ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანები განსაკუთრებულად პედანტურები არიან და კეთილი მწყემსის იგავს მათ რწმენაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, თუმცა ამ ბოლო დროს, ქართველი კეთილი მწყემსები ისლამის მადლიერები არიან, რადგან 18 ნოემბერს ჰაჯი დასრულდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველომ ახალი გზა მოძებნა და საქონლის ექსპორტს მუსულმანურ დღესასწაულს, ცხვრის შეწირვის რიტუალს უსადაგებს. საქონლის ექსპორტი ახლა საქართველოსთვის ღვინოზე მომგებიანია და რიგით მეცხრე ადგილზე იმყოფება. შარშან საქართველომ კიდევ უფრო უცნაური პროდუქტის ექსპორტს მიჰყო ხელი: ბაყაყების. ფრინველის გრიპის ეპიდემიის გამო, ბაყაყის ხორცზე საერთაშორისო მოთხოვნა გაიზარდა, ამის გამო 2009 წელს საფრანგეთში 250 000-ზე მეტი ქართული ბაყაყი გადაიგზავნა და წლევანდელი წლის მაჩვენებლები კი ერთი ორად მეტი უნდა იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტის დივერსიფიკაცია დადებითი პროცესია, საქართველოს მაინც გაუჭირდება ვაჭრობის დეფიციტის მოგვარება, სანამ ისეთი ყოველდღიური საკვების იმპორტს აწარმოებს, როგორიცაა მაგალითად ახლი რძე. ქართული ბრენდები რძის ფხვნილისგან დამზადებულ რძეს ყიდიან.
საქართველოს ბოლოდროინდელი ეკონომიკური წარსული საკმაოდ ექსტრემალურია. კომუნისტური მმართველობის დროს საქართველო ინდუსტრიული და სოფლის მეურნეობის ნაწარმით საბჭოთა კავშირის უმეტეს ქვეყნებს ამარაგებდა, მაგრამ სსრკ-ს დანგრევას ეკონომიკური კატასტროფა მოჰყვა. 1991 წელს დაახლოებით ნახევარი მილიონი ქართველი ინდუსტრიულ სფეროში მუშაობდა. 2004 წლისთვის კი 100 000 კაცზე ნაკლები იყო ამ სფეროში დასაქმებული. ამ წლებში ჯართის შეგროვება ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან ექსპორტად იქცა და ეს ფაქტი დღემდე არ შეცვლილა. ქვეყნის სამეურნეო სექტორის ჩამოშლას (ჩაი, ხორცი, ციტრუსი, ხილი და სამეურნეო დამუშავება) ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველაზე მძიმე შედეგი მოჰყვა. შედეგად 2004 წლისთვის საქართველოს მშპ 1989 წლის მაჩვენებელთან შედარებით 45%-ით დაეცა.
ამან ხელი შეუწყო ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლას, რომელსაც სათავეში მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგა და ულტრალიბელარალურ რეფორმებს და ანტი-კორუფციულ ქმედებებს ჩაუყარა საფუძველი. შედეგები გასაოცარი იყო: 2006-2007 წლებში წლიური ზრდის მაჩვენებელი გაორმაგდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონე გაიზარდა და კრედიტების ხარისხმაც ერთი-ორად იმატა, მაგრამ არც კრედიტები და არც ინვესტიციები არ ეხებოდა საექსპორტო სექტორს და არც წარმოების რაოდენობა გაზრდილა. ძირითადად მშენებლობა, უძრავი ქონება და სხვა არასაბაზრო სექტორები გამოდგა მომგებიანი.
2008 წელს ეკონომიკის სწრაფ ზრდას ორი უსიამოვნება დაატყდა თავს: ომი რუსეთთან აგვისტოში და გლობალური ფინანსური კრიზისი. უცხოელი ინვესტორები ქვეყნიდან წავიდნენ და 2009 წლისთვის, საქართველოს ეკონომიკა 7%-ით შეიკვეცა. ახლა უკეთესი მდგომარეობაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, 2010 წელს მშპ 4.5%-ით მოიმატებს. ბიუჯეტის დეფიციტი რომელმაც 2009 წელს მშპ-ს 9.2%-ს მიაღწია, ახლა 6.3%-მდე დავა, მაგრამ 2013 წლისთვის ევრო-ობლიგაციების ვალის გადახდის ვადა იწურება, შესაბამისად ახლა პრიორიტეტების სიაში არსებული ანგარიშის დეფიციტის შემცირებაა, რომელიც მშპ-ს 12.6%-ს წარმოადგენს და უცხოური ვალუტის გენერირებაა.
ეს მძიმე ამოცანაა. უცხოური დახმარება (4.5 მილიარდი დოლარი, რომელიც 2008 წლის ოქტომბერში რუსეთთან ომის შემდეგ აღუთქვეს) დროთა განმავლობაში აუცილებლად შემცირდება და საგადასახადო ბალანსში გარღვევას გამოიწვევს. სხვა მცირედი ელემენტები, მაგალითად ფულადი გზავნილები ქართული დიასპორიდან დარჩება, მაგრამ ისიც გლობალური ეკონომიკის ფლუქტუაციებზეა დამოკიდებული. მთავრობისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ახლა ექსპორტსა და იმპორტს შორის არსებული უზარმაზარი დისბალანსის დარეგულირებაა.
მთავრობა იმედებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე ამყარებს, რომლებიც 2009 წელს 2007 წელთან შედარებით სამჯერ უფრო დაბალი იყო. ეს საკმაოდ ოპტიმისტური მიდგომაა, რადგან 2010 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში უფრო პატარა ნაკადულს შეგვიძლია შევადაროთ, ვიდრე წყალდიდობას. ყველა კვერცხის ერთ კალათაში მოგროვების ნაცვლად, მთავრობას ბევრი სხვა რამის გაკეთებაც შეეძლო. საქართველოს შიდა კერძო სექტორზე ინვესტიციებში მეტი დაინტერესება რომ ჰქონოდა, დივიდენდებიც გაიზრდებოდა. უფრო ენერგიული ექსპორტი კი სიტუაციის გამოსწორებას ხელს შეუწყობდა.
საქართველოს მთავრობა შეჩვეულია, რომ ეკომონიკის მართვისთვის მას ყოველთვის აქებდნენ: ”მსოფლიო ბანკმა” “იოლი ბიზნესის წარმოების” ჩარტებში საქართველო მე-12 ადგილზე დააყენა, მაგრამ ცუდი არ იქნებოდა ყურაღრება მიექციათ საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის დონისთვის. 2010 წელს მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე, საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ანგარიშში – რომელიც მსოფლიო ბანკზე უფრო მაღალ საზომს წარმოადგენს – საქართველო 139 ქვეყანათა შორის 93 ადგილზეა. საკუთრების დაცვის უფლების გამოსწორება, მცირე აქციონერების ინტერესების გათვალისწინება, უმაღლესი განათლების გაძლიერება და ქართული მუშახელის გაწვრთნა მხოლოდ რამდენიმეა იმ ცვლილებებიდან, რომლებიც აუცილებლობას წარმოადგენს. კიდევ ბევრი სხვაც შეგვიძლია ჩამოვთვალოთ.
გზა, რომელსაც საქართველო ეკონომიკის სამართვად 2004 წლიდან იყენებდა აღსანიშნავი იყო, მაგრამ ამ პოზიციის განმტკიცებას ბევრად უფრო მეტი მუშაობა დასჭირდება.
[foreignpress.ge]