ყოველწლიურად დაახლოებით 250 მილიარდ ტონამდე ალკოჰოლს მოვიხმართ. სასმლისადმი ასეთი დაუკმაყოფილებელი წყურვილი უნივერსალური უნდა იყოს ადამიანისთვის, რადგანაც არქეოლოგიური გათხრებით მის კვალს ლამის ყველა პერიოდსა და საზოგადოების პირობებში ვაწყდებით.
2000 წელს ბიოლოგმა რობერტ დადლიმ ერთობ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა, რომელსაც "მთვრალი მაიმუნის ჰიპოთეზის" სახელით ვიცნობთ. მეცნიერის აზრით, ადამიანის წინარე პრიმატები გადამწიფებული ხილის ან ნექტარის ლპობის შედეგად დადუღებულ ალკოჰოლს მცირე რაოდენობით რეგულარულად მოიხმარდნენ. ბუნებრივ ფერმენტაციას ველური საფუარის სოკო ახდენს, რომელიც შაქრით იკვებება და გამოყოფს ნარჩენ პროდუქტს: ნახშირორჟანგს და ეთანოლს, ანუ ალკოჰოლს.
ლპობის პროცესი ხილს აფუჭებს, თუმცა ალკოჰოლის გადამუშავების უნარის მქონე ცხოველებისათვის ეს კარგი შანსია — ფერმენტირებული შაქარი მაღალკალორიულია. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ არამარტო ამ ნახევრად დამპალ ხილს აქვს კალორიულობა, არამედ უშუალოდ ალკოჰოლსაც. შედარებისათვის: ეთანოლი ორჯერ უფრო მეტად კალორიულია, ვიდრე იგივე წონის ნახშირწყლოვანი პროდუქტი. ლუდის მიერ გაჩენილი ღიპი ადამიანისთვის არის პრობლემა, თორემ ველურ ბუნებაში დამატებით კალორიებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ.
ფერმენტაციის შედეგად ხილს მძაფრი არომატი ეძლეოდა, რაც ცხოველებს აქტიურად მიიზიდავდა. ეს ყოველივე ალკოჰოლის გადამუშავების უნარის მქონე პრიმატებს საკვების ძიებაში სხვებთან შედარებით უპირატესობას მისცემდა. ალკოჰოლი ასევე კარგი აპეტაიზერია. ჩვენ წინაპარი პრიმატები გაძლიერებული მადით სულ უფრო აქტიურად მოიძიებდნენ საკვებს.
მილიონებით წლის შემდგომ ჰომო საპიენსმა აქტიურად დაიწყო ალკოჰოლის შემცველი სითხეების დამზადება და მისი მოხმარება უკვე სოციალური მნიშვნელობის გახდა. დადლის მოსაზრებით, ალკოჰოლის მოხმარება და მასზე დამოკიდებულება "ევოლუციური ნაბახუსევია", რომელიც ფერმენტირებული შაქრის მოხმარების შემდგომ გენეტიკურად გადმოგვყვა.
ეს ჰიპოთეზა იმ პერიოდში ვითარდება, როდესაც ევოლუციურად ადამიანის თაობათა ხაზი ჯერ კიდევ პრიმატთა ხაზს ემთხვეოდა, ანუ დაახლოებით 5 — 23 მილიონი წლის წინ. დედამიწა ამ დროს ჭეშმარიტად მაიმუნების პლანეტა გახლდათ. აფრიკული ადამიანის მსგავსი დიდი მაიმუნები (შიმპანზეები და გორილები) ჯერ კიდევ ერთ თაობათა ხაზში იყვნენ. ეს არსებები ტროპიკულ ტყეებში ცხოვრობდნენ და უმეტესად ხილით იკვებებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი კბილების ანალიზით ვგებულობთ.
მეცნიერებს იმის პირდაპირი მტკიცებულება არ აქვთ, რომ ეს პრიმატები ფერმენტირებულ ხილს მოიხმარდნენ, თუმცა ამაზე საუბრის უფლებას მათ ჩვენს თანამედროვე ადამიანის მსგავს დიდ მაიმუნებზე დაკვირვება აძლევთ.
2008 წელს დასავლეთ მალაიზიაში ზანტ სქელ ლორებზე დაკვირვებამ საინტერესო მტკიცებულება გააჩინა. დადგინდა, რომ ეს დიდთვალება პრიმატები სხვა საკვებთან შედარებით უფრო მეტად ფერმენტირებულ ნექტარს ეტანებოდნენ.
2015 წელს კი პირველი სამეცნიერო კვლევა გამოქვეყნდა, სადაც შიმპანზეების მიერ ველურ პირობებში ალკოჰოლის მოხმარება იყო აღწერილი. დასავლეთ აფრიკაში, კერძოდ გვინეაში, სოფლის მოსახლეობა სპეციალური პლასტმასის კონტეინერებით რაფიის პალმებიდან ფერმენტირებულ წვენს მოიპოვებდა. მასში ალკოჰოლის შემცველობა 3,1-დან 7 პროცენტამდე მერყეობდა. შიმპანზეებმა ფოთლების ისე დაკეცვა ისწავლეს, რომ მათ ამ ხელნაკეთი იარაღით მათრობელა ნაყენის მოპარვა თავისუფლად შესძლებოდათ. 1995 წლიდან 2012 წლამდე 13 სხვადასხვა შიმპანზე 51-ჯერ იქნა შემჩნეული ალკოჰოლის მოპარვაში.
ძალზე საინტერესოა ასევე ალკოჰოლის დაშლის გენეტიკური ადაპტაციის გამოკვლევა და იმის გარკვევა, თუ ევოლუციის რა ეტაპზე ჩამოყალიბდა ეს მუტაცია. აქვე აუცილებელია ვიცოდეთ, ალკოჰოლის დაშლის პროცესში მრავალი გენი მონაწილეობს და სხვადასხვა სახეობრივ შტოში განსხვავებული დნმ-ის არსებობა ეთანოლის დაშლის პროცესს კიდევ უფრო კომპლექსურს ხდის. მარტივად რომ ვთქვათ: ზანტ სქელ ლორის და შიმპანზეებს შესაძლოა (ან შესაძლოა არ) გააჩნდეთ უნიკალური ადაპტაციური მექანიზმი ალკოჰოლის მოხმარებისათვის.
2015 წელს ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნებულ სტატიაში მკვლევართა ჯგუფი ADH4 გენის შესახებ მსჯელობდა. სწორედ იგი აკოდირებს ალკოჰოლის დამშლელ ფერმენტს. 18 პრიმატის დნმ- ანალიზმა მეცნიერებს საინტერესო შედეგი უჩვენა: ადამიანებს, გორილებსა და შიმპანზეებს ორგანიზმში ერთმანეთის მსგავსი ალკოჰოლის დამშლელი ფერმენტი აქვთ. მათ შორის განსხვავება ძალზე უმნიშვნელოა. ამან შესაძლოა იმაზე მიგვანიშნოს, რომ დიდი ალბათობით ეს საერთო წინაპრისგან გადმოგვეცა მემკვიდრეობით.
აფრიკის ტროპიკულ ტყეებში ჩვენი საერთო წინაპარი 10 მილიონი წლის თამამად დააბიჯებდა და ალბათ პერიოდულად ცოტას სვამდა კიდეც.