ბიზნესიდან პოლიტიკაში – ხაზარაძე პოლიტიკას ირჩევს

ბიზნესიდან პოლიტიკაში – ხაზარაძე პოლიტიკას ირჩევს

მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში მიდის. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ მიზანშეწონილად მიიჩნევს, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა – ამ გეგმებით ხაზარაძე პოლიტიკურ ველზე სექტემბერში შემოვა.

მამუკა ხაზარაძე წერს, რომ ქვეყანაში არსებული პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს, რაც საზოგადოების დაპირისპირებისკენაა მიმართული.

„თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, თუ მისთვის გული გიძგერს, არ შეიძლება ამ ყველაფერს გვერდიდან და გულგრილად უყურო, არ შეიძლება შენი დრო, ენერგია, საქმე, ყველაზე მთავარს არ მოახმარო – სამშობლოს კეთილდღეობასა და მის თავისუფლებას. ამ ყველაზე დიდ ცნებას, რომლის გარეშეც ადამიანის არსებობას ფასი არ აქვს.

სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება, რადგან ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

ვისთან შედგება პოლიტიკური თანამშრომლობა და ვისთან არა, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, ხაზარაძეს პოლიტიკურ გაერთიანებაში იქნება ყოფილი პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და უმრავლესობის ყოფილი წევრი ლევან კობერიძე. „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი სპექტრი ჩამოყალიბდება საკანონმდებლო ორგანოში.

„პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას გვიჩვენებს ის სპექტრი, რომელიც ჩამოყალიბდება საქართველოს პარლამენტში. დიდი ალბათობით, პროპორციული საარჩევნო სისტემიდან და ნულოვანი ბარიერიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს კოალიციური მთავრობის ფორმირება, ვისთან შედგება შესაბამისი თანამშრომლობა, ვისთან არა, ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიცე–სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ბევრი ძალა გამოჩნდება, რომელიც ანგარიშგასაწევი იქნება როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე პოლიტიკურ ველზე მოასპარეზეებისთვის.

„მთავარია რეალური პოზიცია ჩამოყალიბდეს სახელმწიფოსა და მისი ინტერესების მიმართ, ამის შესახებ გავიგოთ და საფუძვლიანი მსჯელობის შესაძლებლობა მოგვეცეს. არაფერი ისეთი სიახლე, რაც ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებას პოლიტიკურ ასპარეზზე არ უნახავს, არ იქნება“, – აცხადებს გია ვოლსკი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხაზარაძე ერთ–ერთი მძიმეწონოსანი მოთამაშე იქნება, რომელიც ხელს შეუწყობს ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის დემონტაჟს.

„ხაზარაძის გამოსვლა ასპარეზზე ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ზურგი აქცია ყველამ, ახალგაზრდებმა, ბიზნესმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და ბიძინა ივანიშვილი თავისი „ქართული ოცნებით“ არის მარტო.

ეს სიმარტოვე ნიშნავს მის გარდაუვალ დამარცხებას მომავალ არჩევნებში. ჯერ თანამშრომლობაზე ლაპარაკი ნაადრევია. ჩვენი პრინციპი არის – „ყველა ერთის წინააღმდეგ“ და ამ შემთხვევაში, ხაზარაძის გამოჩენა ამ პრინციპში ზის“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

უმრავლესობის ყოფილი წევრის, ლევან კობერიძის განცხადებით, პოლიტიკური ველი ბიზნესველისგან განსხვავებულია და პოლიტიკაში მამუკა ხაზარაძის გადასვლა დასაფიქრებელი იქნება. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მასთან ყოფილ პრემიერ–მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილსა და მამუკა ხაზარაძეს ახალ მოძრაობაში გაერთიანებაზე არანაირი კონსულტაციები არ ჰქონიათ.

„მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანების მხრიდან საზოგადოებრივი აქტივობა ძალიან კარგია, მაგრამ მის საბოლოო განაცხადს უნდა დაველოდოთ, რომ პოლიტიკაში შემოდის. კონკრეტულ კომენტარის გაკეთება ამის შემდეგ შემეძლება. კერძოდ, თუ ხაზარაძე პოლიტიკაში შემოსვლას გადაწყვეტს და მეცოდინება, რა გეგმები და რა მიზნები ექნება, ამის შემდეგ უკვე შემეძლება კონკრეტული პასუხი გითხრათ, განვიხილავ თუ არა შესაძლებლობას თანამშრომლობის“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

ნებისმიერ სამოქალაქო, პოლიტიკურ მოძრაობასა თუ ჯგუფს, რომელსაც პროდასავლური კურსი აქვს, მიესალმება „ევროპული საქართველო“.

