8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოში ავიამიმოსვლა იკრძლება. კრემლი ასევე აძლევს რეკომენდაციას ტუროპერატორებს, აღნიშნული პერიოდიდან შეაჩერონ მომსახურების გაწევა. რა ზარალს მოუტანს ეს ყოველივე საქართველოს ავიაინდუსტრიას და რა კონტრზომები იგეგმება ამ მიმართულებით?
ერთ-ერთი იდეა ეს არის ქართული ავიაკომპანიისთვის შეღავათების დაწესება, რასაც „ჯორჯიან ეარვეიზი“ („აირზენა“) წლებია ითხოვს. საქმე ეხება მთავრობის მხრიდან სუბსიდირების დაწესებას. ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განმარტებით, ეს უნდა განიხილოს მთავრობამ „აირზენასთან“ ერთად.
„მნიშვნელოვანია „აირზენამ“ თავად დააფიქსიროს რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება. მე პირადად, ვერ ვხედავ პრობელემას იმაში, რომ თუკი იქნება სხვადასხვა შემოვლითი რეისი, ის სახელმწიფომ დაასუბსიდიროს. ეს ყველაფერი საჭიროა იმისათვის, რომ ტურისტული ნაკადი თუნდაც რუსეთიდან კვლავ შემოვიდეს საქართველოში“, - აცხადებს ვეფხვაძე.
ეკონიმიკის ექსპერტები ცოტა უფრო ადვილად უყურებენ სიტუაციას. „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ დამფუძნებელი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ პუტინმა ფრენა საკუთარ კომპანიებს აუკრძალა, მაგრამ თუ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ენდომებათ, სხვა გზებიც არსებობს.
„ლაპარაკი იმაზე - თუ რა გვეშველება, - არასწორია. გვეშველება - სხვა ბაზრების, მიმართულებების, კულტურის განვითარების გზით. თუ რუსეთის მოქალაქეებს სურვილი ექნებათ, ფრენა სხვა გზებითაც შეიძლება. ამ პროცესში მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ყველა მიხვდება სხვა ბაზრებზე მუშაობის, სხვა კულტურის არჩევისა და საკუთარი მომსახურების დახვეწის აუცილებლობას. სტატისტიკასაც რომ ჩავხედოთ, საქართველოს ტურიზმში მთელ რუსულ ბაზარს ჯამში, დაახლოებით 18% უკავია. ფრენის აკრძალვა კი არ ნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი შეიცვლება, რადგან საქართველოს არაფერი არ აუკრძალია და რუს მოქალაქეებს ვერავინ დაუშლის აქ ჩამოვიდეს, თუ სურვილი ექნებათ“, - აცხადებს „ბიპიენთან“ შეშელიძე.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე გამოცხადდა 12 ახალი ავიარეისის შესრულების შესახებ, რომელიც ევროპის ქალაქებს მოიცავს.
„ვიზ ეარის“ მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან რეგულარულ ფრენებს ევროკავშირის ქვეყნების 7 მიმართულებით: პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენში შეასრულებს, ხოლო 2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით კიდევ ევროპის 5 ახალი მიმართულება: სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ტურკუ, ნიცა, ჰერაკლიონი დაემატება.
საქართველოდან დღემდე ფინეთსა და შვედეთში პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე ადასტურებს, რომ არსებული 27 ევროპული მიმართულების გარდა, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია „ვიზეარი“ 12 ახალ ავიამიმართულებას ამატებს.
„ეს გარდა იმისა, რომ შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვაში და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
დამთავრდეს დემადოგების პ ა რ ა დ ი!