ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება, ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კლუბი ქუთაისის "ტორპედო" კი დღითი დღე სუსტდება.
მამუკა კობახიძის, ოლექსანდრ აზაცკის და მერაბ გიგაურის შემდეგ "ტორპედო" რიჩარდ ლუკამ და ნიკოლა სტიეპოვიჩმა დატოვეს.
ქუთაისურ კლუბში ბოლო შეხვედრები ჩაატარეს ლევან გეგეჭკორმა და ნოდარ ქავთარაძემ, რომლებმაც ბათუმის "დინამოსთან" (2:2) გოლების გატანაც მოახერხეს. გეგეჭკორი სწორედ გია გეგუჩაძის გუნდში გააგრძელებს კარიერას.
მიმდინარე კვირის ბოლომდე საბოლოოდ უნდა გაირკვეს სპონსორის საკითხი. საუბარი კვლავ ჩინელ ინვესტორებზეა და იმ შემთხვევაში, თუ კლუბს ინვესტორი არ გამოუჩნდა, ქუთაისს მათე ცინცაძე და ბუდუ ზივზივაძეც დატოვებენ. ეს ფეხბურთელები ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ განაცხადშიც არ ყოფილან.
ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შიმკენტის "ორდაბასს" დაუპირისპირდება. მატჩის გამართვამდე 2 კვირა რჩება.
პირველი შეხვედრა 11 ივლისს ყაზახეთში გაიმართება.