„რუსთავი 2“ ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ

„რუსთავი 2“ ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ

„რუსთავი 2“–ის თვითრეგულირების ორგანომ, გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერა. შეზღუდვა ეხება ყველა იმ გადაცემას, რომელსაც იგი ამზადებს და მიჰყავს. 7 ივლისს, „რუსთავი 2“–ის საავტორო გადაცემაში „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა - პირდაპირ ეთერში აგინა.

გადაცემის დასრულების შემდგომ, სპეციალური გამოშვებით გავიდა ეთერში „კვირის აქცენტები“, სადაც წამყვანმა ნიკა გვარამიამ გიორგი გაბუნიას განცხადების გამო ბოდიში მოიხადა. გაბუნიას მონოლოგს გაემიჯნა მიხეილ სააკაშვილი, რომლის განცხადებით, უხერხული და უადგილოა ეკრანიდან რუსულ სტილში და რიტორიკით საუბარი.

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან ადეკვატურ რეაქციას ელოდება რუსეთის საგარეო უწყება და აქვე აღნიშნავს, რომ მსგავს გამოვლინებებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს ცივილიზებულ ქვეყნებში.

პარალელურად, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა წინადადებას, შეიზღუდოს რუსეთში ღვინისა და მინერალური წყლის მიწოდება საქართველოდან. კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ სლუცკის განცხადებით, აუცილებელია მიიღონ დამატებითი მკაცრი ზომები.

„საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი მხარს უჭერს წინადადებას, უკვე გამოთქმულს სახელმწიფო სათათბიროში ფრაქცია „ედინაია როსიას“ ხელმძღვანელობის მიერ პროდუქციის მიწოდების შეზღუდვის თაობაზე. კერძოდ ღვინის, მინერალური წყლის,ზოგიერთი სხვა საქონლის, რომელიც საქართველოში იწარმოება, აგრეთვე ჩვენს ქვეყნებს შორის ფულადი გზავნილების გაყინვის თაობაზე“, – განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ.

კრემლში რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, ქართველი ხალხის სირცხვილს უწოდებენ. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, იქნება ეს ვინმეს მიერ პროვოცირებული, ვისაც სურს კიდევ უფრო გაართულოს რუსეთ–საქართველოს ურთიერთობა, ან იქნება ეს სრული უგნურების შედეგი – არ ეკადრება ქართველ ხალხს.

გამიზნული პროვოკაცია, რომლის მიზანია საქართველოში დესტაბილიზაცი – ასეთია საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადება: „შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი და ძალიან მარტივი. ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა და ეს არ იყო ცალკეულად აღებული რომელიმე ჟურნალისტის მიერ ნათქვამი სრულიად მიუღებელი ფრაზები. ეს არის წლების განმავლობაში არსებული აგრესია ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მოდის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ბელადის მხრიდან.

რაც ჩვენ ვიხილეთ იყო სრულად ამაზრზენი და ამორალური საქციელი და ამავე დროს გამიზნული და უბინძურესი პროვოკაცია, რომლის მიზანიც გახლავთ, რომ მოახდინონ საქართველოს დესტაბილიზაცია და ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანება. მინდა გითხრათ, რომ ეს არავის არ გამოუვა, მსგავსი სცენარები საქართველოში არ მოხდება და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, რაც „რუსთავი 2“ – ის ეთერით გაკეთდა, ბინძური პოლიტიკური პროვოკაცია არის. ვოლსკი დარწმუნებულია, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილი, რომლის საინფორმაციო ფრონტი მათ მიერვე მიტაცებულ ტელევიზიაში, „რუსთავი2“–ზე გადის და სრულად ჯდება ზიზღის, სიცრუისა და ძალადობის პარტიული მანქანის სარედაქციო პოლიტიკაში.

„ამის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება ტელეკომპანიის დირექტორის და იმავდროულად „ნაციონალური“ მმართველობის პერიოდის პროკურორის, ნიკა გვარამიას საეთერო პრაქტიკაა. მათ საზოგადოება უკვე შეაჩვიეს პირდაპირი ეთერიდან დედის გინებას, მათ შორის ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით, მაგრამ პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების გინება სცდება არა მარტო ქართულ და კავკასიურ, არამედ ზოგადად, ცივილიზაციურ ჩარჩოებს. ამის ჩამდენი თავად აყენებს თავს ცივილიზაციის მიღმა.

