ფინანსთა მინისტრს იმედი აქვს, რომ ახლო მომავალში ვითარება შეიცვლება და საბანკო რეგულაციები შერბილდება. ამასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ, თუმცა კონკრეტულ ნაბიჯი ეროვნული ბანკის მხრიდან არ იდგმება.
ივანე მაჭავარინის თქმით, საბანკო რეგულაციებით სებ-მა ქართულ ფინანსურ სისტემას დაადო ჯავშანი, რომელიც მას მრავალი შესაძლო მსხვილი პრობლემებისგან დაიცავს. თუმცა ეს ჯავშვანი აღმოჩნდა საჭიროზე ძლიერი, რადგან ქვეყანაში ასეთი სახიფათო მდგომარეობა არ არსებობდა.
„იმედი მაქვს, რომ რეგულაციების შერბილდება. თქვენ იცით, რომ დასაწყისშივე, ამ რეგულაციების მაინცდამაინც მხურვალე მხარდამჭერი არ ვიყავი. აქვე უნდა გაესვას ხაზი, რომ ეროვნული ბანკი დაკომპლექტებულია უმაღლესი ხარისხის პროფესიონალებით და ის მოტივაცია, რატომაც ეს გააკეთეს, არის ის, რომ ქართული ფინანსური სისტემა იყოს უფრო დაცული.
ჩვენს ხედვებს შორის სხვაობა ისაა, რომ ჩემი აზრით, ამ რეგულაციებით სებ-მა ქართულ ფინანსურ სისტემას დაადო ჯავშანი, თანაც იმგვარი ჯავშანი, რომლის ადეკვატური კალიბრის ყუმბარები აქ არ ცვივა. შესაბამისად, ზედმეტი დაცულობა და დიდი ჯავშანია. უბრალოდ, ეს უფრო ხარჯიანია და უფრო მძიმე სატარებელია, არ არის პროპორციული იმ რისკების, რაც შეიძლება მოხდეს, თუმცა პრაქტიკულად, სამომავლო რისკებს ანულებს, მაგრამ ამის ფასს ვიხდით იმით, რომ ესაა ცოტა უფრო მძიმე სატარებელი“, - განაცხადა მინისტრმა.
სებ-ის ზედმეტად მკაცრ პოლიტიკას არ იწონებდნენ ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებში“. მისი დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ კომერციულ ბანკებში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა ძალიან დიდი არც რეგულაციების ამოქმედებამდე იყო და ძირითადად ე.წ. პრობლემური კლიენტები ონლაინ სესხებს ჰყავდათ.
„არა მხოლოდ ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელი, ზოგადად, დაკრედიტება შემცირებულია, რაც იყო კიდეც ამ რეგულაიცების მიზანი. იმედია, საქმე არ გვექნება მთლიან შემცირებასთან, რაც ეკონომიკისათვის არ იქნება მარტივად გადასატანი. ის ადამიანები, ვინც ვერ იღებენ სესხს, რჩებიან უკმაყოფილო მომხმარებლებად, თუ თანხის მიღება მათთვის გადაუდებელ აუცილელობას წარმოადგენს. ისინი ინაცვლებენ კერძო გამსესხებლებთან.
ძირითადი პრობლემები გროვდებოდა ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების ხარჯზე, სესხის გაცემის სიმარტივისა და მაღალი პროცენტის გამო. ძირითადად ამით იყო განპირობებული რეგულაციების აუცილებლობა. შედეგად კი შემცირდა სამომხმარებლო პორტფელი და ძალიან ბევრ ტექნიკის მაღაზიასა და თვითდასაქმებულს შეექმნა პრობლემები“, - აღნიშნა კეპულაძემ.
თავის მხრივ, ბიზნესი მოუთმენლად მოელის რეგულაციების შერბილებას და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი სამშენებლო სექტორია. კომპანია „არსის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე აცხადებს, რომ მცირდება სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა და ეს პირდაპირ მიბმულია თბილისის მერიის მიერ გაცემულ ნებართვებზე და საბანკო რეგულაციებზე. თუ ასე გაგრძელდა მოსალოდნელია რამდნიმე თვეში სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამინების რაოდენობა 20000-მდე გაიზარდოს.
„ის, რომ 4000 კაცით ნაკლები მუშაობს ამ სფეროში სრულიად გასაგებია. მგონია, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება. თუ საბანკო და სამშენებლო რეგულაციები არ შერბილდება, შეიძლება, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების რაოდენობა 20 ათასამდე გაიზარდოს. ჩვენს სფეროში ეკონომიკური აქტივობა კლებულობს, შესაბამისად, დასაქმებულთა რიცხვიც დაიკლებს. როდესაც დაკვეთა არის ის, რომ მშენებლობები უნდა შემცირდეს, ამას მოჰყვება ნაკლები სამუშაო ადგილი და ნაკლები ეკონომიკა“, - განაცხადა აბულაძემ.