო სახლში დაბადებულა

თბილისის ნებისმიერი სამშობიარო სახლის კედლებზე ნახავთ წარწერას, ამა და ამ დროს აქ დაიბადა გიორგი, აქ დაიბადა თამარი და ა. შ. მოსახლეობის დიდი ნაწილი ასე გამოხატავს ახალშობილის დაბადებით გამოწვეულ სიხარულს.

„ქრონიკის“ ყურადღება ერთ-ერთ სამშობიარო სახლზე გაკეთებულმა წარწერამ მიიქცია. თემქის სამშობიარო სახლის კედელზე  უცნაური წარწერა აღმოვაჩინე. თურმე ამ სამშობიარო სახლში დაიბადა უსამა ბინ ლადენი.

საინტერესოა, რატომ გაუჩნდა ამ ადამიანს ასეთი წარწერის გაკეთების სურვილი? ალბათ იმიტომ, რომ სამშობიარო სახლი ნაომარ შენობას ჰგავს, არც ის არის გამორიცხული, დაბადებული ბავშვისთვის მშობლებს მართლაც დაერქმიათ ტერორისტის პატივსაცემად მისი სახელი. არის მესამე ვარიანტიც...

„ქრონიკა“ ამ საკითხს სერიოზულად მიუდგა და საკითხის გარკვევა თემქის სამშობიარო სახლის დირექტორთან, ბიძინა სიხარულიძესთან შეეცადა:

- ამ ფაქტს კატეგორიულად უარვყოფ. ჩვენს სამშობიარო სახლში ბინ ლადენი ნამდვილად არ დაბადებულა. ეს ალბათ, უბრალოდ ვიღაცამ იხუმრა და წარწერა გააკეთა.

ეს წარწერები გაკეთებულია 2000-2003 წლებში, მე მაშინ აქ არ ვმუშაობდი. სულ რაღაც წელიწადნახევარია რაც ვმუშაობ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემამდე აქ ბინ ლადენი დაიბადა. წარწერებს ახლა მოსახლეობას აღარ ვაკეთებინებთ, ამისთვის დაცვაც გამოვყავით. ასეთ წარწერებს საზღვარგარეთაც აკეთებენ, მამები ასეთი სახით გამოხატავენ სიხარულს.

მოკლედ, თემქის სამშობიარო სახლის დირექტორი კატეგორიულად უარყოფს იმ ფაქტს, რომ ბინ ლადენის დედამ აქ იმშობიარა.

ის წარწერის გადაღებვას აპირებს, არადა, ამას ჩვენი გაღიზიანება ნამდვილად არ გამოუწვევია. პირიქით, ამის შემხედვარე ადამიანი არ შეიძლება კარგ ხასიათზე არ დადგეს.

ისე, ბატონო ბიძინა, ნუ წაშლით, რა იცით, რა ხდება? მაინც ცნობილი კაცია, იქნებ, ტურისტებიც მოვიზიდოთ ამის სანახავად. ბინ ლადენი კაცმა არ იცის სად გაჩნდა. ჩვენც რა გვენაღვლება, ვთქვათ, თემქაზე დაბადებულაო.