„გახარიას გადადგომა ნიშნავს, საფრთხე ექმნება ხელისუფლებას, როგორც შევარდნაძის დროს, რაც გახდა 2003 წლის საფუძველი“

„გახარიას გადადგომა ნიშნავს, საფრთხე ექმნება ხელისუფლებას, როგორც შევარდნაძის დროს, რაც გახდა 2003 წლის საფუძველი“

მმართველი გუნდი თანხმდება, რომ გიორგი გახარია ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალებას გადაარჩინა, თუმცა გამოძიება ამ დრომდე არ ჩქაროს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ის პოლიტიკოსები, რომლებიც მათივე განცხადებით, 20 ივნისის მოვლენების პროვოცირებაში მონაწილეობდნენ. გამოძიებისგან განებივრებული ოპოზიცია შს მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს, რასაც მმართველი გუნდი არ თანმხმდება.

უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, მოითხოვეს და მიიღეს „ტრუპები“ და ახლაც, მისი ნასხლეტები ეცადნენ და კინაღამ მიაღწიეს პარლამენტში შემოჭრას, კონსტიტუციური წეს–წყობილების დამხობის მიზნით. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, რაც არ უნდა რთული იყოს ამის გაკეთება, უნდა ვაღიაროთ, რომ პარლამენტის გარეთ თუ სხვაგან გამართული აქციების ძირითადი წარმმართველი ძალაა „ნაციონალური მოძრაობა“.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება სამართლიანად არ აპროტესტებს ან არ აპროტესტებდა პარლამენტში შექმნილ გარემოებას, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსეთის დუმის დეპუტატი აღმოჩნდა, ან ძალის გადამეტებას, როდესაც დაზარალდნენ ადამიანები, ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი შვილები. ამასთანავე, თითქოს ჰაერში გაქრა, დაიკარგა რეალობათა მთელი პაკეტი, რომლის თითოეული მუხლი დრამატული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის, მისი აწმყოს და მომავლისათვის.

რუსეთის საგანგებო, სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა ხელისუფლება პარტნიორი ქვეყნების მოთხოვნის საპირისპიროდ, ქმნიდან საოკუპაციო ჯარის შემოჭრის წინაპირობებს 2008 წლის აგვისტოში, როდესაც ყიდდა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით დახოცა ხალხი, ხოლო დაკავებულთაგან არავინ დატოვა სასტიკი წამების და უმძიმესი შეურაცხყოფის გარეშე. არასდროს უღიარებიათ ეს. უზნეობაა ზოგიერთი ჩვენი კოლეგის მიერ გავლებული პარალელები“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

უმრავლესობის წევრი ოთარ დანელიას განცხადებით, შს სამინისტრომ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალებას გადაარჩინა. როგორც დანელიამ აღნიშნა, 240 ადამიანს შორის, რომელიც რუსთაველზე დაზარალდა და დასახიჩრდა, 100 პოლიციელია.

„ტრაგედიაა, რაც მოხდა იმ დღეს, არ შეიძლება ვინმეს სხვა აზრი ჰქონდეს. ძალიან მშვიდობიანი პროტესტი გადაიზარდა დაძაბულობასა და დაპირისპირებაში და ისიც - წაქეზებით. არ შეიძლება, ერთი ხელის მოსმით დავაყენოთ გიორგი გახარიას გადადგომის საკითხი. ოპოზიციის საქმე არ არის არც მისი გათავისუფლება და არც მისი დანიშვნა. ამას წყვეტს გუნდი, ეს არის გუნდური პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენ ყველა ვიღებთ ამაზე პასუხისმგებლობას. გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე და პოლიტიკური ფასი არის ძალიან დიდი“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

როგორც დანელიამ აღნიშნა, არც ერთ პოლიტიკურ გუნდს ამის ნახევარი ფასი არ გაუღია. მისი თქმით, პოლიტიკური ისტებლიშმენტი თავის დროზე შეთანხმდა, არავითარი ძალადობა, არსებობს სამართლიან პირობებში ჩატარებული არჩევნები, რაც არის ერთადერთი სწორი იარაღი ხელისუფლების გადაბარების.

„2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იქნება ნულოვანი ბარიერი და პირდაპირ პროპორციული არჩევნები, რომელშიც ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას. გახარიასთვის ერთ გროშად არ ღირს, თანამდებობა, რაც უჭირავს, ვინმეს ეჭვი ეპარება ამაში?!“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.