სახეზეა მცდელობა, რომ ამ პროვოკაციაზე ხელისუფლების და საზოგადოების ჯანსაღი რეაქცია სიტყვის თავისუფლებაზე შეტევად გაასაღონ. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სრულად არის დაცული და სწორედ ხელისუფლებაა ამ თავისუფლების გარანტი. ჩვენ ქვეყანასაც დავიცათ, ხალხსაც და სახელმწიფოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივასაც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ევროპულისაქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ გაბუნიას შეეშალა, მაგრამ ახლა პუტინის ქართველი გავრილოვები შეტევაზე გადმოდიან რიგითი გახარიას გადასარჩენად.

„ასეთ დროს ვიკიდებთ გაბუნიას და მთავარზე ვკონცენტრირდეთ. ესაა პუტინის გავრილიადა. შემზარავი სათაურია – „ქართველებმა მოაწყვეს მიტინგი ჟურნალისტის მიერ პუტინის გინების გამო“, – აცხადებს გიგი უგულავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ამტკიცებს, რომ დესტაბილიზაციას იწვევს ხელისუფლება, რომელიც ყოველთვის ცდილობს, ძალადობრივი ჯგუფების გამოყენებით, უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანოს ქვეყანა.

„სრული აბსურდი და იმბეცილობაა იმის ძახილი, რომ შესაძლოა, ამა თუ იმ სახელმწიფომ, რაოდენ მტრულადაც უნდა იყოს განწყობილი, ერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტის განცხადების გამო, დაიწყოს საომარი მოქმედებები ან ამას მოჰყვეს დესტაბილიზაცია. დესტაბილიზაციას იწვევს ხელისუფლება, რომელიც ვერ მართავს კრიზისებს და ნაცვლად სახელმწიფოებრივი პოზიციებისა, ყოველთვის ცდილობს, ძალადობრივი ჯგუფების გამოყენებით, უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანოს ჩვენი ქვეყანა“, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.

განცხვავებულ შეფასებებს აკეთებენ ანალიტიკოსები. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაიასია აცხადებს, რომ პროპაგანდისტური ტელევიზიის მიერ ჰიბრიდული ომის საინფორმაციო ბრძოლის ერთ–ერთი ტექნოლოგიის გამოყენება, რომელიც აშკარად პროვოკაციის გამო გაკეთდა, ძალიან გავს 1939 წლის 30–31 აგვისტოს მოვლენებს, რაც მოხდა გერმანულ, „მესამე რაიხის“ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ გლაივიცეში და რომელიც განახორციელა სწორედ „მესამე რაიხის“ სამხედრო დაზვერვამ „აბვერმა“.

„განახორციელა ზუსტად ანალოგიური ჰიბრიდული ბრძოლის სამხედრო–დივერსიული და ასევე საინფორმაციო ომისთვის გამიზნული ფარული ოპერაცია, რომელმაც მოგვიანებით გამოიწვია მეორე მსოფლიო ომი და დამოუკიდებელ პოლონეთში „ვერმახტის“ პირდაპირი ინტერვენცია.

გლეიკოვიცში პოლონურ ფორმაში გადაცმულმა გერმანიის ციხეებიდან გამოყვანილი კრიმინალები საკუთარ მოქალაქეებს თავს დაეხსნენ და ჩაიდინეს საშინელი დანაშაულები, მათ შორის ადგილობირვი რადიოსადგურის დაკავება განახორციელეს და უცენზურო სიტყვებიც გამოიყენეს გერმანელი ერის და „მესამე რაიხის“ ხელმძღვანელბის მისამართით.

ამის ფონზე, მეორე დღეს, „მესამე რაიხის“ ფიურერი ჰიტლერი გამოვიდა და „ერის შეურაცხყოფის გამო“ თავს დაესხა მეზობელ ქვეყანას. გიორგი გაბუნია და მისი კურატორები კარგად ფლობენ ამ ტექნოლოგიას და რეინჰარდ ჰეიდრიხის მემკვიდრეები არიან (სხვათა შორის, როგორც მოგვიანებით გაირკვა, სწორედ ჰეიდრიხი კურირებდა ამ ჰიბრიდულ სპეცოპერაციას). ყველაფერი გასაგებია. მე დავწერე ადრე, რომ მოსალოდნელი იყო ასეთი სახის პროვოკაციაც და აი შედეგიც“, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.

სამხედრო ექსპერტის გიორგი თავდგირიძის შეფასებით, რუსეთი აგრძელებს ომს ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით და ვისაც ეს ეხება, გაბუნიას და პუტინის დედის გინების არაპროპორციულობაზე ვიშვიშს უნდა შეეშვან და სანამ დროა სათანადო ქმედებები უნდა მოფიქრონ. მისი თქმით, ევროპის და ამერიკის ფინანსური დახმარება ახლაა საჭირო, სანამ ეკონომიკამ დაღმასვლა დაიწყო.

