ქართული ღვინისთვის ჩრდილოეთის კარი იკეტება

ქართული ღვინისთვის ჩრდილოეთის კარი იკეტება

ქართულ ღვინოს რუსეთში, ალბათ, იგივე ბედი ელის, როგორიც რამდენიმე წლის წინათ. ჩრდილოეთის კარი ჩვენი პროდუქციისთვის დიდი ალბათობით დაიხურება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ღვინის ექსპორტის 60% სწორედ რუსეთზე მოდის. მიუხედავად ამისა, ქართველი ბიზნესმენები ამით დამფრთხალნი სულაც არ ჩანან. მათ ერთხელ უკვე გავლილი აქვთ ეს გზა. ასე რომ, ძველი გამოცდილება, ახალი პრობლემების დაძლევაში უკეთ დაეხმარება.

რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხედველმა უწყებამ ქართული ღვინის წინააღმდეგ განცხადებების გაკეთება დაიწყო. საქმე რუსების მიერ ანტიქართულ კამპანიასთან გვაქვს, რაც საქართველომ არაერთგზის გამოიარა, ახლო და შორეულ წარსულებშიც. ამჯერად საუბარია ღვინის ხარისხის დაწუნებაზე.

კერძოდ, რუსეთში აცხადებენ, რომ საქართველოდან იმპორტირებული ღვინისა და სხვა ალკჰოლური სასმელების ხარისხი წლიდან წლამდე უარესდება, შესაბამისად, ისინი იძულებულნი არიან, ქართულ პროდუქციაზე კონტროლი გააძლიერონ.

რუსეთის მარეგულირებელში განმარტავენ იმასაც, რომ მხოლოდ 2018 წელს 203 ათასი ლიტრი ქართული ღვინო არ შეესაბამებოდა დადგენილ რუსულ ნორმებს, რის გამოც არ შეუშვეს ქვეყანაში, ხოლო რვა ქართველ მწარმოებელს ღვინის იმპორტი აეკრძალა. მათ შორის არიან: შპს „ბაგრატიონი - 1882“, შპს „ბოლერო და კომპანია“, შპს „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“, შპს „ბადაგონი“, შპს „ქართული ღვინის სახლი“, „ქართული ღვინო“, „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“ და შპს „ბატონო“.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა „როსპოტრებნადზორის“ განცხადებას ეხმაურება, სადაც ქართული კომპანიისთვის რუსეთში ექსპორტის შესაძლო შეზღუდვაზეა საუბარი.

„მე არ ვიჩქარებდი. თქვენც მოგიწოდებთ, რომ არ იჩქაროთ. დავაკვირდეთ მოვლენებს. ეს გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, მიღებული არ არის და მოდით, შეფასებებში არ ვიჩქაროთ. არ დავაზარალოთ სიჩქარით ჩვენი ბიზნესის ინტერესები“, - განაცხადა მინისტრმა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით კრემლში არაფერი გადაუწყვეტიათ, ქართული კომპანიები უკვე მზად არიან პრობლემებთან გასამკლავებლად. „თბილღვინოს“ ხელმძღვანელი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხედველი უწყების იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, ქართული ღვინის ხარისხი გაუარესდა და „როსპოტრებნადზორმა“ კონტროლის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო.

მარგველაშვილი აცხადებს, რომ ღვინის ხარისხთან დაკავშირებით „როსპოტრებნადზორთან“ ამ დრომდე პრობლემა არ ჰქონიათ. „თბილღვინოს“ დღეისთვის რუსულ ბაზარზე საკუთარი პროდუქციის 20% გააქვს.

„თუ ქართულ ღვინოს ემბარგო დაუწესდება ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება. ასეთ ფაქტს წარსულში უკვე ჰქონდა ადგილი და მათ შეუძლიათ ეს ბერკეტი ისევ გამოიყენონ. ხარისხზე არასდროს გვქონია მათთან პრობლემა. დღესდღეობით, ჩვენი პროდუქციის დაახლოებით, 20% გადის რუსეთში ექსპორტზე. ვცდილობთ, ჩვენს პორტფელში მათი წილი მაქსიმალურად დივერსიფიცირებული იყოს და ეს 20-25%-ს არ სცდება. დარგმა ერთხელ გადაიტანა ემბარგო და კიდევ გადაიტანს. ძალიან სამწუხარო იქნება, მაგრამ არ ველოდები, რომ ეს მოხდება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

„მარადიული მარანის“ დამფუძნებელი გიორგი ქემერტელიძე კი ამბობს, რომ ქართულ ღვინოს ხარისხის პრობლემა არ აქვს და რუსეთში მიზეზების გამოგონებით არიან დაკავებულნი.

„აბსურდია, თითქოს ხარისხის გაუარესდა და ამიტომ ამკაცრებენ მოთხოვნებს. ადგილობრივ ლაბორატორიაში ყველაზე მკაცრად სწორედ რუსეთში გასატანი ღვინო კონტროლდება (ცალკე საკითხია, იქ ფალსიფიცირებული პროდუქტი რომ მაინც ხვდება). ამიტომ ცალსახაა პუტინის სანქციების მორიგი ტალღაა ახლა ეს განცხადება და შესაბამისად, „როსპოტრებნადზორი“ ტყუის, რომ თითქოს ბოლო ორ წელში გაუარესდა ხარისხი. ამ მოცემულობაში ერთადერთი გამოსავალია - ღვინის ბაზრის დივერსიფიკაცია. საჭიროა ახალ ბაზრებზე გავამახვილოთ ყურადღება და შედეგად, ჩრდილოეთი სათავისოდ ვეღარ გამოგვიყენებს“, - აცხადებს ქემერტელიძე.

ასეთივე მოსაზრებისაა „რაჭული ღვინის“ დამფუძნებელი ომარ ჭელიძეც: „მგონი ეჭვი არავის ეპარება, რომ ხარისხის გამკაცრება რუსეთის მხრიდან ეს მორიგი ნაბიჯია პუტინის პოლიტიკის და მეტი არაფერი. რაც შეეხება თავად პროდუქტის ხარისხიანობას, ზუსტად იმავე ხარისხია რაც 2 წლის წინ, ამიტომ იტყუებიან“.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ხარისხის კონტროლი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ბოლო წლებში მუშაობა გაძლიერებულია.

„მნიშვნელოვანია, საქართველოში წარმოებული ათეულ მილიონობით ბოთლი ღვინო აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტს. ვფიქრობთ, არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დადგეს ქართული საექსპორტო პროდუქციის ხარისხი“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

რაც შეეხება სტატისტიკას. შარშან საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გავიდა ექსპორტზე, რაც ბოლო 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ზრდის ტემპმა, 2017 წელთან შედარებით 13 პროცენტს მიაღწია, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 203 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი. ექსპორტის კუთხით პირველი ქვეყანა კი კვლავ რუსეთია 53 682 627 ბოთლი ღვინით.

სოციალისტი პარლამენტმა ხვალ კენჭი უნდა უყაროს და განსაკუთრებული მდგომარეობა გამოაცხადოს. გიორგი გახარიას უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული მდომარეობის ერთპიროვნული მმართველის სტატუსი 6 თვის ვადით. სახელმწიფოს ყველა შტო მას უნდა დაექვემდებაროს!
4 წლის უკან