„მაქვს ღრმა რწმენა, რომ ჩვენი გუნდი – „ევროპული საქართველო“ და ჩვენი პარტნიორები, „თავისუფალი დემოკრატები“ ვართ გუნდი, ვისაც შეუძლია, ივანიშვილის შეცვლის შემდეგ ქვეყანა წინ წაიყვანოს. თუმცა, ყველა პოლიტიკურ ძალას, პატარას თუ დიდს, ძველსა თუ ახალს, რომლებსაც ჩვენი ღირებულებები აქვთ, მივესალმებით და განვიხილავთ პოტენციურ პარტნიორებად“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ელოდა, რომ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში შეაბიჯებდა, რადგან მისი თქმით, ხელისუფლებამ ხაზარაძისგან თავად შექმნა დასავლური ტიპის ლიდერი. მისი თქმით, რადგანაც არსებობს ე.წ. მესამე ძალის მოლოდინი, ამ თვალსაზრისით მამუკა ხაზარაძის მოძრაობა შეიძლება ყველაზე პერსპექტული აღმოჩნდეს, თუმცა მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რა საზოგადოება შეიკრიბება მის გარშემო.

„გულწრფელად ველოდი, რომ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში შეაბიჯებდა. ყველა, ვინც კი ასეთ საქმიანობას იწყებს, განსაკუთრებით კი ბიზნესმენი, მერე პოლიტიკაში მიდის. ან ქვეყნიდან უნდა წახვიდე ან პოლიტიკაში უნდა წახვიდე, სხვა არჩევანი უბრალოდ არ არის. ხარაზაძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოებრივი მოძრაობის სექტემბერში დაფუძნების თაობაზე და არა ახლა, „ცხელ გულზე“.

მიმდინარე ამბების ფონზე, გაზაფხულზე რაიმე ორგანიზაციის შექმნა წამგებიანი იქნება, რადგან შემდეგ მოდის მკვდარი 2 თვე. რამდენიმე პოლიტიკოსს ვურჩიე, რომ პარტიების დაფუძნება თუ გჭირდებათ, უმჯობესია სექტემბერში დააფუძნოთ–მეთქი. მამუკა ხაზარაძისთვის არ მირჩევია ეს, საუბარი მაქვს იმათზე, ვინც უკვე შექმნა პარტია და დაიწყო საქმიანობა. მამუკა ხაზარაძეს, ალბათ, მრჩევლები ჰყავს, ეს გაითვალისწინა და სწორი ნაბიჯი გადადგა რომ ახლა კი არა, სექტემბერში ქმნის ორგანიზაციას“, – აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ მამუკა ხაზარაძეს აქვს რესურსი საზოგადოებაში „დამცველის“ იმიჯი შეიქმნას, რადგან დრო და ნიშა ახლა მისთვის ძალიან ხელსაყრელია. მისი თქმით, ის პოლიტიკური ძალა იქნება წარმატებული, რომელიც შეძლებს, რომ საზოგადოებაში გააჩინოს მათი დამცველის იმიჯი, თუნდაც „ნაციონალური მოძრაობისგან“ და თუნდაც პოლიტიკური რყევებისგან.

„ხაზარაძეს შეუძლია, რომ მოსახლეობას ძალიან სწორი და კარგი ეკონომიკური ხედვა შესთავაზოს. იმას, თუ რა შანსები აქვს მამუკა ხაზარაძეს და მის სამოქალაქო მოძრაობას, დიდწილად განაპირობებს დღეს შექმნილი ფონი. ფონი არის ასეთი: ჩვენ ვცხოვრობთ რევოლუციური სცენარის პირობებში. მეორე – იმდენად დაძაბულია სიტუაცია, რომ სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროებაც არის და მესამე – იმ ხალხს, რომელსაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში თავისი ფავორიტი არ ჰყავს, „უსაფრთხოების ქოლგა“ სჭირდება“, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

თამაზი ბატონო მამუკა, სიახლოვესაც არ გაიკარო ნაცები და ევრო ნაცები, თორემ ხალხის ნდობას დაჰკარგავ.
4 წლის უკან
Maverick ხაზარაძისნაირი "პოლიტიკოსის" ღირებულება და ნდობა -0% იქნება საქართველოში!

სხვათაშორის, მოპარული მილიონები თუ დაუბრუნა თბს ბანკს?
4 წლის უკან
გრიგორი 1 1991წ.კომუნისტები და გამსახურდია, არჩევანი არ იყო 1 რა თქმა უნდა გამსახურდია უნდა აგვერჩია. 2. 1992 წ საერტოდ არავინ შეგვეკითხა , ფორმალურადაც კი.3. 2003წ . შევარდნაძე - "ტროიკა" (სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძე) , არჩევანი არ იყო ! ჭაობს ისევ "ტროიკა" სჯობდა. 4. სააკაშვილი-ივანიშვილი ! კვლავ იმედი, იქნებ ივანიშვილმა გაამართლოს. ასარჩევიც არაფერია. 5. 2016 წ. "ოცნება- ნაცმოძრაობა 1 კვლავ არაფერია ასარჩევი ! ნაკლები უბედურება, "ოცნება" ავიჩიეთ. 26. 2020წ იქნებ ახლა მაინც გამოჩნდეს ვინმე მესამე !!!
4 წლის უკან
trampi თამაზი

ისე კი ხომ ხალხის ნდობით არის სავსე.......
ეგეც იგივეა და ისევე წავა წასასვლელში როგორც აქმდეც ბევრი წასულა
იფხაკუნებს..... იფხაკუნებს...... თავის საქმეს გააკეთებს და და...................ეგეც ჩაივლის
ხალხიიიიი...????.
ხალხი არა .......... პეტრუშკა .......
4 წლის უკან