ახლო მომავალში არა, მაგრამ სატრასპორტო სფეროში დაგეგმილი ცვლილების შემდეგ, სავარადოდ, მეტროთი და მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის ღირებულება გაიზრდება. 2021 წლამდე გატარდება ისეთი სატრანსპორტო რეფორმა, რომლის მეშვეობითაც ერთიანი სისტემა შეიქმნება, სადაც სამი სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობისთვის მხოლოდ ერთი ბილეთის აღება იქნება საჭირო.
„ამგვარი ინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ერთიანი სისტემა შეიქმნება. ერთი აღებული ბილეთით შესაძლებელი იქნება როგორც ავტობუსით, ისე მიკროავტობუსით და მეტროთი მგზავრობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
მისი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში სრული პრეზენტაცია იგეგმება. ასეთმა აქტიურობამ ბუნებრივად გააჩინა ეჭვი, იმის შესახებ რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრობის ფასი მიკროავტობუსის მომსახურების ღირებულებას გაუთანაბრდება. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ბიუჯეტიდან ისედაც დიდი ფული იხარჯება, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, მერიამ დოტაცია გაზარდოს. თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მას კონკრეტული პასუხი არ აქვს იმის შესახებ, თუ რა ეღირება საერთო ბილეთით ავტობუსით, მეტროთი და მიკროავტობუსით მგზავრობა, რომლის დანერგვაც 2021 წლის ზაფხულიდან იგეგმება. ბილეთის საფასურის დეტალური გაანგარიშება ჯერ გაკეთებული არ არის.
ჟურნალისტების კითხვაზე - შეიცვლება თუ არა სამგზავრო ფასი, ხმალაძე პასუხობს, რომ „შეწონილი ტარიფის განსაზღვრა მოხდება“.
„დღეს ჩვენ ავტობუსებში და მეტროში ინტეგრირებული გადახდის სისტემა გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ვთქვათ ავტობუსში მგზავრმა მგზავრობის საფასური გადაიხადა, საათნახევრის განმავლობაში, მეტროში გადაჯდომის შემთხვევაში, თანხის გადახდა არ მოუწევს. ამ საათნახევრიან უფასო გადაჯდომაში ჩაერთვება მიკროავტობუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდით სამი სახეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტით შევძლებთ მგზავრობას. ეს არის 2-წლიანი რეფორმა, რომელიც 2021 წლის ზაფხულში უკვე ახალი სისტემით დაიწყებს ფუნქციობას“, - აღნიშნა ხმალაძემ.
როგორი იქნება ბილეთების „შეწონილი ფასის“ დადგენის შემდეგ მგზავრობის ღირებულება ამის პროგნოზირება კომპანია „თბილისის მიკროავტობუსშიც“ უჭირთ, თუმცა დედაქალაქის მერიასთან ჯერ კიდევ 2011 წელს დადებული ხელშეკრულების გადახედვაზე უარს არ ამბობენ. გარდა საბილეთო სისტემის ცვლილებისა, კომპანიას ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლებაც მოუწევს.
„ჩვენ ველოდებით დასკვნას და მერიის პირდაპირ მითითებას. აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს მათთან. კომპანიისთვის აბსოლუტურად მისაღებია ის ფორმა, რა ფორმითაც იგეგმება ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავება თბილისის მერიაში.
ინტეგრირებული ფორმა ეს ნიშნავს, რომ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში უპრობლემოდ და თავის დროზე მიხვიდეთ. შესაძლოა, ამ მანძილზე 2 ტრანსპორტის გამოცვლა მოგიწიოთ. იქნება საუბარი სავარაუდოდ იმაზე, რომ არ მოხდეს ხაზების დუბლირება“, - აცხადებს „ბიზნეს მედიასთან“ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნათია მიქიაშვილი.
სავარაუდოა, რომ დეტალური გაანგარიშების შემდეგ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება გაიზარდოს. რეფორმამდე დარჩენილი პერიოდი იმის დასადგენად იქნება საჭირო რამდენი თეთრით უნდა გაძვირდეს ინტეგრირებული მგზავრობა, რომ დიდად არც მომხმარებელი დაზარალდეს და საზოგადოებრივმა ტრანსპორტის შემოსავლებიც გაიზარდოს.