„გაბუნიას ქმედებას საერთო არაფერი აქვს სამშობლოს სიყვარულთან, ოკუპანტის სიძულვილთან, პატრიოტობასთან და ა.შ. მე მგონი არ შემეკამათებით, მაგრამ რაც დღეს ხდება, ასეთი მარგინალური განცხადებები, ცალსახად რუსულ წისქვილზე ასხამს წყალს. ძალებს, ვინც ამათ უკან არის, სჭირდება ქვეყანაში ძალადობის ესკალაცია, სიტუაციის დაძაბვა და ქაოსი. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ამათ ქვეყნისთვის კარგი უნდათ, ოკუპაცია აღელვებთ და დემოკრატიისთვის ირჯებიან.

ერთი დამპალი მედლის ორი მხარეა „კომბლეც“ და ოდიშვილის „მაღალიც“, - ძალაუფლება ნებისმიერ ფასად და თუნდაც ქვა ქვაზე დადუღებულა. ალბათ ხვალინდელ დღესაც გადავაგორებთ და ამ კრიზისიდანაც გამოვალთ, მაგრამ ამდენ უნამუსოს რა ეშველება? საერთოდ, არ მგონია, რომ გაბუნიას ბჟუტურის გამო ვინმე ომს დაიწყებს, მაგრამ პრორუს მანქურთებს აცოცხლებს და სალაპარაკოს აძლევს ცალსახად, მათ გარეშე სიტუაციის დაძაბვა ძნელი იქნება და სასწრაფოდ აბრუნებენ თამაშში“, – აცხადებს გიორგი თავდგირიძე.

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ადრე საქართველოში გინების „ტრადიცია“ არ არსებობდა, სამწუხაროდ, როგორც წესი, ესეც სხვისგან გადმოვიღეთ. „გაბუნიას გუშინდელი მონოლოგი კი დიდი პროვოკაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, შესაძლოა, „რუსთავი2“-ის ერთგვარ ალიბსაც წარმოადგენდეს და ახალი ლოზუნგის გამოცხობასაც ემსახურება - „პუტინის გინების გამო თავისუფალ სიტყვას ახშობენ.“ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ვისაც რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ მოსწონს მართლაც არანორმალურად და ავადმყოფად მიმაჩნია.

მაგრამ გაბუნიას გუშინდელი საქციელი სწორედ იმ დაუსჯელობის სინდრომის გაგრძელებაა, რასაც ჩვენ მანამდეც ვხედავდით იგივე გვარამიას გინების კორიანტელით პირდაპირ ეთერში. დღეს მათი მხრიდან ვითომ გაბუნიას განცხადებაზე გამიჯვნა, კიდევ ერთი ხრიკი გახლავთ. რეალურად კი ეს ხალხი რასაც აკეთებს დესტაბილიზაციისა და არეულობის სხვადასხვა ხერხებით გამოწვევაა“, – აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.

ექსპერტის გია ხუხაშვილის შეფასებით, გაბუნიას საქციელი არ ჯდება არა თუ პროფესიული, არამედ პიროვნული ეთიკის და ღირსების ჩარჩოებში, მაგრამ, ბევრად უფრო შემაშფოთებელი სურათი აჩვენა რიგში ჩამდგარი ხელისუფლების წარმომადგენლების პანიკურმა განცხადებებმა, რომ ვინმე გაბუნიას განცხადებებმა ლამის, ომის ზღვარზე დააყენა ქვეყანა.

„არ არსებობს ბუნებაში ომი, რომელიც ჟურნალისტის გინებას შეიძლება მოყვეს. ომის რეალური მიზეზი შეიძლება გახდეს მხოლოდ განვითარების გაცხადებული ვექტორი და არაფერი სხვა. ნუ გექნებათ იმედი, რომ „ბაბაიას“ დაძახებით დათვს ისევ მიაძინებთ, რადგან ის თქვენი შიშით იკვებება და ეს საკვები გუშინ მიეცით. ხვალ უფრო მეტს მოითხოვს.

გაბუნიას საქციელის საბაბით შიდა პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობაც მთლიანად ჯდება რუსეთის გეგმებში. გადახედეთ რუსული პროპაგანდის გამოხმაურებებს და იქნებ მიხვდეთ, საით მიაქანებთ ქვეყანას. თუ მართლა გეშინიათ, გრცხვენოდეთ. თუ თამაშობთ, გრცხვენოდეთ. თუ ვერ ხვდებით, ჩვენი სირცხვილი ხართ“, – წერს გია ხუხაშვილი.