საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 6.3 პროცენტით შემცირდა და 281.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
„საქართველო კუნძული არ არის, ეს არის ქვეყანა, რომელიც დაკავშირებულია მსოფლიოსთან. დაცემაც და ზრდაც მომდინარეობს არა კონკრეტულად საქართველოდან, არამედ მისი სამეზობლოდან“, - ასე აფასებს არსებულ რეალობას სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი.
საფინანსო სექტორში პირველ კვარტალში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინვესტიციები 33,6 მილიონი დოლარით - 42,7 მილიონ დოლარამდე შემცირდა, ტრანსპორტში - 87,4 მილიონი დოლარით- 28,6 მილიონ დოლარამდე, სამშენებლო სექტორში - 46,1 მილიონი დოლარით, ანუ 8,4 მილიონ დოლარამდე.
„საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ინვესტიციების შემცირების ორი მთავარი მიზეზია დასახელებული: მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება და რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლა.
თავის მხრივ, 2018 წელს შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა 1 232,4 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 34,9%-იანი ვარდნის ტოლფასია. 2017 წელს მაჩვენებელი 1 894,5 მლნ აშშ დოლარი იყო.
საქართველოში უცხოური კაპიტალი კლების საკითხს სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი გამოეხმაურა და საქართველოში პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება შეაფასა. როგორც ტემბონი ამბობს, საქართველო მსოფლიოს ნაწილია და გარე ფაქტორები მასზე ზეგავლენას ახდენენ. მთავარია, რომ ტრენდი პოზიტიური იყოს და ეს ასეც არის.
„საქართველო კუნძული არ არის, ეს არის ქვეყანა, რომელიც დაკავშირებულია მსოფლიოსთან. თუ საგარეო ფაქტორებში რამე ხდება, თავისთავად ამას აქვს გავლენა ქვეყანაზე. პირველ კვარტალში შეიძლება იყოს დაცემა, მეორე კვარტალში - ისევ ზრდა. მთავარი ამ შემთხვევაში არის ტრენდი. არის ის პოზიტიური? დიახ, არის და ეს არის მნიშვნელოვანი. ასე რომ, დაცემა და ზრდა, გამომდინარეობს არა კონკრეტულად საქართველოდან, არამედ მისი სამეზობლოდან, მისი სავაჭრო პარტნიორებიდან. მთავარია, იყოთ ყურადღებით და ვიცი, ქართველი ხალხი ასეც იქცევა“, - აცხადებს მერსი ტემბონი.
საინვესტიციო ვარდნის მიზეზებს შორის ქართველი სპეციალისტები სხვა მიზეზებსაც ასახელებენ. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ამბობს, რომ დღევანდელი რეალობა განპირობებულია ენერგეტიკისა და პორტის მიმართულებით სამწუხარო გაუგებრობებით, რამაც ინვესტიციების შეფერხება გამოიწვია.
„გარკვეული შემცირება ნამდვილად სახეზეა. უნდა აღნიშნოს, რომ წლევანდელი კლება არ არის კრიტიკული, განსხვავებით 2018 წლისაგან. რომ 2017 წლის უპრეცენდენტოდ ბევრი უცხოური კაპიტალი შემოვიდა ქვეყანაში და ამიტომაც შარშანდელი შემცირება ყველასთვის თვალში საცემი გახდა.
წელს კი უკვე სხვაგვარი ვითარებაა. პირველი კვარტლის არასახარბიელო მონაცემები განპირობებულია, ენერგეტიკისა და ანაკლიის პორტის მიმართულებით სამწუხარო გაუგებრობებით, რამაც ინვესტორების ყოყმანი გამოიწვია. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ამას ტენდენციის სახე აქვს უკვე. ეს არის ცუდი ტრენდი. ობიექტური ფაქტორებისა და მოლოდინის გამო ინვესტიციები შესაძლოა უფრო მეტადაც შემცირდეს“, - აცხადებს სილაგაძე.