გიორგი გახარიასთან დაკავშირებით უმრავლესობაში აზრი გაყოფილია. „ქართული ოცნების“ წევრის, ბიძინა გეგიძის განცხადებით, შედეგი, რომელიც მივიღეთ, პასუხისმგებელია შს მინისტრი.

„შედეგი, რომელიც მივიღეთ, პასუხისმგებელია შს მინისტრი. მე ახალს არაფერს ვამბობ და არც ველოსიპედის გამოგონება არ სჭირდება ამას. ვაფასებ შედეგის მიხედვით და პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრს. მე მის ადგილზე გადავდგებოდი და ზოგადად, დიდი ხანია, ვლაპარაკობ იმას, რომ გადაწყვეტილებები ზოგჯერ გვიანდება მმართველ ძალაში. შს მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს“, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

უმრავლესობის ყოფილი წევრი, ლევან კობერიძე თვლის, რომ რიგით პოლიციელებზე ჯოხის გადატეხვა და ამით სიტუაციიდან გამოძრომა, არ არის ღირსეული საქციელი. დეპუტატი კობერიძე აცხადებს, რომ 20 ივნისის სისხლიან მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა გიორგი გახარიამ უნდა აიღოს.

„გახარიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმაზე, თუ რა მოხდა იმ ღამეს. რიგით პოლიციელებზე ჯოხის გადატეხვა და ამით სიტუაციიდან გამოძრომა, ვთვლი, რომ არ არის ღირსეული საქციელი. მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ან პროვოკაციას შეჭრასთან დაკავშირებით, უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება, ოღონდ ამას ამდენი ლაპარაკი კი არ სჭირდება და ახლა პოლიტიკური დღის წესრიგის გადაფარვა, თუ რამე გასაკეთებელია, დროზე უნდა გადაიდგას და გაკეთდეს და საზოგადოება კიდევ უარეს დაპირისპირებამდე არ უნდა მივიყვანოთ“, – აღნიშნა ლევან კობერიძემ.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ქვეყნის პირველი პოლიციელის გადადგომას ითხოვს უმრავლესობის ყოფილი წევრი, ეკა ბესელია, რომელიც შს მინისტრისგან ითხოვს პასუხს, ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება. ეკა ბესელია ყოფილ თანაგუნდელებს მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დღეს ძალიან ბევრი მათგანი პასუხისმგებლობას გაურბის და მომხდარის შედეგის სხვისთვის გადაბრალებას ცდილობს.

„თუ დღეს ის ისევ მინისტრის პოზიციაზე რჩება, უნდა მოვიდეს და პასუხი უნდა გასცეს მთავარ კითხვას, ვინ გასცა ბრძანება, როდესაც გამოყენებული იყო ისეთი საშუალებები, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მომიტინგეებს და აიღოს პასუხისმგებლობა შემდეგ ამაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე რომ ვყოფილიყავი მის ადგილას, ერთი წუთი არ დავფიქრდებოდი, ისე დავტოვებდი უმრავლესობას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადებით, გიორგი გახარია არის მსხვილი კალიბრის კრიმინალი.

„პარლამენტის დარბაზში ხმას როგორ იღებენ, რა შტურმზე საუბრობენ, ღიად დეკლარირებული აგრესორი, ოკუპანტი, რომლის ხელებზეც ჯერ ქართველ ჯარისკაცების სისხლიც არ არის შემშრალი, შემოიყვანეს ამ დარბაზში, შტურმით თუ ვინმემ აიღო ეს დარბაზი, აიღეს მათ.

ამ დარბაზში სადაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, სადაც ზვიად გამსახურდია იჯდა, ჩასვეს გავრილოვი, დღეს საუბრობენ ყველაფერზე, გარდა სიმართლეზე. გიორგი გახარია არის კრიმინალი. როგორც თქვენ თქვენი უბნის ძველი ბიჭი, პირობითად, შიო გაინტერესებთ, ისე არ მაინტერესებს გახარია, ის არის კრიმინალი, ოღონდ მსხვილი კალიბრის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, უმკაცრესად დაისჯება ის, ვინც ბრძანება გასცა აქციის მონაწილეებისთვის თავში ტყვიების სროლაზე.

