საქართველოში პროდუქტების გაძვირების ტალღა დაიწყო. ყველაზე მტკივნეული კი ის არის, რომ ძვირდება შედარებით იაფი ადგილობრივი სურსათი. საუბარი აღარ არის იმპორტირებულ პროდუქტებზე, საწვავსა თუ მედიკამენტებზე, რომლებზეც ფასი ლამის ყოველდღიურ რეჟიმში იცვლება.
თბილისის აგრარულ ბაზრებში თუ ერთი თვის წინ ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის ყიდვა 15 ლარად იყო შესაძლებელი, ახლა 17 ლარი ღირს. უფრო ძვირი ღირს ხორცი უბნის მაღაზიებში, დაახლოებით 18 ლარი. ფერმერები ამბობენ, რომ ფასის ზრდა საქონლის ხორცის დეფიციტმა გამოიწვია. პარალელურად მიზეზთა შორისაა ლარის გაუფასურებაც.
საქონლის ხორცის კიდევ უფრო გაძვირებას ვარაუდობს ფერმერი ბექა გონაშვილი. მისივე თქმით, პრობლემას ქმნის ადგილობრივი წარმოების არქონა, რაც მომავალშიც ხორცზე ფასის ზრდის მთავარი გამომწვევი მიზეზი იქნება.
„აუცილებლად მოიმატებს ფასი. სექტემბერში და ოქტომბერში ფასმა, წესით, არ უნდა მოიმატოს, იმიტომ რომ, ის სულადობები, რაც ხალხმა მთაში აიყვანა, ბუნებრივ საძოვრებზე, სექტემბერ-ოქტომბერში ჩამოვლენ და ამ პერიოდში შედარებით ჭარბი სულადობა იქნება, მაგრამ ნოემბრიდან ისევ ცოცხალი საქონლის დეფიციტი იქნება ქვეყანაში და ისევ აუცილებად გაიზრდება ხორცის ფასი. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ წარმოება არ გვაქვს ქვეყანაში, რაც ალბათ, სახელმწიფომ უნდა წაახალისოს“, - აცხადებს გონაშვილი.
გაძვირება შეეხო ღორის ხორცისაც, რომლის ფასიც 11 ლარიდან 13 ლარამდე ავიდა. მაღალი ფასებია სეზონურ აგროპროდუქტებზეც. თუკი შარშან 1 კგ პომიდვრის ფასი დაახლოებით 1 ლარს შეადგენდა, ამჟამად 1.50 ლარია და ერთი წლის განმავლობაში 50%-იანი გაძვირება სახეზეა. ერთი კილო საზამთრო შარშან თუ 35 თეთრი ღირდა, წელს 50 თეთრი ღირს და 42%-ითაა გაძვირებული. ბადრიჯნის ფასი კი აგრარულ ბაზრებში 60 თეთრიდან 1 ლარამდე გაიზარდა.
აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე ადასტურებს, რომ დიდი ხანია რეალური ინფლაცია მიზნობრივს გადასცდა და მოსახლეობის დიდი ნაწილზე ეს უარყოფითად ასახულია.
„ფასების მატება კიდევ მეტადაა მოსალოდნელი. ამ ეტაპზე კი იმდენად ხელშესახებია ზრდა, რომ ამას არ სჭირდება ციფრები და სტატისტიკა. თვიდან თვემდე დახლებზე, ბენზინგასამართ სადგურებსა და აფთიაქებში სხვა ფასი გვხვდება. იმპორტდამოკიდებული ქვეყნისათვის კი იმ მასშტაბის გაუფასურება, რაც ბოლო ორი თვეა მიმდინარეობს ნელ-ნელა ჰპოვებს ასახვას, განსაკუთრებით კი დაბალშემოსავლიან ფენებზე, რომელთა მიმართაც წნეხიც გაიზრდება. ისინი კი ქვეყნის დიდი უმრავლესობა არიან“, - აღნიშნა სილაგაძემ.
ფასები ზრდას და ინფლაციურ პროცესებს ნაწილობრივ გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, თუმცა ისევე როგორც წინა შემთხვევებში, კონკრეტული აზრის გამოტანა გაჭირდა. სებ-ის პრეზიდენტის ნათქვამიდან ირკვევა, რომ კობა გვენეტაძე ამჟამინდელ ინფლაციას საგანგაშოდ არ მიიჩნევს.
„ეროვნული ბანკის ძირითადი მანდატი მოგეხსენებათ რომ არის ინფლაცია, დაბალი და სტაბილური ინფლაციის შენარჩუნება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახეთ, რომ კურსის განვითარება გავლენას ახდენს ინფლაციაზე, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებითაც მოვახდენთ გავლენას, განვახორციელებთ ამ ზომებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ სიტუაციას“, - აღნიშნა გვენეტაძემ.