თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთჯერადი მგზავრობის საფასური შესაძლოა, 80 თეთრიდან 1 ლარამდე დაწესდეს. გარდა ამისა, თბილისში, სხვა ქალაქებიდან შემომავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას ვერ შეძლებს და მას მგზავრების მიყვანა სპეციალური გადაჯდომის წერტილებამდე შეეძლება. დაახლოებით წელწადნახევრის განმავლობაში ცვლილებები კიდევ გაგრძელდება.
„სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელის ასმათ აბესაძის თქმით, შემოვა ერთიანი გადახდის სისტემა და ერთი გადახდით მგზავრი საათნახევრის განმავლობაში ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებს.
„მგონია, რომ საათნახევარი მგზავრობა მინიმუმ 80 თეთრიდან 1-ლარამდე იქნება, ოღონდ ამ ინტეგრირებულ ტარიფში შევა მიკროავტობუსებიც. ვიღაცას მგზავრობა გაუიაფდება, ვიღაცას იგივე დარჩება. არავის მგზავრობა არ გაუძვირდება, მაგრამ გაუმჯობესდება მომსახურება. გარდა ამისა, ნაღდი ფულით გადახდა საერთოდ ამოვარდება. იქნება ჩვეულებრივი სამგზავრო ბარათები, სადაც ჩავრიცხავთ კონკრეტულ თანხას და ვიმგზავრებთ. რომ არ შეიქმნას დისკომფორტი, ყველა ძირითად გაჩერებაზე გვექნება ჩარიცხვის აპარატები. ასევე, შეგვეძლება გადავიხადოთ საბანკო ბარათებითაც. გაბილეთიანების საკითხს „საქართველოს ბანკი“ მოაგვარებს და ახალი ტიპის ბარათებსაც დაამზადებს“, - განაცხადა აბესაძემ.
საათნახევრის გასვლის შემდეგ მგზავრს შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის უფლება აღარ ექნება და მას მგზავრობის საფასურის საწყისი თანხის გადახდა მოუწევს.
„თავდაპირველი მგზავრობიდან საათნახევრის შემდეგ, მგზავრობის საფასური საწყის თანხას დაუბრუნდება, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთჯერადი ბილეთი გაქვთ ნაყიდი. თუ ნაყიდი გექნებათ ხანგრძლივვადიანი ბარათი, რამდენჯერაც გინდათ იმდენჯერ იმგზავრებთ. გავლების რაოდენობა არ დაფიქსირდება. მხოლოდ ბარათი იქნება ვადიანი“, - განაცხადა აბესაძემ.
რაც შეეხება გრძელვადიან ბარათებს, იგი შეიძლება იყოს ერთჯერადი მგზავრობის, ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი, 6-თვიანი და ერთწლიანი.
სამგზავრო ტარიფის ცვლილებას პრაქტიკულად ადასტურებენ ქალაქის მერიაში, თუმცა თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მას კონკრეტული პასუხი არ აქვს იმის შესახებ, თუ რა ეღირება საერთო ბილეთით ავტობუსით, მეტროთი და მიკროავტობუსით მგზავრობა, რომლის დანერგვაც 2021 წლის ზაფხულიდან იგეგმება. ბილეთის საფასურის დეტალური გაანგარიშება ჯერ გაკეთებული არ არის.
ჟურნალისტების კითხვაზე - შეიცვლება თუ არა სამგზავრო ფასი, ხმალაძე პასუხობს, რომ „შეწონილი ტარიფის განსაზღვრა მოხდება“.
„დღეს ჩვენ ავტობუსებში და მეტროში ინტეგრირებული გადახდის სისტემა გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ვთქვათ ავტობუსში მგზავრმა მგზავრობის საფასური გადაიხადა, საათნახევრის განმავლობაში, მეტროში გადაჯდომის შემთხვევაში, თანხის გადახდა არ მოუწევს. ამ საათნახევრიან უფასო გადაჯდომაში ჩაერთვება მიკროავტობუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდით სამი სახეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტით შევძლებთ მგზავრობას. ეს არის 2-წლიანი რეფორმა, რომელიც 2021 წლის ზაფხულში უკვე ახალი სისტემით დაიწყებს ფუნქციობას“, - აღნიშნა ხმალაძემ.
სამომავლო სატრანსპორტო ცვლილება მარტოოდენ ტარიფების კორექციით არ შემოიფარგლება. იგეგმება სამარშრუტო სქემების გადალაგებაც. მაგალითად, ასეთია გადაწყვეტილებ, რომლის მიხედვითაც თბილისში, სხვა ქალაქებიდან შემომავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას ვერ შეძლებს და მას მგზავრების მიყვანა სპეციალური გადაჯდომის წერტილებამდე შეეძლება.
როგორც ასმათ აბესაძემ „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, მგზავრობა ქალაქ თბილისის მერიის მიერ დადგენილ სატერმინალო სადგურში უნდა დასრულდეს.
„ეს არის ძალიან საყურადღებო საკითხი. ჩვენი რეკომენდაციაა, სხვა ქალაქებიდან შემოსულმა მგზავრმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალურად დადგენილ სადგურებზე დაასრულოს მგზავრობა და იქედან გააგრძელოს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თბილისის მერიასთან უნდა იყოს შეთანხმებული მარშრუტი, სად ჩამოსვამს მძღოლი ბათუმიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან თუ სხვა ქალაქიდან შემოსულ მგზავრს. მგზავრობა უნდა დასრულდეს ქალაქ თბილისის მერიის მიერ დადგენილ სატერმინალო სადგურში“, - განაცხადა აბესაძემ.
თუმცა, როგორც აბესაძე ამბობს, მგზავრობის საფასური მოსახლეობას არ გაუძვირდება.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსთავიდან თბილისამდე გადადგილების საფასური შეიცვლება, რადგან მძღოლს მთელი ქალაქის გამოვლა აღარ მოუწევს და მგზავრს თბილისის შემოსასვლელთან დატოვებს, დადგენილ სატერმინალო სადგურთან. ამის შემდეგ მგზავრი თბილისის ტარიფით იმგზავრებს უშუალოდ თბილისში. თანხობრივად არაფერი იცვლება. ერთადერთი ის შეიცვლება, რომ მგზავრმა კეთილი უნდა ინებოს, ჩამოვიდეს ამ სატრანსპორტო საშუალებიდან და გადმოჯდეს თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში. სატერმინალო სადგურები მეტროსთან იქნება მიბმული, მოეწყობა სერიოზული სამგზავრო ჰაბები.
ჩვენ თუ დავტოვეთ ქაოსი ქალაქში, რომელსაც შექმნის საქართველოს ნებისმიერი სხვა ქალაქიდან ჩამოსული ტრანსპორტი, ასე არაფერი გამოვა. ქაღალდზე საქალაქთაშორისო მიმოსვლა თითქოს დარეგულირებულია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, მაგრამ რეალურად რეგულაციები არ მოქმედებს“, - განაცხადა აბესაძემ.