ევროპის აუხდენელი ტრანსკონტინენტური ოცნება მილსადენზე

ევროპის აუხდენელი ტრანსკონტინენტური ოცნება მილსადენზე

ახლახანს ბრიუსელში მოგზაურობის დროს გაოცებული დავრჩი იმით, რომ „ნაბუქოს“ მილსადენის გარშემო გაუგებრობა ევროპელებში იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. ამ დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული, თუმცა ჯერ კიდევ დონკიხოტურ სტადიაში მყოფი პროექტის მიზანი, მილსადენით ცენტრალური აზიის გაზის საბადოების ევროპასთან დაკავშირებაა 

„ნაბუქოს“ გაზსადენმა უნდა შეამციროს ევროპული ქვეყნების დამოკიდებულება რუსულ „გაზპრომზე“. ჩემი აზრით, დღეისთვის ეს დიდწილად ამერიკის აკვიატებული იდეაა და მიუხედავად იმისა, რომ ევროპელები ამ ფაქტს უარყოფენ, როგორც ჩანს ამ მანიით ისინიც შეპყრობილები არიან. მოკლედ, თურქმენულ პოლიტიკას სერიოზული მასტიმულირებელი ბიძგი სჭირდება.

დასაწყისისთვის, ცოტა რამ საკითხის ისტორიის შესახებ. 1990-იან წლებში ვაშინგტონმა თურქმენეთიდან გაზსადენის მშენებლობის მხარდაჭერა გადაწყვიტა. იდეა აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძის შექმნაში მდგომარეობდა, რომელიც წარსულში საბჭოთა ცენტრალურ აზიას და კავკასიას ევროპასთან დააკავშირებდა. ამ ღერძის მეორე ნაწილი უპრობლემოდ შეიქმნა. აზერბაიჯანმა და საქართველომ თავიდანვე დაუჭირეს მხარი ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის და ასევე პარალელური გაზსადენის გაყვანის გეგმას, მაგრამ მათ მხარი არ დაუჭირეს ცენტრალურ აზიაში მილსადენის სისტემის აღმოსავლეთ ნაწილის მშენებლობას, კერძოდ თურქმენეთში (ამის შესახებ უფრო დეტალურად, ქვემოთ) და ეს რეგიონი აღნიშნულ ღერძთან დღემდე არ არის მიერთებული. 

სინამდვილეში „ნაბუქო“ შესანიშნავი პროექტია, თუ არ ჩავთვლით შემდეგ გარემოებებს: 1. ჯერ-ჯერობით დაუდასტურებელ გაზის მარაგებს, რომლებმაც ამ მილსადენში უნდა გაიაროს; 2. ისინი რომც არსებობდეს, მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება და იმის არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ 30-წლიან პერიოდში, რომელიც აუცილებელია იმისთვის რომ პროექტმა თავისი თვითღირებულება გამოისყიდოს, ამ გაზს ვინმე იყიდის. 

თუმცა, ამ ადამიანებისთვის ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენს და ისინიც განაგრძობენ „ნაბუქოზე“ საუბარს. ასე იყო გასულ კვირას ბრიუსელში ამ თემაზე ჯგუფური დისკუსიის დროს, რომელშიც მეც ვმონაწილობდი. დისკუსიის ორგანიზატორი ორგანიზაცია „ევროპის მეგობრები“ გახლდათ.

„ევროპის მეგობრები“ ძალიან საინტერესო ორგანიზაციაა. მას Financial Times-ის ყოფილი კორესპონდენტი ჯაილს მერიტი და საინფორმაციო ინტერნეტ-რესურსის EurActiv-ის ხელმძღვანელი ვილი დე ბაკერი ხელმძღვანელობენ. ორგანიზაციის სახელწოდება მაცდურია, რადგან მერიტს მე ვერაფრით ვერ ვუწოდებ მეგობრულად განწყობილს. ის ბევრს იღიმება, მაგრამ აგრესიულად იქცევა და გასულ კვირას მისთვის დამახასიათებელი მანერით მან ტყავი გააძრო ევროკავშირის ენერგეტიკული სფეროს და ინდუსტრიის ხელმძღვანელ პირებს, რომლებსაც განმარტებებს სთხოვდა: რატომ ფიქრობენ ისინი, რომ ზოგადად შესაძლებელია საერთო ევროპული ენერგეტიკული პოლიტიკა. 

