ფქვილი გაძვირდა, როდის დაიწყება საუბარი პურპროდუქტების გაძვირებაზე?

ფქვილი გაძვირდა, როდის დაიწყება საუბარი პურპროდუქტების გაძვირებაზე?

ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო ფქვილი გაძვირდა და უკვე იმ ნიშნულს მიაწღია, რომლის მიღმაც პურპროდუქტების გაძვირებაზე იწყება საუბარი. ახლა უკვე ოდნავი რყევაც საკმარისია, რომ ქვეყანაში პურის ფასის ზრდაზე დაიწყოს საუბარი.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევა სილაგავა ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში 1 ტომარა ფქვილის ფასმა 2 ლარით მოიმატა. ამ ყველაფრის მიზეზი კი ლარის სწრაფი დევალვაცია გახდა.

„ჩვენ დამოკიდებული ვართ გარე ბაზარზე. დღესდღეობით საერთაშორისო ბირჟებე ხორბლის ფასი არის სტაბილური, დამატებით დადებითი ფაქტორია, რომ ადგილობრივი ხორბლის მოსავალი მცირე, მაგრამ მაინც არის. უარყოფითი ფაქტორია, რომ ვალუტის სწრაფი გაუფასურება ხდება, შესაბამისად, ეს ნედლეულის ფასზე აისახება. 

დღევანდელი მდგომარეობით, ერთი ტომარა ფქვილი გაძვირებულია 1-2 ლარით. ზოგმა წისქვილკომბინატმა მოუმატა ფასს. ჩვენ გარდამავალი მარაგი გვაქვს, თუმცა ყოველი შემდეგი შემოტანა არის უფრო ძვირი, შესაბამისად, როცა შემდეგი შემოტანა ძვირია, ის მთლიანობაში აისახება თვითღირებულებაზე. 1-2 ლარით ფქვილის გაძვირება არ არის დრამატული, რადგან მას ფასში სერიოზული ასახვა არ შეუძლია“, - განაცხადა სილაგავამ.

ამჟამად ერთი ტომარა უმაღლესი ხარისხის ფქვილის ფასმა 50 ლარს მიაღწია, მაგრამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი აცხადებს, რომ ხორბლის გაძვირებას აღარ უნდა ველოდოთ. შესაბამისად, პურპროდუქტებზე ფასის ზრდაც მოსალოდნელი არ არის.

„სამწუხაროდ, ხორბლის ფასის მდგენელი არ არის ადგილობრივ ხორბლის წარმოებაზე დამოკიდებული. ჩვენ დამოკიდებული ვართ საერთაშორისო ფასებზე. წელს არცთუ ძალიან მაღალი მოსავალია ჩვენს მიმდებარე რეგიონებში, თუმცა საფასო პოლიტიკის თვალსაზრისით განსაკუთრებული რყევები და ზრდა ჯერჯერობით არ შეინიშნება.

ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ რადიკალურ გაძვირებას და მსგავს ღონისძიებებს არ უნდა ველოდოთ. თუმცა, მინდა ცალსახად დავაფიქსირო, რომ ხორბლის შემთხვევაში თითქმის მთლიანად დაფუძნებული ვართ იმპორტულ პროდუქციაზე, ამიტომ მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები ბუნებრივია გავლენას ახდენს ქვეყნის შიგნით არსებულ საფასო პოლიტიკაზე“, - აცხადებს ხანიშვილი.

ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე მოსალოდნელია თუ არა ხორბლის გაძვირება? იმპორტიორები სწორედ ამ მიზეზს იშველიებენ, როცა ფასების ზრდაზე საუბრობენ. ხანიშვილი კი ამბობს, რომ თუ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი გაიზრდება, ლარი რომც გამყარდეს, გაძვირება მაინც მოხდება.

„ეკონომიკაში ძალიან ბევრი რამაა ერთმანეთზე მიბმული, მაგრამ მათ შორის ყველაფერი ლარის კურსზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული. საფასო პოლიტიკის ძალიან ბევრ კომპონენტიანი მდგენელია, მათ შორისაა ლარის კურსი. თუკი ხორბლის ფასი მსოფლიო ბაზარზე შემცირდება და სტაბილურად იქნება დაბალი ნიშნული, მაშინ ლარის ასეთი კურსის პირობებში არ არსებობს წინაპირობა, რომ მკვეთრ გაძვირებას ველოდოთ. თუ მსოფლიო ბაზარზე ფასები გაიზარდა, ლარი ბევრად უფრო მყარიც რომ იყოს, მაშინ მოსალოდნელი იქნება მისი გაძვირება. 85%-ით იმპორტულ ხორბალზე ვართ დამოკიდებული, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავზარდოთ ადგილობრივი წარმოება“, - განაცხადა ხანიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანაში ხობლის დეფიციტი არ არის და საიმპორტო ბაზრები უკვე დივერსიფიცირებულია რუსეთისა და ყაზახეთის მიმართულებით, ასევე ხორბლის შემოტანა განიხილება უკრაინიდანაც.