რუსეთში ქართული პროდუქციის ბოიკოტზე აქტიურად მსჯელობენ

რუსეთში ქართული პროდუქციის ბოიკოტზე აქტიურად მსჯელობენ

რუსეთში ანტიქართული ისტერიკა უკვე დაიწყო. ამ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოსთვის ბოიკოტის გამოცხადების ინიციატივით გამოდიან. ეს სცენარი საქართველოსთვის კარგად ნაცნობია და მსგავსი პრობლემები ქვეყანამ რამდენიმე წლის წინათ დაძლია. ასე რომ, რუსული ემბარგო იმდენად საშიში აღარ მოსჩანს საქართველოს ეკონომიკისთვის, როგორც 10-12 წლის წინათ, თუმცა კრემლში ისევ ჰგონიათ, რომ ამ მეთოდი ქართველების დაშინება შესაძლებელია.

ბოიკოტირებასთან დაკავშირებული განცხადება რუსეთის დუმის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. მიხაილ დეგტიარევმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს დედაქალაქში „რუსოფობიური გამოსვლების“ შემდეგ სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი ქართულ ტურისტულ კურორტებსა და პროდუქციას, ბოიკოტს გამოუცხადებენ.

რუსმა დეპუტატმა საქართველოს ურჩია, ტურისტებს აშშ-დან და ევროპიდან დაელოდოს, ხოლო „ბორჯომის“ წყალი ევროპულ ბაზარზე გაიტანონ.

ასეთმა მუქარამ უკვე ჰპოვა გამოხმაურება საქართველოში. ბიზნესმენები და ექსპერტები ერთხმად ამბობენ, რომ რუსეთის ბაზარს რაც შეიძლება დროულად უნდა ჩამოვეხსნათ. კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ ბიზნესი სათანადოდ არ აქტიურობს, რათა ბაზრების დივერსიფიკაცია მოახდინოს და ათვისებული მხოლოდ რუსეთის ბაზარი არ იყოს. სამწუხაროდ, ქართველი მეწარმეები ამ მხრივ საკმაოდ პასიურები არიან.

ვაშაკიძის თქმით, ბიზნესი უნდა გააქტიურდეს, რადგან „ევროკავშირში უფრო მეტი ფული კეთდება“ და ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთი არ უნდა იყოს. „ამაში მთავრობას ვერ დავადანაშაულებ, ეს ბიზნესის გასაკეთებელია“, - ამბობს ბიზნესმენი.

ეკონომისტები ადასტურებენ, რომ სერგეი გავრილოვის გამოსვლა საქართველოს პარლამენტში და ქართული საზოგადოების პროტესტი ვითარებას სამომავლოდ ორ ქვეყანას შორის ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს, რამაც შეიძლება ეკონომიკურ ურთიერთობაზეც იმოქმედოს. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ამბობს, რომ ჩვენს შემთხვევაში პოლიტიკას და ეკონომიკას ერთი მეორისგან ვერ გამიჯნავ.

„ნამდვილად არასასურველი სიტუაციაა და პოლიტიკურ შეფასებას მოვერიდები. ეკონომიკურად რუსეთზე ვართ დამოკიდებული როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის მხრივაც. ბევრი რამ მოექცა რუსების ხელში წინა ხელისუფლების დროს და მდგომარეობა ამ მხრივ არც შემდეგში შეცვლილა.

ექსპორტ-იმპორტს რუსეთთან განსაკუთრებით უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეკონომიკურად ეს ხელსაყრელია, მაგრამ ამის გამო ჩვენს ტერიტორიებს ვერ დავთმობთ და მათ დაკარგვას ვერასდროს შევეგუებით, ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება უნდა ყველაფერს. უნდა გაითვალოს ყველა ღონისძიება, განსაკუთრებით საქართველოს ტერიტორიაზე მათი მონაწილეობით.

ბოლო დღეებში თბილისში განვითარებული მოვლენების გამო კიდევ უფრო გართულდება ურთიერთობა რუსეთთან, რაც ეკონომიკაზეც აისახება. მათ აქვთ სხვადასხვაგვარი ბერკეტი, რომ ჩვენზე კიდევ იმოქმედონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რამე უნდა დავთმოთ. უმართავ სიტუაციამდე არ უნდა მივიდეს საქმე, ეს ჩვენს ოცნებას ტერიტორიულ მთლიანობაზე კიდევ უფრო დაგვაშორებს“, - აღნიშნა სილაგაძემ.