ჩადით მეტროში, ბატონებო

ჩადით მეტროში, ბატონებო

(გიგი მესვეტე)

მეტროში ხშირად წააწყდებით ასეთ სურათს: შემოვა ვაგონში პატარა, გაზინტლული მაწანწალა, ცოტა ხანს გაჩერდება, კევს გაბერავს, ცხვირს გამოიჩიჩქნის და უცებ საზარელი ხმით იყვირებს: „როცა ვიყავ პატარა, დედამ მუცლით მატარა, საყვარელო ჩემო დეედიი...“

შემდეგ, ჩამოივლის.  ერთი ხელი გაშვერილი აქვს, მეორეთი - კვლავ ცხვირს იჩიჩქნის. მეტროს გულჩვილი მგზავრები კი სასწრაფოდ ჯიბეებში იწყებენ ხელის ფათურს.

პირველი ვაგონი, მეორე ვაგონი, მესამე...  ერთი მატარებელი, მეორე... და ასე შემდეგ. ბოლო გაჩერებაზე, როგორც წესი, შეფი ელოდება - მათხოვართუხუცესი. იგი მანქანის ფულს აგროვებს. ეს მისი სტრატეგიული ამოცანაა.

მისი ხელქვეითები, ბავშვები კი სამუშაო დღის ბოლოს „სნიკერსს“ ყიდულობენ და იმ დროზე ოცნებობენ, როდესაც წამოიზრდებიან და პატარა მათხოვრების საკუთარ ჯგუფს შეაკოწიწებენ.

მეტროში არც ასეთი სურათია იშვიათობა: შემოვა ბავშვი, ხელში ჩანთა უჭირავს და მორიდებულად იტყვის: პასტები ათ თეთრად, შოკოლადი ოც თეთრად, ფანარი - ლარად.

ყურადღებას არავინ აქცევს. რად უნდათ პასტა? რაში გამოადგებათ? სად აქვთ შოკოლადის ფული? პურის ფული ენატრებათ. ან ფარანი რაში უნდა სჭირდებათ? სიბნელეში მშვენივრად ხედავენ.

მოკლედ, პატარა მათხოვრისგან განსხვავებით, ვაჭრობის მცირეწლოვანი მუშაკი ვაგონიდან გაწბილებული გადის.

რა ხდება, რაშია საქმე? განა ეს სამართალია – ერთი მათხოვრობს და ფულს შოულობს, მეორე - მუშაობს და მშიერია.

ისე, არც ერთი უნდა მათხოვრობდეს და არც მეორე მუშაობდეს. მათი ადგილი სკოლაშია, მაგრამ დრომ ასე მოიტანა და რას იზამ!

მშვენიერი გამოთქმაა „დრომ ასე მოიტანა“. დიდებული გამოსავალია, როდესაც პასუხისმგებლობას ერიდები, მაგრამ რას იზამ, ესეც დრომ მოიტანა.

და დრო ვიღამ მოიყვანა, აი, ის დრო, როდესაც ყველაფერი ამ სამი სიტყვით შეიძლება გაამართლო და კიდევ სამი ცნობილი სიტყვაც ზედ დააყოლო - „მაგის დედაც...“.

ეს დრო ჩვენ ყველამ ერთად მოვიყვანეთ და პირველ რიგში მათ, ვისაც პატარა მაწანწალებზე ფიქრი  და თან საქმე სამსახურებრივადაც ევალება და ფინანსურადაც.

ახლა იტყვიან, ფინანსურად რატომ გვევალებაო. რატომ და ფული გაქვთ ბევრი და მაგ ბავშვების შემხედვარე თუ უდარდელად ხვდებით ახალ წელს, რბილად რომ ვთქვათ, ქაჯები ხართ და უფრო რბილად - გოიმები.

ოსტაპ ბენდერმა კორეიკოს წიგნი გაუგზავნა - „კაპიტალისტური სამყაროს ზვიგენები“, სადაც პირველი წინადადება წითლად იყოგახაზული: „ყველა თანამედროვე დიდი ქონება უსინდისო გზით არისშეძენილი“. ეგრეა. საქართველოში - მითუმეტეს.

„და განა იცის ოხროხინე მღვდელმა, რომ ადამიანი პირველ რიგში არის არა „ჰომო საპიენს“, არამედ „ჰომო მორალეს“?

არ იცის და არც აინტერესებს.

ჰოდა, წეღან რბილად რომ ვამბობდი, ახლა მაგრად ვიტყვი - მათი ადგილი ციხეშია როგორც იურიდიულად, ასევე მორალურად, მაგრამ ვინ არის დამჭერი?! რომ დაიჭიროს, ამით საკუთარი დაპატიმრების სანქციას მოაწერს ხელს.

კარგით, შევეშვათ ფულის ტომრებს, როგორც ზურაბ გაგნიძე ამბობს და მეტროს მგზავრებზეც ვთქვათ ორი სიტყვა.

ძვირფასო მგზავრებო! მეტროპოლიტენში აკრძალულია ესკალატორზე სირბილი, ალკოჰოლის მიღება, სიგარეტის მოწევა და კიდევ ბევრი რამ.

მეტროპოლიტენის დირექცია არ გთხოვთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებთ: პატარა მაწანწალა, ალბათ, დიდ ქურდბაცაცად გაიზრდება. ვაჭრობის პატარა მუშაკი კი წესიერ პიროვნებად.

იყიდეთ პასტა, ფარანი და შოკოლადი, თუნდაც წერა - კითხვა არ იცოდეთ, იყოთ უსინათლო და გქონდეთ დიაბეტი. თქვენი შენაძენი ვიღაცას მაინც გამოადგება. ამით მომავალი თაობის აღზრდაში საკუთარ წვლილსაც შეიტანთ და იმ ვიღაცასაც დაეხმარებით.

ნუ გაამდიდრებთ მათხოვართუხუცესებს. ნურც მეტროში და ნურც იქ, სადაც მეტროთი მგზავრობის გაძვირებაზე ფიქრობენ.