„კობა გვენეტაძეს თუ პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია, მაშინ უნდა დატოვოს თანამდებობა“

„კობა გვენეტაძეს თუ პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია, მაშინ უნდა დატოვოს თანამდებობა“

თუკი ბოლო წლებში საუბარი მიმდინარეობდა სავალუტო კრიზისზე და მისი გამოწორების გზებზე, ახლა უკვე ყველამ დაინახა, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის წინაშეა. ეს უკვე იმდენად თვალში საცემი გახდა, რომ ამაზე საუბრობენ პოლიტიკოსები, ეკონომისტები და მსხვილი ბიზნესმენებიც კი, რომელებიც მაქსიმალურად ერიდებიან მკვეთრი განცხადებების გაკეთებას. როგორც ჩანს, ვითარება იმდენად რთულია, რომ პირში წყლის ჩაგუბებას აზრი აღარ აქვს.

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აფასებს და ამბობს, რომ არსებულ სიტუაციაში ეკონომიკა რეალურად ვერაფრით გაუმჯობესდება.

„დღეს სახელმწიფო შესყიდვებს ვერ ახორციელებს, რადგანაც ნებისმიერ ტენდერში, უცხოური ვალუტის მდგენელი არის ძალიან დიდი და ჩადებულია 7-8 პროცენტიანი მოგების ზღვარი. ასეთი რყევების პირობებში კი, ტენდერის ჩატარების შესაძლებლობა ნაკლებია. შესყიდვები არ ხდება, ე.ი. ფული არ იხარჯება. ფული არ იხარჯება, ე.ი. ეკონომიკა არ იზრდება. ეს ყველაფერი კი, ჩვენს მთავრობას არც აინტერესებს. გამოდიან და თავის ბუღალტერიას ხატავენ: ანუ, მაშინ, როდესაც ცხოვრების დონე გაუმჯობესდა კი არა, სულ უკან და უკან მიდის, მთავრობა 5 და 6-პროცენტიან ზრდას გვაჩვენებს.

მოკლედ, ბუღალტრულად ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ეკონომიკა რეალურად ნამდვილად ვერ გაიზრდება. და ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც შენი ლარი სუსტდება, რომელი ინვესტორი გაჩერდება ქვეყანაში? ინვესტორი გაიქცევა, აბა, რას იზამს?

ისე კი, ზოგადად, ქვეყნის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა და ინვესტიციების მომზიდავი სამშენებლო სექტორი იყო, რომელიც დღეს პრაქტიკულად გაჩერებულია და 2-3 კომპანიის ხელშია გადასული.

მოკლედ, დღეს ქართული ეკონომიკა ისეთ ჩიხში შედის, საიდანაც გამოსავალი უახლოესი 2-3 წელი არ იქნება“, - აცხადებს დეპუტატი.

პოლიტიკოსებს რომ თავი დავანებოთ, მოსალდნელ ეკონომიკურ კრახზე უკვე ბიზნესმენები საუბრობენ. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია ამბობს, რომ ქვეყანა ეკონომიკურად მიდის არსაით.

„ჩვენ გვიყვარს უკიდურესობაში გადავარდნა - ზოგჯერ ან ძალიან ევროპელი ვართ, ან ძალიან აზიელი და გვავიწყდება, რომ ყველაზე კარგია, ვიყოთ ზომიერი. საქართველოს სჭირდება ყველა იმ ქვეყანასთან ვაჭრობა, რომლებიც საქართველოს ეკონომიკასა და ხალხს მოუტანს სიმდიდრესა და კეთილდღეობას, ოღონდ იმ ფარგლებში, რომ ჩვენი ეროვნული ღირსებები შევინარჩუნოთ, გავაძლიეროთ და პატივი ვცეთ.

ამიტომ ის, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში მოხდა, სხვა არაფერია, თუ არა არასწორი ქცევისა და დაგეგმვის შედეგი. დღევანდელი ეკონომიკაც, სამწუხაროდ, არასწორად დაგეგმილი პოლიტიკური პროცესების სარკეა.

როგორ შეიძლება პროგრესსა და განვითარებაზე ლაპარაკი მაშინ, როცა იმაზე ფიქრობ, არ გაკოტრდე, პარტნიორი არ დაკარგო, ხელფასები დროზე გასცე, მოტივაცია არ დაკარგო და როგორ გამოძვრე კრიზისული ვითარებიდან. ასეთ დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც არაფერს ამბობს და, მგონი, არც არაფერს აკეთებს, უნდა გველაპარაკებოდეს ლარის კურსის რყევის მიზეზებზე, პროგნოზებზე, ოღონდ რეალობასთან მიახლოებულ გათვლებს უნდა აკეთებდეს. იგივე მოეთხოვება ფინანსთა მინისტრსაც. ესენი კი დემოკრატიაზე გველაპარაკებიან და კომუნისტური ლოზუნგებით საუბრობენ. კომუნიზმი კარგი რომ ყოფილიყო, საბჭოთა კავშირი კი არ დაინგრეოდა“, - აცხადებს „ინტერპრესნიუსთან“ ჭყონია.

მის პათოსს იზიარებს ბიზნესმენი ზურაბ ტყემალაძეც, რომელიც აღნიშნავს, რომ ლარის კურსის მდგომარეობა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. განუწყვეტელ დევალვაციას ეკონომიკა ჩიხში შეჰყავს და პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა თავდაუზოგავი მუშაობა.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა დასახოს გეგმები და პრობლემის მოგვარების ოპტიმალურ გზებს უნდა მიმართოს, რადგან რთული მდგომარეობაა ქვეყანაში. ლარის კურსი უნდა დარეგულირდეს სასწრაფოდ და ამაში უნდა ჩაიდოს მაქსიმალური ძალისხმევა, წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობა გაურესდება. კობა გვენეტაძეს თუკი პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა დატოვოს თანამდებობა“, - აღნიშნა ტყემალაძემ.