როცა სხვა გზას აღარ გიტოვებენ

როცა სხვა გზას აღარ გიტოვებენ

(გიგი მესვეტე)

გულშემატკივარს, ანუ კაცს, რომელსაც შენს გამო გული სტკივა, თავზე არ უნდა უქნა.

უშუალოდ მატჩის დაწყებამდე შეიძლებოდა რაღაც პროგნოზის გაკეთება - როცა გუნდი საქართველოს ჰიმნს ასრულებდა. მხოლოდ ერთი - ორი ფეხბურთელი თუ ბუტბუტებდა ჰიმნის ტექსტს. ისიც, მინდა დავიჯერო, რომ ჰიმნის ტექსტს ბუტბუტებდა და არა რამე სხვას.

დანარჩენები მოღუშულები იდგნენ. ზოგი პირდაპირ იყურებოდა, ზოგს კი თავი ჩაექინდრა, ხოლო ერთს თავი მაღლა ჰქონდა აწეული.

ყველანი მოღუშულები იყვნენ. იქნებ, რელაქსაცია? არა! ასე ეშაფოტზე აყვანის წინ ისინი იმზირებიან, ვისაც რაღაც საშინელება აქვს ჩადენილი.

თავიდანვე დამარცხებისთვის იყვნენ განწირულნი - აი, რა ჰქონდათ ჩადენილი.

თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე გულში ჯერ კიდევ ბჟუტავდა იმედი, რომ თუ არ მოვიგებდით, არ წავაგებდით.

მაინც და ბოლო - ბოლო, თუ წავაგებდით, კაცურად მაინც დავუხვდებოდით ბოლო მუნდიალის მედალოსნებს.

სწორედ იმ რამდენიმე საათით ადრე იყო ერთმა, პოლიტიკაში და ფეხბურთში გათვითცნობიერებულმა ნაცნობმა, “კროკოს“ წინ რომ შემხვდა, მითხრა, ეს თამაში დენში გაიცვალაო.

ვაი, ჩვენს პატრონს, ეს თუ მართლა ასეა და ვაი ჩვენს პატრონს, ეს თუ ასე არ არის, მაგრამ იმ ზომამდე ვართ მისული,რომ რაღას არ ვიგონებთ.

ჩვენ, ყველანი, ყველაზე მწარე პესიმისტებიც კი, ოპტიმისტები ვართ, როდესაც საქმე ღირსებას ეხება. არაფრით არ გვინდა დავიჯეროთ, რომ თუ ფეხბურთის თამაში არ ვიცით, ღირსებაც დაკარგული გვაქვს.

ყოველთვის, ბოლო წუთამდე ველოდებით, რომ გაიღვიძებს  სინდისი, ისტორიული მეხსიერება, მწარე რეალობის შეგრძნება, ანუ, ჯამში ღირსების გრძნობა და... და ჩვენი ქართველობით თუ არ ვიამაყებთ, ის მაინც არ შეგვრცხვება, რომ ქართველები ვართ.

ოთხშაბათს საღამოს ძალიან შერცხვენილი ვიყავი. წაგება იქით იყო -  ვის არ წაუგია, წაგება და მოგება ძმები არიან.

კარისთვის ბურთის აცილებაც იქით იყოს - დარტყმა ყოველთვის ზუსტი ვერ იქნება. იქით იყოს მეკარის მიერ ბურთისთვის ხელის აცილება - ყველას მოსვლია...

ჯანდაბას ყველაფერი, მაგრამ როგორი გულსაკლავი სანახაობაა, როდესაც  შენ ქვეყანაში,  დედაქალაქში „მიხეილ მესხზე“ სასოწარკვეთილი უცქერ, როგორ დალასლასებს მინდორზე 11 ქართველი და როგორ დაფრინავს 11 თურქი.

იმ საღამოს ჩვენ აღარ ვიყავით გულშემატკივრები, ჩვენ ვიყავით გულმოკლულები, დამცირებულები და შეურაცხყოფილები.

რატომ მოშარდეს ჩვენს “ეროვნულზე“ ფარერელმა მწყემსებმა და პოლონელმა „ბარიგებმა“ და რატომ გვაჩვენებდნენ ინგლისელები შუათითს?

რომელ ქვეყანაში გაბედავდნენ იმ ქვეყანაში მცხოვრები თურქები და არა მხოლოდ თურქები, ამხელა კორტეჟით და ზარ - ზეიმით მიეცილებინათ თავიანთი გუნდი სასტუმრომდე?

ამ ქვეყანაში ენერგო და სხვა სახის დეფიციტებთან ერთად ღირსების დეფიციტიცაა  და დარწმუნებული ვარ, ღირსების დეფიციტი იწვევს სხვა დეფიციტს

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მიტინგი, პიკეტი, ქვების და ბოთლების სროლა მეთოდი და გამოსავალია, მაგრამ ხანდახან იქმნება სიტუაცია, როდესაც სხვა გზა აღარ გრჩება, იმისათვის რომ ვიღაცას და ვიღაც ვიღაცეებს შეახსენო -  ხარ ცოცხალი, ხარ გაბრაზებული, გაქვს ღირსების გრძნობა და არავის აპატიებ „ეროვნულზე“ მოფსმას და ეროვნულში ჩაფურთხებას.

ხალხმა, ათიათასობით ადამიანმა, ბოლო ფულით შეიძინა დროშები და ბილეთები, დადგნენ წვიმაში, იმღერეს ჰიმნი და ელოდნენ გამარჯვებას, ან ფრეს, ან ღირსეულ წაგებას.

ისინი არ ელოდნენ  რომ თავზე უზამდნენ. არ ელოდნენ, თორემ პლასტიკატის ბოთლებს კი არა, ღამის ქოთნებს გადაყრიდნენ მოედანზე.

და იყო ერთი ვაი - ვიში: „ვაი - გულშემატკივრები“.  რა ვუყოთ ვაი - ფეხბურთელებს, ვაი - მწვრთნელებს, ვაი - პრეზიდენტებს, ვაი - ჩინოვნიკებს, ვაი - ოპერატორებს, რეჟისორებს, კომენტატორებს?

მშიერ, გალუმპულ, გულმტკივან ადამიანებს თავზე უქნეს.

არა უშავს - ხვალ ერთმანეთს ბოდიშს მოუხდიან.

ბოდიშს მოუხდიან თურქებს და ეროვნულ გმირებად გამოცხადდებიან.

მე თუ მკითხავ, ისინი მართლა გმირები არიან, რადგან მათ შერჩათ პროტესტის გრძნობა და აქვთ ღირსება.

მართალია, აგრესიული, მაგრამ როცა სხვა გზას აღარ გიტოვებენ...

მომდევნო თამაშებს საქართველოს ნაკრები ალბათ ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაატარებს.

ეს ნაკრები არ არის. საქართველოსი და საერთოდ, როგორ შეიძლება ბანდას ნაკრები უწოდო?!

ისინი არ იმსახურებენ, რომ ვინმეს მათ გამო გული სტკიოდეს.

და თუ მართლა დენში გაიცვალა...  ყაზახებთანაც გვექნება სავაჭრო. ჩვენ რევოლუცია მივცეთ, იმათ კიდევ - სამი ქულა.

ანაც,ისინი მოგვცემენ გაზს, ჩვენ მივცემთ -  სამ ქულას.

ეს სვეტი ამომრჩევლებს და პოლიტიკოსებსაც შეეხება, განსაკუთრებით კი, მმართველ პოლიტიკოსებს.