ფართოდ დახუჭული ყურები

ფართოდ დახუჭული ყურები

(გიგი მესვეტე)

როგორც რამდენიმე დღის წინ ჩვენი სპორტული პრესა გვამცნობდა, მარტის ბაშოს დასრულებამდე ორიოდე დღით ადრე, წაუგებელ ფალავანთა რაოდენობა ორამდე შემცირდა.

მონღოლი ასასეკირიუ მანამდე დაუმარცხებელ ოძეკის ჩიოტაიკაისთან დამარცხებულა. მათი შერკინება (ტაჩიაი) ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამომდგარა ოსაკას პრეფექტურის გიმნაზიუმში მიმდინარე ტურნირზე.

თურმე ორივე რიკიში გამეტებით ურტყამდა ერთმანეთს სახეში, მაგრამ ბოლოს ჩიოტაიკაის უმძლავრია და ასასეკირიუ დოჰიოს მიღმა გაურიყავს. რაც შეეხება ქართველ კოკაის, მას მერვე ტაჩიაიში აღმოსავლეთის მე-13 იოკოძუნა კატონოვაკა დაუმარცხებია, რაც, ჩვენი სპორტული პრესის აზრით, მაკუუჩის (სუმოს უმაღლესი ლიგა) დებიუტანტისთვის კარგი შედეგია.

იაპონელები სვანებს რომ არ დაეშინებინათ, ჩვენი აღმოსავლელი მეგობრები არჩევნებსაც დაგვიფინანსებდნენ  და დამკვირვებლებთან ერთად გულშემატკივრების მრავალმილიონიან არმიასაც მოავლენდნენ. ტელეტრანსლიაციით მიღებულ თანხას ბათუმისა და ახალქალაქის რუსული სამხედრო ბაზების გასაყვანად გამოვიყენებდით.

რა, ცუდი სანახავი იქნებოდა, დასავლეთის პირველი იოკოძუნას, მიხეილ სააკაშვილის შერკინება ჩრდილოეთის მეექვსე იოკოძუნა იგორ გიორგაძესთან?

„ყველა საქმეს ცოდნა უნდა“ - ამბობს არასპორტული ელიბო და ყოველ არჩევნებში თავის არჩევანს აფიქსირებს - „რქაწითელი“(კომუნისტი, რომელსაც ცოლი ღალატობს).

„ყველა საქმეს ცოდნა უნდა“ - გვეუბნებიან ჩვენი დასავლელი მეგობრები და გარდა იმისა, რომ მეგობრობას გზების, ხიდების და ნავთობსადენის მშენებლობით გვიმტკიცებენ, შიგა და შიგ კი მორიდებულ რჩევებსაც გვაძლევენ, თუ გინდათ დიდები გაიზარდოთ, ერთმანეთს ნუ ჭამთ, საქმეს მიხედეთო და „საქმეში“ უპირველეს ყოვლისა არჩევნებს გულისხმობენ.

რა არის არჩევნები? ეს არის ერთი რომელიმე ცალკე აღებული ქვეყნის 18 წელს მიღწეული ყველა მსურველი მოქალაქის მიერ მიღებული ერთობლივი, ნებაყოფლობითი და არაერთგვაროვანი გადაწყვეტილება, რომელზეც შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში პასუხს აგებს ისიც, ვისაც 18 წელი არჩევნების დღეს შეუსრულდა  და ისიც, ვინც სული უფალს საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ მიაბარა. ხოლო შედეგებს კი იმკის ყველა, მათ შორის ისიც, ვინც აწი დაიბადება.

პირველ რესპუბლიკას სოციალ-დემოკრატები რომ არ აერჩია...

მეორე რესპუბლიკა ზვიადიზმით რომ არ გახსნილიყო...

გამოზვიადებულებს შევარდნაძისთვის რომ არ დაეჩოქათ..

არ გამოვშევარდნაძევდებოდით.

ყველაფერი კი პროცენტების ბრალია. სოციალ-დემოკრატები - 70,“მრგვალი მაგიდა“  - 87, მოქალაქეთა კავშირი - 80. ორიოდეკვირაში 28 მარტის არჩევნების შედეგები გვეცოდინება. თუ მომავალ პარლამენტში უმრავლესობა 65%-ზე ნაკლები იქნება, ეს სათვალე მომხსენით.

„ოპოზიცია არ მჭირდება“, - ასეთი მესიჯი გაუგზავნა პრეზიდენტმა 18 წელს მიღწეულ ყველა მოქალაქეს. ერთი ასობგერა დაენანა. ეთქვა „მ“-ს ნაცვლად „გვ“ – „გვჭირდება“ და უფრო ლამაზად გამოვიდოდა, თორემ ამდენ „მ“-ს შემდეგ „ე“ ემატება და ბოლოს „მე“-ს ვღებულობთ.

„რაც მაჟორიტარებში იქნება, ისიც საკმარისია“ - ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატები იგულისხმა. არადა, 23 ნოემბრამდე იყვნენ მისადმი ოპოზიციურად განწყობილნი, თორემ ხომ გახსოვთ, როგორ გადაკოცნა ვიტალი ხაზარაძემ გია ბარამიძე?

იქნებ, კალორიების ლიმიტიც დააწესონ?

სხვა საქმეა, რომ საქართველოს ასე პროდასავლურად განწყობილი ლიდერი ჯერ არ ყოლია. სხვა საქმეა, რომ ასეთი გულიან - ჯიგრიანდროშა მსოფლიოში არავის აქვს. კარგია, რომ ვიტალი ხაზარაძეები და თამაზ გიორგაძეები სამუდამოდ მოიშორა ქართულმა პოლიტიკამ, მაგრამ ოპოზიცია მაინც საჭირო და აუცილებელია.

ჩვენ, შეიძლება, კარგად ვერ გავიგეთ, მაგრამ დასავლელი მეგობრები გვეუბნებოდნენ, რომ დემოკრატია პირველ რიგში უმცირესობის პატივისცემაა. სექსუალურის კი არა, პოლიტიკურის.

სხვა საქმეა, რომ არსებული პოლიტიკური უმცირესობა ძნელად თუ გამოდგება კონსტრუქციულ ოპოზიციად, მაგრამ თუ ოპოზიცია არ იქნა, თუნდაც არაკონსტრუქციული, ვერც უმრავლესობა ივარგებს ხელისუფლებად.

ხომ გვეუბნებოდნენ, 7%-იანი ბარიერი 5-მდე დაწიეთო? ჩვენ კი, ყურები ფართოდ დავხუჭეთ. ჩვენ - 18 წელს მიღწეულებმა. ჯობდა ვიწროდ დაგვეცქვიტა, თორემ ყოველი მომდევნო ხელისუფლება რომელიმე ყვავილთან იქნება გაიგივებული.

1990 წლის ტაჩიაიში გაურკვეველი მხარის პირველი იოკოძუნა,“მრგვალი მაგიდა“, მიაწვა დასავლეთის პირველ იოკოძუნას,“თავისუფლებას“ და დოჰიოდან გარიყა.

მას შემდეგ ვართ გარიყულები.

ამ ცხოვრების დედა ვატირე, თორემ ლევან ცაგურიას „კოკაი“ რატომ უნდა ერქვას?