„ყველანაირ უტიფრობას, თავხედობას აქვს თავისი საზღვარი. გამოიყენეს დიდი ცხოველების გასაჩერებლად განკუთვნილი პლასტმასის ტყვიები, რითაც ახალგაზრდები დაასახიჩრეს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრს. ყველამ ვიცით, პოლიცია როგორ ნადირობდა, ადამიანებს რა ტყვიებს ესროდნენ. ვინც ბრძანება გასცა თავში სროლაზე, ტყვიების სროლაზე, უმკაცრესად დაისჯება. ვინც დაკავებულია, რომ გიორგი გახარიას სამარცხვინოდ გადაეფარონ, პასუხს აგებენ. საკუთარ თავზე აიღეს, ნაცვლად იმისა, რომ ამას გამიჯვნოდნენ. გადადგეს ეს პირი, მისი პასუხისმგებლობაა, რომ ახალგაზრდები დასახიჩრებული არიან“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ოპოზიციისგან განსხვავებით, შს მინისტრის გადადგომის პოლიტიკურ საფუძველს ვერ ხედავენ ანალიტიკოსები, რომელთა შეფასებით, არსებული ვითარება ძალიან ჰგავს 2000 წლის მოვლენებს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის პრეზიდენტისგან ითხოვდა შს მინისტრის კახა თარგამაძის გადადგომას.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ედუარდ შევარდნაძეს ჯერ გამოაცალეს უშიშროების საბჭოს მდივანი, რითაც ძალოვანი უწყება შეარყიეს. საყვარელიძე ამბობს, რომ ანალოგიური სცენარით ვითარდება პროცესები ახლაც. შესაბამისად, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში შს მინისტრის გადაყენება ხელისუფლების შესუსტებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

„შედარება – გახარიას გადადგომა ნიშნავს, რომ საძირკველშივე საფრთხე ექმნება ხელისუფლებას. ისევე როგორც შევარდნაძის დროს, ჯერ გადადგა ჟვანია, შემდეგ თარგამაძე გადააყენეს, რაც გახდა 2003 წლის საფუძველი.

ჯერ იყო საჯაია გამოაცალეს შევარდნაძეს. ისეთი კამპანია ააგორეს, რომ თვითმკვლელობაც შეიძლება ყოფილიყო, ისევე როგორც მკვლელობა. ფაქტია, რომ ძალოვანი უწყებების კოორდინატორი, უშიშროების საბჭოს მდივანი გამოაცალეს შევარდნაძეს. მერე დაიწყო ნადირობა კახა თარგამაძეზე. თარგამაძესთან ერთად გადადგა ზურაბ ჟვანია. თარგამაძემ დააყენა საკითხი, რომ თუ გინდათ, რომ მე გადავდგე, ჟვანიაც გადადგესო. სტრატეგია იყო ერთი – შევარდნაძის გარშემო ყოფილიყო სუსტი ფიგურები, იგივე სტრატეგია გვაქვს ახლაც“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება გამოძიების პასიურობას, რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ბევრი თვალსაზრისით დადგა იგივე პრობლემა და კითხვა, რას ელოდება გამოძიება. უამრავი საკითხია, სადაც გამოძიება აგვიანებს.

„სხვათა შორის ერთ–ერთი შეხვედრის დროს, რომელიც ორგანიზებული იყო გახარიას მიერ, ვკითხე კიდეც, რატომ გვიანდება საქმეები–თქო. მან მიპასუხა: „პასუხი არ მაქვს“. ანუ, ეს თვითონ სისტემის შიგნით მოუგვარებელი თემა არის. სისტემის შიგნით მოუგვარებელი თემები კი ბევრია. ამიტომ, სადაც გახარია ვერ პასუხობს კითხვას, რატომ არ მიდის ტემპით გამოძიება, ბუნებრივია, ვერც მე გავცემ პასუხს.