რაც შეეხება მილსადენებს, აქ მერიტი მართალია. დებატების დროს ევროკავშირის ერთ-ერთი წარმომადგენელი გამეტებით აპროტესტებდა პესიმისტურ პროგნოზებს თურქმენული გაზის ევროპამდე მიღწევის პერსპექტივაზე. რატომ? “იმიტომ, რომ თურქმენებმა ევროკავშირს განუცხადეს, რომ მათ ასეთი გეგმები აქვთ” – თქვა მან. გარდა ამისა, მათ განაცხადეს, რომ დღეს მილსადენის მშენებლობა არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება და პირველი პოზიტიური ნაბიჯის თვალსაზრისით შესაძლებელი იქნებოდა თხევადი ბუნებრივი აირის თურქმენული პორტიდან „თურქმენბაში“ კასპიის გავლით ხომალდებით გადაზიდვა. უცბად, დარბაზში ერთი ადამიანი წამოდგა, რომელიც თითქოს კარნახით მოქმედებდა, თავი წარმოადგინა თურქმენეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლად და განაცხადა, რომ “დიახ ყველაფერი მართალია – თურქმენეთი მილსადენის მშენებლობის მომხრეა, თუმცა თავიდან ასეთი მიწოდებებით დაწყებაა საჭირო”.

შეგიძლიათ სკეპტიკოსი მიწოდოთ, მაგრამ ცოტა ხნით ადრე დებატების დროს ერთ-ერთმა გამომსვლელმა სხვა თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ ყური იმას კი არ უნდა დაუგდონ თუ რას ამბობენ ადამიანები, არამედ შევხედოთ, თუ რას აკეთებენ ისინი. მოდით თვალი გადავავლოთ გასულ ათწლეულს და იმას, თუ რას აცხადებდა და როგორ მოქმედებდა იმ დროს თურქმენეთი. 

1990-იანი წლების ბოლოს აშხაბადმა უარი თქვა ტრანსკავკასიური ხაზის მშენებლობის შესახებ კონსორციუმის წინადადებაზე, რომელშიც კომპანიები Bechtel და General Electric შედიოდა. ჩვენს მკითხველს ამ უარის მიზეზი ახსოვს: ამ კომპანიებმა არ მოისურვეს გერმანულ ბანკში იმდროინდელი პრეზიდენტის, საფარმურატ ნიაზოვის სახელზე ანგარიშზე 500 მილიონი დოლარის შეტანა. 1990-იანი წლების ბოლოს ნიაზოვმა და ამ რეგიონის სხვა ქვეყნების ზოგიერთმა ლიდერმა სულელური ფარსი მოაწყვეს და შუა უდაბნოში ორი მილსადენი შეადუღეს, შეეცადნენ რა გაზსადენის ავღანეთის გავლით გაყვანას. ეს მცდელობა ჩაიშალა და ამ ობოლ განშტოებას არავინ არ მიუერთდა. 

სამთავრობო ჩინოვნიკები და დარგობრივი კომპანიების ხელმძღვანელები დროდადრო აშხაბადში მიემგზავრებოდნენ და უშედეგოდ ცდილობდნენ მილსადენის მშენებლობაზე დიდი უფროსის დათანხმებას. 2006 წელს ნიაზოვის გარდაცვალების შემდეგ ისინი მისი მემკვიდრის, პრეზიდენტ გურბანგულ ბერდიმუჰამედოვის დათანხმებას ცდილობენ. ჯერ-ჯერობით ბერდიმუჰამედოვის პასუხების არსი შემდეგშია: “გაზსადენი თვითონ ააშენეთ, ჩვენ კი მას გამოვიყენებთ”. რადგან ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმას ვერავინ ბედავს ჩინელების გარდა, თურქმენები დასავლეთის წინადადებას ბლეფად აღიქვამენ (მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი ამ თემაზე საუბარს არ წყვეტს).

