მთავრობა ბოლო პერიოდში დატრილებული მოვლენების უარყოფით ეფექტზე ალაპარაკდა. ამჯერად საუბარია თუ რა ნეგატიურ გავლენას ახდენს ცალკეულ სექტორებსა და ჯამში მთელ ეკონომიკაზე პოლიტიკური დაძაბულობა. პირველ რიგში, ეს დარტყმას აყენებს ეროვნულ ვალუტას და ტურიზმს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა ნეგატიური გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე და ამას თითოეული მოქალაქე ხვდება. რეალურად ბოლო პერიოდში მდგომარეობა არასახარბიელო მიმართულებით განვითარდა.
„ჩვენი ვალდებულება არის, რომ კიდევ უფრო ორიენტირებული ვიყოთ შედეგებზე. გუშინ განვაცხადე, რომ ასეთ ვითარებაში კერძო სექტორთან კიდევ უფრო აქტიურ კომუნიკაციაზე ვართ გადასული. ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი წინადადება მოვისმინოთ და განსაკუთრებული აქცენტი მინდა გავაკეთო ტურისტულ სექტორზე. ეს მიმართულება არის ძალიან სწრაფად მზარდი და ის ასაქმებს ძალიან ბევრს. საოცრად უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინე, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისგან, გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება“, - ამბობს ბახტაძე.
ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი კი აღნიშნავს, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ყველა უწყება ისეთ უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, როგორც მუშაობდა. თუმცა საქართველოში ვითარების დამშვიდება არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანა მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდეს.
„პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესი ცალკე პარალელურად მიმდინარეობს. ყველა ეს პროცესი შესაბამის ფორმატში უნდა იყოს გადატანილი და ამისთვისაც ჩვენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით, როდესაც 2020 წლის პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით შევთავაზეთ საზოგადოებას და მთელ პოლიტიკურ სპექტრს. ამ შემთხევაში ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვითარება უნდა დამშვიდდეს.
სამინისტრო იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, რომელიც დადგენილი ბიუჯეტის შესაბამისად უნდა განეხორციელებინა და ჩვენ, სამწუხაროდ, ამ ბიუჯეტს ვერ გავცდებით“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ფინანსთა მინისტრი კი ამბობს, რომ მსგავს ქმედებებს ქვეყანა „უდიდეს რისკებამდე მიჰყავს“. ივანე მაჭავარიანის აზრით, არ შეიძლება ქვეყანა ყოველ ჯერზე ასეთ რისკამდე მივიყვანოთ.
„მოვუწოდებ ყველას, გიორგი გახარიას მომხრეებსაც, იმათაც, ვინც იმ შტურმში მონაწილეობდა, იმათაც, ვინც არ მონაწილეობდა და თანაუგრძნობდა და იმათაც - ვინც ნეიტრალური იყო, აბსოლუტურად ყველას მოვუწოდებ - ჩვენ თუ ეს ქვეყანა ყოველ ჯერზე ასეთ რისკამდე მივიყვანეთ, მერე ლარს რა მოუვიდა, ტურიზმს რა მოუვიდა, ეს კითხვები ბევრად უფრო მძიმე იქნება. ვიღაცა სავარძელში ჩაჯდება თუ ხეზე ავა, ამის გამო გადავწვათ ეს ქვეყანა? მერამდენედ მეორდება, ეს ხომ გავლილი გვაქვს, რაც 1990-იან წლებში მოხდა.
ალბათ, სადმე სხვაგან, საბანკეტო დარბაზში რომ გვეხილა იგივე გავრილოვი ბერძენ კოლეგასთან ერთად, სუფრის თავში, ასეთი მძიმე რეაქცია არ იქნებოდა“, - ამბობს მაჭავარიანი.
ბოლო პერიოდში გაჩენილი მოლოდინის უარყოფით გავლენაზე აკეთებს აქცენტს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. იგი დარწმუნებულია, საბოლოო ჯამში ამის განეტრალება მოხდება.
„სწორედ მოლოდინზე ძალიან დიდ ზემოქმედებას ახდენს მრავალი ფაქტორი, მათ შორის სტაბილურობა ან სტაბილურობის არარსებობა. აქედან გამომდინარე თუნდაც ის, რომ ტურიზმს საკმაოდ დიდი საფრთხე და გამოწვევა შეექმნა და ტურიზმი ერთ-ერთი მსხვილი წყაროა ვალუტის შემოდინების ქვეყანაში, ამანაც თავისი ნეგატიური ასახვა ჰპოვა მოლოდინებზე.
ყველა ხედავს, რომ მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ ტურიზმის ინდუსტრიას გვერდით დაუდგეს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამით ჩვენ ამ მოლოდინის განეიტრალებას შევძლებთ. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობთ, რომ ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში რაიმე ემუქრება“, - განაცხადა თურნავამ.