რაც შეეხება გედევან ფოფხაძის ფრაზას, ეს უკვე საერთო ოპოზიციური ფრაზაა, მაგრამ ერთი არის ემოციური მუხტის ქვეშ მყოფი ხალხის შეფასება. გახარიას გამოჩენა სისხლიანი შეიძლება პანკისშიც ყოფილიყო, გახარიას გამოჩენა სისხლიანი შეიძლება „ბასიანზეც“ ყოფილიყო, ორივე პრობლემის მოგვარება გახარიამ შეძლო ისე, რომ ადამიანთა დაშავებამდე საქმე არ მიიყვანა. ასე რომ, ასე ცალსახად შეფასება – სადაც გახარია არის, იქ სისხლია, ნაადრევია. მე პედაგოგი ვარ, ნიშნის დაწერის დროს ყოველთვის ვხელმძღვანელობ არა იმით, გამოცდას როგორ ჩააბარებს სტუდენტი, არამედ იმითაც, ზოგადად, სტუდენტი როგორ მუშაობდა.

რაღაც ამდაგვარი სიტუაცია არის გახარიასთანაც. მე არ ვიჩქარებდი გახარიას ასე ზოგად შეფასებას. საუბარია აზროვნების სტილზე და არა ცოდნაზე. გახარია ცოდნის მხრივ არ იყო პროფესიონალი პოლიციელი, მაგრამ აზროვნების სტილის, ანუ მენეჯერული თვალსაზრისით ეფექტური აღმოჩნდა პოლიციაში. ფაქტია, რომ რაღაცა ხარისხით უფრო შესამჩნევი ფიგურა გახდა. კადრების ასე მოძებნა, რომ მათი შესაბამისობა მეტ–ნაკლებად გარანტირებული იყოს, რთულია და იმიტომ არის, რომ ასეთი გენერალური პროკურორი გვყავს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ექსპერტ გია აბაშიძის შეფასებით, სახეზე გვაქვს პოლიტიკური რევანშიზმი „ნაცმოძრაობისა“ და მისი სკაიპ, თუ დე ფაქტო ლიდერ სააკაშვილის მეთაურობით, რომლებიც წლებია ცდილობენ დომინანტის როლი ითამაშონ ქართულ პოლიტიკურ ოპოზიციურ სივრცეში.

„მათ მუდმივად აქვთ მოთხოვნა, რომ გიორგი გახარია ჩამოაშორონ ხელისუფლებას. მე მებადება შეკითხვა – ვინ და რითი შეცვლის ხელისუფლება გახარიას? მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ასევე კატეგორიულად მინდა მოვუსმინო შს მინისტრის განცხადებებს პარლამენტის სხდომაზე. მოვისმინო მინისტრის შეფასებები, როგორ და რატომ მოხდა.

უამრავი კითხვის ნიშანი მაქვს, რა ხდება შსს–ში, სადაც გახარია საკმაოდ ნოვატარულ რეფორმებს ახორციელებს და ამავე დროს 10 სპეცრაზმელი, თუ პოლიციელი ჩამოაციელს პასუხისმგებლობას, ზოგიერთზე შეინიშნება სამართალდარღვევები. მაინტერესებს რა მოხდა იმ ღამეს. პოლიციელებზე თავდასხმა მოგერიებული იყო და მერე რატომ გახდა საჭირო დემონსტრანტთა დევნა რუსთაველიდან ფილარმონიამდე, ამაზე გაგვცეს პასუხი შს მინისტრმა გახარიამ.

გასაგებია, მან თქვა, რომ როცა საჭირო იქნება გადავდგებიო, მაგრამ აუცილებელია პარლამენტის ტრიბუნიდან მოვისმინოთ, ვინ წააქეზა ის დესტრუქციული ძალები, მშვიდობიანი მომიტინგეები და ვინ იყვნენ ეს რევანშისტები? ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი, ისევე როგორც ვინ გადაამეტა ძალას და რატომ მოხდა ეს ყველაფერი“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას გია აბაშიძე.

როგორც აბაშიძე აცხადებს, თავისი მრავალწლიანი დესტრუქციული ქმედებებით „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს შეარყიოს ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობა.

„გიორგი გახარია, კი, ბატონო, არის პროფესიონალი, მის სტრუქტურებში რაღაცა გადაცდომები და შეცდომები, სავარაუდოდ დანაშაულებრივი ქმედებები განახორციელეს, თუმცა შეუცვლელი არავინ არ არის. მაგრამ მე ვხედავ რევანშისტულ, დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალას –„ნაცმოძრაობას“ სურს, რომ დომინანტი იყოს ხელისუფლებაში, პოლიტიკურ სივრცეში და ის იბრძვის ყველა მიამრთულებით. გახარიას გადადგომით არ დაკმაყოფილდებიან და შემდეგი შესაძლოა იყოს მთავრობის გადაყენება, მერე შესაძლოა მოითხოვენ, რომ ივანიშვილმა დატოვოს ქვეყანა. ყველანაირ დესტრუქციაზე მიდიან“, – აღნიშნა გია აბაშიძემ.

