ოქრუაშვილი გალიაში ბრუნდება

ოქრუაშვილი გალიაში ბრუნდება

ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილოება – ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. ასევე, შსს–ს ინფორმაციით, ოქრუაშვილი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ოქრუაშვილის გარდა დაკავებულია 4 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია 17 პირი, მათ შორის - ნიკა მელია.

რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას, ის „რუსთავი 2“–ის შენობიდან გასვლის შემდეგ დააკავეს. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი „რუსთავი 2“–ში გადაცემა „ვანოს შოუში“ იმყოფებოდა. გამოძიება ამბობს, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას.

როგორც ირკვევა მის თანხმლებ პირებთან ერთად იყო „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გუბაზ სანიკიძე, რომელიც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხულია. არაოფიციალური ინფორმაციით, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით გამოძიება ბრალს წაუყენებს გუბაზ სანიკიძეს, რომლის განცხადებით, დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები და ირაკლი ოქრუაშვილი არის პოლიტპატიმარი. სანიკიძე ფიქრობს, რომ ოქრუაშვილის დაკავება ივანიშვილის ხელისუფლების კრახს დააჩქარებს.

„ირაკლი ოქრუაშვილი სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებითაა დაკავებული. დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები და ირაკლი ოქრუაშვილი არის პოლიტპატიმარი, ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი. ეს მხოლოდ ერთ რამეს მოიტანს, დააჩქარებს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მარცხსა და კრახს. ისე ბიძინას მინდა ვუთხრა, რომ ეს მისი ძალიან სერიოზული შეცდომაა და აწი ელოდოს სურპრიზებს“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

„გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელის ვახტანგ გოძიაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანივილმა მათ ყველაფერი წაართვა და ცდილობს ოქრუაშვილი საბრალდებო სკამზე დასვას.

„ირაკლი ოქრუაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 315–ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობის შესაცვლელად შეთქმულებას ან ამბოხებას გულისხმობს. არ აქვს მნიშვნელობა, რა მუხლით არის დაკავებული, ფაქტია, რომ ბიძინა ივანივილმა ყველაფერი წაგვართვა და ცდილობს ოქრუაშვილი საბრალდებო სკამზე დასვას“, – განაცხადა ვახტანგ გოძიაშვილმა.