ლარის კურსთან გაჩენილი გამოუვალი სიტუაციის გამო, როგორც იქნა, კომენტარი გააკეთეს მთავრობის წევრებმა, მაგრამ მათგან სანუგეშო საზოგადოებამ ვერაფერი მოისმინა. პირიქით, დიდმოხელეთა განცხადებებით დასტურდება, რომ ეროვნული ვალუტა პრაქტიკურად განწირულია და ოდნავი პრობლემებიც კი მის დიდ მერყეობას გამოიწვევს.
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამტკიცებს, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილურია. „არაფერი მიგვანიშნებს, რომ გრძელვადიან გაუფასურებასთან გვაქვს საქმე. ვფიქრობ, მოკლევადიან რყევაზე არის საუბარი. რაც შეეხება ტურიზმის პრობლემებს, ეს ჯერ კიდევ ახალი გამოწვევაა და ლარის კურსზე ვერ აისახება. ჩვენ ვმუშაობთ კრიზისის განეიტრალებაზე“, - განაცხადა მინისტრმა.
საზოგადოების მხრიდან დიდი მოლოდინის შემდეგ, სავალუტო პროცესებზე განმარტება ეროვნულმა ბანკმაც გააკეთა, რითაც ფაქტობრივად აღიარა, რომ ლარს ვეღარ შველიან.
„საგარეო შოკის დროს გაცვლითი კურსი ავტომატურ სტაბილიზატორს წარმოადგენს. ამ პირობებში გაცვლითი კურსის გაუფასურება შოკის მშთანთქმელის როლს ასრულებს. გაუფასურების შედეგად, გარკვეული დაგვიანებით მცირდება იმპორტი ან იზრდება ექსპორტი. რაც უფრო სწრაფად მოხდება გაცვლითი კურსის კორექცია, მით უფრო ნაკლები ნეგატიური გავლენა ექნება შოკს ეკონომიკაზე და შედეგად დასაქმებაზე. შესაბამისად, შოკის აღმოსაფხვრელად ჯამურად უფრო ნაკლები გაუფასურება იქნება საჭირო.
ასეთ დროს ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის გაყიდვა მხოლოდ გადაავადებს გაცვლითი კურსის კორექციას, გააღრმავებს შოკს და საბოლოო გაუფასურების მასშტაბიც უფრო დიდი იქნება (ამის მაგალითებია სხვადასხვა წლებში აზერბაიჯანი, ყაზახეთი, რუსეთი, უკრაინა).
დღევანდელი სიტუაცია ცხადყოფს, რომ სესხისა და შემოსავლის ვალუტა უმჯობესია ერთი და იგივე იყოს, როგორც ეს ეროვნულ ბანკს არაერთხელ განუცხადებია. ასეთ შემთხვევაში, მსესხებლები მოწყვლადი არ იქნებიან გაცვლითი კურსის მიმართ. იმავდროულად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დოლარიზაციის შემცირების პოლიტიკა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების ამოქმედება სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრი კი ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს და სებ-ის განცხადებას ეთანხმება, რომელიც ცენტრალურმა ბანკმა გაავრცელა. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ნეგატიური ზემოქმედება მოახდინა ეკონომიკაზე. ბუნებრივია, ნეგატიურ მოლოდინებზე მნიშვნელოვნად აისახა პირდაპირი ფრენების აკრძალვა და შესაბამისად, ტურისტების კლება რუსეთდან. ამავე დროს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ საკითხებთან, რომელიც არის მოკლევადიანი და დროებითი. ეს ყველაფერი დამშვიდდება. ქვეყანა არის თავისი სტაბილური განვითარების კალაპოტში.
ყველა ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ეკონომიკის მდგრადობას, არის საკმაოდ კარგ ნიშნულზე. ჩემი დასკვნა ასეთია, სამწუხაროდ, ამ პროცესებმა ნეგატიური დისონანსი შეიტანა ეკონომიკურ ცხოვრებაში, ამავე დროს მაკროეკონომიკური ფაქტორები არის საკმაოდ ჯანსაღი, შესაბამისად, მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით“, - აცხადებს პრემიერი.
ეკონომისტები კი ამბობენ, რომ სწორედ ეკონომიკური პრობლემებია ლარის მთავარი გამანადგურებელი. ის, რაც ახლა ლართან მიმართებით ხდება, არის არსებული პროცესების გამოძახილი. ლადო პაპავას შეფასებით, ლარი გვიჩვენებს, რომ ეკონომიკა დაავადებულია, რომ განუვითარებელია ეკონომიკის რეალური სექტორი, რომ არ გვაქვს საექსპორტო პოტენციალი, ფოკუსირება კი ისევ ტურიზმზე, სასტუმროებსა და რესტორნებზე ხდება, რაც არასწორია.
„არაერთხელ მითქვამს, რომ ტურიზმზე აქცენტის გაკეთებაა შეცდომაა, რადგან არამდგრადი დარგია. როდესაც არ გაქვს ეკონომიკის რეალური სექტორი განვითარებული, მხოლოდ ტურიზმზე აქცენტის გაკეთება შეცდომაა. რაც ახლა ლართან მიმართებაში ხდება, არის გამოძახილი არსებული ვითარების. ლარი გვიჩვენებს, რომ ეკონომიკა დაავადებულია - განუვითარებელია ეკონომიკის რეალური სექტორი, საექსპორტო პოტენციალი არ გვაქვს, ფოკუსირება ხდება ისევ ტურიზმზე, სასტუმროებსა და რესტორნებზე.
რაც შეეხება ფაქტორებს, რაც ლარის კურსზე ახდენს გავლენას ესენია: ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა და მოლოდინი ტურისტების შემცირების. აქედან გამომდინარე, მავანნი ცდილობენ თადარიგი დაიჭირონ და ლარის დოლარში გადახურდავებას იწყებენ, რითიც ხელოვნურად ზრდიან მოთხოვნას. ასეთ სიტუაციაში ეროვნული ბანკი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს, რადგან სავალუტო ბაზარზე მსხვილი ბანკების მხრიდან მანიპულაციები გამორიცხული არ არის“, - განაცხადა „360 გრადუსში“ პაპავამ.