რატომ არ სურთ თურქმენებს გაზის მიწოდება? ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მათ საშინლად ეშინიათ რუსების შესაძლო რეაქციის. მხოლოდ წარმოდგენა შეიძლება იმის, თუ რა აზრები ტრიალებს მათ თავში ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ეს შიში რეალურად იგრძნობა. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ღერძი აღმოსავლეთისკენ გადაადგილდება. თურქმენულ გაზს ჩინელები ყიდულობენ და იმ განშტოებით მარაგდებიან, რომელიც თავად ააშენეს, ხოლო თურქმენებს იმედი აქვთ, რომ გაზის უფრო მეტ რაოდენობას გადაქაჩავენ სამხრეთის მიმართულებით ირანის და ასევე ავღანეთის გავლით. 

და „ნაბუქოს“ რა დარჩება? არსებობს აზერბაიჯანული გაზის მცირე მარაგები, რომლის მიღებაც შესაძლებელი გახდება შაჰ-დენიზის საბადოს მეორე რიგიდან. შეიძლება, ქურთები მოურიგდნენ ბაღდადის მთავრობას და ჩრდილოეთის მიმართულებით დაიწყონ გაზის გადაქაჩვა, თუმცა საერთო ჯამში აშკარად არასაკმარისი რაოდენობაა იმისთვის, რომ გაზსადენის მშენებლობა ღირდეს.

ამავდროულად კი ჰორიზონტზე ფიქალის აირის ბუმი მოსჩანს. ჭექა-ქუხილის ხმები უკვე გაისმის, რადგან ეს გაზის აშშ-ს მოთხოვნილებების მნიშვნელოვან ნაწილს აკმაყოფილებს და გლობალურ ენერგეტიკულ სურათს ცვლის. თხევადი ბუნებრივი აირის მწარმოებლები, ისეთები როგორიც მაგალითად ყატარია, ახალ პირობებში იძულებულები არიან შეცვალონ თავიანთი მიწოდებების მიმართულება ევროპასა და სხვა ადგილებზე. შესაბამისად, დღეს აბსოლუტურად გაურკვეველია, საკმარისი იქნება თუ არა პერსპექტივაში ევროპული მოთხოვნილება იმისთვის, რომ „ნაბუქოს“ მშენებლობის ხარჯები გაამართლოს, რაც შეფასებით 8 მილიარდი დოლარია.

მოკლედ რომ ვთქვათ, „ნაბუქოს“ პროექტი მოვლენების მდინარებაში იკარგება.

ახალი ინფორმაცია: Reuters იუწყება, რომ თურქმენეთმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ევროპას ყოველწლიურად 40 მილიარდ კუბომეტრ გაზს მიაწვდის. როგორც თურქმენეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ბეიმურად ჰოჯამუჰამედოვმა განაცხადა, კასპიისპირა სახელმწიფოების უმრავლესობა დათანხმდა იმას, რომ ნებისმიერი ორი, ამ ხუთი ქვეყნიდან, რომლებსაც გასასვლელი კასპიის ზღვაზე აქვთ, ურთიერთშეთანხმებით შეძლებენ წყალქვეშა მილსადენების გაყვანას. სახელწმიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის პასუხი ამ განცხადებაზე, რომელიც ელექტრონული ფოსტით გაიგზავნა, ასეთია: „მე (ისევე როგორც აზერბაიჯანლები) ამ საკითხს კვლავ სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ ეს არის ის მაქსიმუმი, რაც თურქმენებმა დღეისთვის გააკეთეს“.

როგორც ადრე ითქვა, ასეთი ეჭვებისთვის უამრავი საფუძველი არსებობს, კერძოდ ის რომ თუკი მათ შორის ვინც თანხმაა რუსეთი და ირანი არ არიან, მაშინ შეთანხმება რომელზეც ჰოჯამუჰამედოვი საუბრობდა, ბევრს არაფერს ნიშნავს. გარდა ამისა, ეს რომ სწორედ ის სიტყვები ყოფილიყო, რომელსაც ყველა ელოდება, დამიჯერეთ ამის შესახებ ვაშინგტონის და ბრიუსელის ყველა მოსახვევში ილაპარაკებდნენ, მაგრამ ორივე დედაქალაქში სიჩუმეა.
[Foreignpress.ge]