ტურიზმში ვარდნა უკვე დაიწყო - სასტუმროებში პრობლემებზე საუბრობენ

ტურიზმში ვარდნა უკვე დაიწყო - სასტუმროებში პრობლემებზე საუბრობენ

რუსები საქართველოში დასვენებას მაინც აპირებენ, თუმცა საქართველოში მოქმედი სასტუმროები უკვე საუბრობენ პუტინის გადაწყვეტილების ნეგატიურ შედეგებზე. ჯერ ავიამიმოსვლის გაუქმებამდე საკმაოდ დროა დარჩენილი, თუმცა ტურისტულ სექტორში ვარდნა უკვე შეინიშნება. საქმეში მთავრობაც ჩართულია, რათა კრიზისმა მძიმე ფორმა არ მიიღოს.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საბანკო სექტორთან ერთად იმ გეგმის ჩამოყალიბებაზე იმსჯელა, რომელიც ტურისტულ სექტორში მოქმედ ბიზნესს რუსული ავიასანქციების ნეგატიურ გავლენებს შეუმსუბუქებს.

„კომერციულ ბანკებთან ერთად ვსაუბრობთ იმ გამოწვევებზე, რაც დაუდგა ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას. იკვეთება შესაძლებლობა, რომ ჩვენს ხელთ არსებული სხვადასხვა ფინანსური მხარდაჭერის სქემა და ფინანსური პროდუქტი, მათ შორის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი მოვარგოთ დღევანდელ გამოწვევებს. ძალიან მალე ვიქნებით მზად, რომ კონკრეტული გეგმით დავუბრუნდეთ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას“, - განაცხადა ნათია თურნავამ ეკონომიკის სამინისტროში ბანკებთან გამართული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.

8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენა აეკრძალათ. შესაბამისად, საქართველოში სასტუმრობეს უკვე დაუდგათ მძიმე პერიოდი. ჯავშნები ყოველდღე უქმდება, რომლის კომპენსირებაც ვერ მოხერხდება.

ბათუმში მდებარე საოჯახო სასტუმრო „პალმას“ ადმინისტრატორი დარინა იაკობიძე ადასტურებს, რომ შექმნილი სიტუაციის გამო რუსეთიდან ჯავშნები გაუქმებულია. თუკი რუსი ტურისტები მაინც დარჩებიან სასტუმროში, ყველანაირად შეეცდებიან აუხსნან, რომ მათ უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება. დამსვენებლების 30-40%-ს სწორედ ჩრდილოელი სტუმრები წარმოადგენდნენ.

მესტიაში მდებარე „მარიანას საოჯახო სასტუმროს“ მფლობელი მარიანა ფალიანი კი აცხადებს, რომ მათთან ყოველ მეორე ტურისტი რუსეთიდანაა. შესაბამისად, შექმნილი ვითარება სასტუმროს შემოსავალს შეამცირებს, თუმცა ისე არა, რომ საკურორტო სეზონი ჩაშლილად გამოაცხადოს. მიუხედავად ამისა, აუცილებელია სასტუმროს ბიზნესის წარმომადგენლებმა შეიმუშაონ ერთიანი ხედვა, რომელიც ადგილობრივ ტურისტებზე ფასდაკლებას გულისხმობს.

„მე პირადად ქართველ ტურისტებს 40-50%-იანი ფასდაკლებით ვიღებ. თუ საუზმის გარეშე 1-ადგილიანი ნომერი 30 ლარი ღირს, ადგილობრივ ტურისტებს 15 ლარად მივიღებ. შემოსავალი შემიმცირდება, მაგრამ ცარიელ ნომერს ხომ სჯობს აქტივობა მქონდეს. ასე უფრო ნაკლებად დავზარალდები“, - აცხადებს „კომერსანტთან“ ფალიანი.

მისი განმარტებით, ამ დროისთვის უკვე დაჯავშნილია ივლისის და აგვისტოს პერიოდი. საკმაოდ დიდი ინტერესია ევროპიდან, მათ შორის, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და ასე შემდეგ.

სიღნაღში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ტყუპების“ ხელმძღვანელი ზაურ მუღრაშვილი კი ამბობს, რომ ტურისტების 80-90% რუსეთიდან იყო. ახლა კი, ბოლო დღეებში შექმნილი მდგომარეობის გამო, რუსებმა დატოვეს სასტუმრო, ჯავშნებიც გაუქმებულია.

„ბუქინგიდან ჯავშნიდნენ რუსები. ჩვენთან, ძირითადად, ეგ კატეგორია იყო. ქართველები ნაკლებად. სად აქვთ ქართველებს საშუალება, ზოგს ისე უჭირს ლუკმაპური არ აქვს, რა დასვენებაზეა საუბარი. ახლა თუ რუსებიც აღარ მოვიდნენ, დამრჩება სასტუმრო ცარიელი“, - აცხადებს მუღრაშვილი.

სხვაგვარ ცნობებს ავრცელებს რუსული მედია. ჩრდილოელი ტურისტების უმეტესობას, რომლებიც წელს ზაფხულსა და შემოდგომაზე საქართველოში დასვენებას აპირებდნენ, ნაყიდი პაკეტები არ გაუუქმებიათ - ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო interfax.ru ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც პუტინის აკრძალვის შემდეგ, 8 ივლისიდან, საქართველოში წასვლაზე უარი განაცხადა, მინიმალურია. როგორც სტატიის ავტორს რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაში უთხრეს, ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად, რუსულ სამოგზაურო ბაზარზე ვითარება კრიტიკული არ არის.

„გაუქმებული რეზერვაციების რაოდენობა მინიმალურია, ხოლო 8 ივლისიდან რუსები საქართველოში წასვლას ტრანსფერით აპირებენ, უკვე აქტიურად იჯავშნება ბილეთები“, - განუცხადეს ჟურნალისტს რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაში.