2019 წლის NBA-ს დრაფტზე "ინდიანა პეისერსის" მიერ გოგა ბითაძის არჩევას ვეტერანი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია გამოეხმაურა.
"ინდიანა პეისერსის" ფანებო, თქვენ ეს-ესაა ძალიან ნიჭიერი, სუპერმშრომელი და შესანიშნავი ბიჭი, გოგა ბითაძე მიიღეთ", - წერს ზაზა Twitter-ზე.
NBA-ს გამოცდილი ცენტრი გოგა ბითაძის დიდი გულშემატკივარია. თავის მხრივ, 19 წლის ქართველიც ხშირად აღნიშნავს, რომ ზაზა ფაჩულია მისთვის სამაგალითო პიროვნებაა.
ფაჩულია ამ მოვლენას Instagram-ზეც გამოეხმაურა: "ამაყი და აღფრთოვანებული ვარ. საქართველოს კიდევ ერთი შესანიშნავი წარმომადგენელი ჰყავს. მიდი, გოგა".
შეგახსენებთ, "ინდიანამ" გოგა ბითაძე პირველ რაუნდში, დრაფტის მე-18 ნომრად აირჩია.