იმ დროს, როდესაც ლარის კურსი სტაბილური უნდა იყოს, ხოლო საწვავი უნდა იაფდებოდეს, ქვეყანაში აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. ეროვნული ვალუტა გაუფასურების რეკორდებს ამყარებს, ხოლო დამფრთხალი იმპორტიორები პროდუქციას აძვირებენ. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია საწვავის ფასების მიმართულებით. სწორედ ლარის ვარდნის გამო, ივლისში ბენზინი და დიზელი 10-15 თეთრით გაძვირდა.
ავტოგასამართი სადგურების დიდ ნაწილში საწვავი ხუთი თეთრით გაძვირდა. „რეგულარის“ ტიპის საწვავის ფასი „გალფის“ ქსელში 2.54 ლარი გახდა, „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ ქსელში – 2.53 ლარი, „რომპეტროლის“ ქსელში – 2.54 ლარი, „ვისოლის ქსელში“ – 2.59 ლარი. ბენზინი ხუთი თეთრით გაძვირდა ივლისის დასაწყისშიც. მიზეზად ლარის გაუფასურება და საწვავის საერთაშორისო ფასების გაზრდა დასახელდა.
ლარი ბოლო პერიოდში მართლაც უფასურდება, ხოლო რაც შეეხება მსოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებას, იქ შედარებით ვითარება გასწორდა და ნავთობრპოდუქტებმა გაიაფება დაიწყო. მაგალითად, „პლატცის“ ფასით 1 ტ. ბენზინის ღირებულება 632 დოლარით განისაზღვრა, ხოლო ამავე მოცულობის დიზელის ფასი 575 დოლარია. ეს დაახლოებით 40-დოლარიან შემცირებას უტოლდება, თუმცა ადგილობრივ ბაზარს ვერაფერს შველის. საქმე ისაა, რომ ლარის მკვეთრი დევალვაციის გამო ქვეყანაში იმდენად არაორდინალური ვითარებაა შექმნილი, რომ გაიაფებაზე საუბარი წარმოუდგენელია. ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი მხოლოდ იმის იმედს იძლევა, რომ ფასები სტაბილური იქნება.
„ზოგადად, როდესაც ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში არასტაბილურია და ბოლო პერიოდში ვაკვირდებით, რომ მისი ვარდნა საკმაოდ მასშტაბურია, რა თქმა უნდა, ეს არა მხოლოდ ჩვენი ინდუსტრიისთვის, არამედ ზოგადად ბიზნესისთვის საკმაოდ ნეგატიური შედეგის მომტანია. კომპანიები ამის გამო ძალიან დიდი პრობლემების წინაშე არ დგანან, საკითხი ბოლომდე ასე არ არის, თუმცა საკმაოდ დიდი გაურკვევლობაა ბაზარზე. კომპანიები კურსის ცვლილების სხვაობის გამო დრო და დრო ზარალობენ და ამიტომ ახლა გაიაფებაზე საუბარი წარმოუდგენელია“, - განაცხადა მთვრალაშვილმა.
რასაკვირველია, როდესაც ეროვნულმა ვალუტამ ყოველგვარი ლოგიკურობის ზღვარი დაარღვია და შუა ზაფხულში ასე უფასურდება, ბიზნესს ფასების ზრდაში უკვე ვეღარავინ დაადანაშაულებს. ამ თვალსაზრისით ვითარება დრამატულია. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ ისტორიულ გაუფასურებაზე, უკვე ყველამ ხელი ჩაიქნია, აღარავინ იღებს პასუხისმგებლობას და ეს არის ყველა პროდუქტისა და პროდუქციის გაძვირების მიზეზი.
„ახლა კომპანიებს ნამდვილად აქვთ ობიექტური მიზეზი, რომ საწვავი გააძვირონ. ბოლო თვენახევრიან მონაკვეთში, ფასები იცვლებოდა კლებისა და ზრდის მიმართულებით. ამასობაში საქართველოში დაახლოებით 14 პუნქტით გაუფასურდა ლარი და ვერ გამყარდა ისე, როგორც გაუფასურდა. ერთი შეხედვით, იმპორტიორებს რეალურად აქვთ საფუძველი, რომ ფასების კორექტირება მოახდინონ.
მდგომარეობა დღეს საკმაოდ მძიმეა, გაცვლითი კურსის მიმართულებით რთული სიტუაციაა და ამ პრობლემას ნავთობიმპორტიორები ხელოვნურადაც ამწვავებენ. თუ ვინმე ხაზს უსვამს, რომ რეზერვების ამოწურვის შემდეგ დაიწყეს გაძვირება, ეს არ არის სწორი აქცენტი. ლარმაც ბოლოს და ბოლოს რაღაც წონასწორობის წერტილი უნდა იპოვოს“, - ამბობს ანალიტიკოსი.