სოციალისტი ნაციონალებს, ევრონაცებს, რესპებს და თავისუფალ დემოკრატებს! გეკითხებით რატომ გაქვთ 4 სახელი, ერთ სახელს რატომ არ სჯერდებით?! ვერ ეღირსებით გახარიას გადადგომას. ქართველი ხალხი ბრმა არ არის. ის იარაღი განკუთვნილი მონადირე-რეინჯერებისათვის, საიდანაც იმ ხალხს ესროლეს, რომლებიც თქვენ დაიქირავეთ ან გააბრიყვეთ და 2 საათის განმავლობაში უტევდნენ პოლიციის კორდონს იმისათვის, რომ პარლამენტში შეჭრილიყვნენ და მოეწყოთ ე.წ. "ვარდების რევოლიუცია 2", თქვენი შეძენილია! თქვენი ხელისუფლების დროს არის შეძენილი და ატკატები აქვს შესაბამის უწყების ხელმძღვანელებს აღებული იმისათვის, რომ ეს აღჭურვილობა შეეძინათ და არა ის რაც სტანდარტით პოლიციისათვის იყო განკუთვნილი! როდესაც პოლიცია დაიღალა გამუდმებული თავდასხმების მოგერიებით, მაშინ დრო იხელთეს თქვენმა ჩანერგილმა აგენტებმა და გაუხსნეს რეზინის ბომბების ცეცხლი თავდამსხმელებს!!! თქვენივე შეძენილი არასტანდარტული აღჭურვილობიდან. თქვენ ხართ ბოლომდე დისკრედიტებული, დამნაშავე პოლიტიკური ორგანიზაციები, ამიტომ გადით პოლიტიკური ველიდან, წადით სახლებში სანამ უკლებლივ ყველას არ მგკითხავთ მართლმსაჯულებამ, გაასწარით. შემოვლენ ახალი ადამიანები, ახალი პოლიტიკური ძალები და შეცვლიან ქართულ ოცნებას! სანამ თქვენ იტივტივებთ სულ ქართული ოცნება გაიმარჯვებს, ყველა არჩევნებში სოფელში, რაიონში, დაბაში და ქალაქში! ახალქალაქშიც კი ქართული ოცნება გაიმარჯვებს!!!
4 წლის უკან
tngh ჩვენ თვითონ რატომ ვეძახით მათ სხვა და სხვა სახელებს. დავარქვათ ერთი, მოკლე და კონკრეტული "ნაც-ოპოზიცია". (ისე, როგორც დავამკვიდრეთ "მეგრანტეები".) ხოლო მათ წევრებს "ნაციონალ-ბოლშევიკები"...
4 წლის უკან
tngh ჩვენ თვითონ რატომ ვეძახით მათ სხვა და სხვა სახელებს. დავარქვათ ერთი, მოკლე და კონკრეტული "ნაც-ოპოზიცია". (ისე, როგორც დავამკვიდრეთ "მეგრანტეები".) ხოლო მათ წევრებს "ნაციონალ-ბოლშევიკები"...
4 წლის უკან
tngh ჩვენ თვითონ რატომ ვეძახით მათ სხვა და სხვა სახელებს. დავარქვათ ერთი, მოკლე და კონკრეტული "ნაც-ოპოზიცია". (ისე, როგორც დავამკვიდრეთ "მეგრანტეები".) ხოლო მათ წევრებს "ნაციონალ-ბოლშევიკები"...
4 წლის უკან
tngh ჩვენ თვითონ რატომ ვეძახით მათ სხვა და სხვა სახელებს. დავარქვათ ერთი, მოკლე და კონკრეტული "ნაც-ოპოზიცია". (ისე, როგორც დავამკვიდრეთ "მეგრანტეები".) ხოლო მათ წევრებს "ნაციონალ-ბოლშევიკები"...
4 წლის უკან
სოციალისტი ვერ დაგეთანხმები. ბოლშევიკები ამას შეურაცხყოფად მიიღებენ და სტრასბურგის სასამართლოში გვიჩივლებენ!
4 წლის უკან