„უნდა გავაგებინოთ აზერბაიჯანულ მხარეს, რომ დავით გარეჯი არის საქართველოს საკუთრება“

„უნდა გავაგებინოთ აზერბაიჯანულ მხარეს, რომ დავით გარეჯი არის საქართველოს საკუთრება“

საქართველოს–აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის სადავო ნაწილის – დავით გარეჯის მონაკვეთზე, სადელიმიტაციო კომისიის მორიგი შეხვედრა ივნისის ბოლოს, თბილისში გაიმართება, თუმცა მანამდე აზერბაიჯანულ მხარეს ჩიჩხიტურის მონასტერთან მისასვლელი გზა ჩაკეტილი აქვს. მეორე რაუნდის გამართვამდე ექსპერტები ადგილზე შეისწავლიან სიტუაციას. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამისთვის არის მზაობა კომისიის ყველა მონაწილის მხრიდან.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ნება, რომელიც გამოხატულია, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანის მხრიდან, ისე საქართველოს მხრიდან, აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შესაძლებელია მიღწეულ იქნას ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმება.

„კომისია ძალიან მრავალფეროვანია. იქ არიან, როგორც სასაზღვრო ჯარების წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, კარტოგრაფები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსპერტები. ახლა მიმდინარეობს მუშაობა, რომ ორმხრივად მისაღებ ვადებში და შესაბამის დროს განხორციელდეს ადგილზე ჩასვლა და სიტუაციის შესწავლა. მზაობა გამოთქმულია, ჩვენ ამაზე, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ და საზოგადოებას ეცოდინება, როდის შედგება ეს ვიზიტი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც საზღვრის სადავო მონაკვეთზე მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გზა გახსნეს, მაგრამ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტაძრამდე მისასვლელ გზას პერიოდულად კეტავენ. როგორც მამა ილარიონი აცხადებს, ეს არის სამწუხარო რეალობა, რაზეც სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება უნდა მოხდეს.

„გადაადგილება ეზღუდება ტურისტს, ვისაც უნდა დაათვალიეროს ფრესკები. ასევე, პერიოდულად გადაადგილება ეზღუდება ადგილობრივ მომლოცველებსაც, რომელთაც უნდათ წმინდა ადგილების მოლოცვა და სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ სამწუხარო რეალობას ვერ გავურბივართ. ეს ვითარება გრძელდება ამდენი ხანია, ველოდებით, რომ გადაწყდეს და მოგვარდეს ეს საკითხი“, – აცხადებს მამა ილარიონი.

„დავით გარეჯი საქართველოა“ – ამ ლოზუნგით, 15 ივნისს 16:00 საათზე თავისუფლების მოედანზე „პარტიოთა ალიანსი“ აქციას მართავს, რომლის მიზანია დაინახოს საქართველოს ხელისუფლებამ და გაიგოს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს დავით გარეჯის დათმობას. „პატრიოტთა ალიანსი“ საზღვართან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს.

ვიცე–სპიკერი ირმა ინაშვილი იმ კომისიის საქმიანობის შესწავლას ითხოვს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დავით გარეჯის სადემარკაციო საკითხებზე მუშაობდა. დეპუტატი აცხადებს, რომ ჩადენილია დანაშაული, რომელიც საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გამოიძიონ.

„წინა ხელისუფლებამ გარეჯის ნაწილი გაყიდა, როდესაც გამოდიოდნენ ხელისუფლების პირველი პირები და პირდაპირ ამბობდნენ, რომ გარეჯის ნახევარი ეს არის აზერბაიჯანის კუთვნილება და არა ჩვენი. ჩვენ არავინ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ უნდა დავიცვათ პატივისცემა და არ უნდა გამოვიჩინოთ კეთილგონიერება ამ პროცესში. დიახ, პატივს ვცემთ ჩვენს მეზობლებს, პატივს ვცემთ აზერბაიჯანს მაგრამ ჩვენ ასევე ველით პატივისცემას აზერბაიჯანის წარმომადგენლებისგან.

ჩადენილია დანაშაული, მე გეუბნებით ღიად ამას და ეს არის გამოსაძიებელი სადემარკაციო კომისიის მუშაობა მთელი წინა წლების განმავლობაში რა რუკებით ხელმძღვანელობდნენ, რა პერიმეტრებს და როგორ ათანხმებდნენ. მივმართავ პროკურატურას – დაიწყოს გამოძიება სადემარკაციო კომისიის საქმიანობაზე.

წლების განმავლობაში აზერბაიჯანთან საზღვრის სადემარკაციო კომისია დანაშაულს ჩადიოდა. და თუ ეს გამოძიება არ დაიწყება, პარალელურად დავაყენებთ საკითხს პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია“, – აცხადებს ირმა ინაშვილი.

დავით გარეჯის გარშემო განვითარებული მოვლენების უკან ხელისუფლების და რუსეთის ერთობლივ ინტერესებზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, რომლის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ქართული სპეცსამსახურები ივსება რუსული სპეცსამსახურების წამომადგენლებით, რაც მისი თქმით, რეალურად ნიშნავს ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურის სრულ ჩამოშლას და გადაბარებას მტრისთვის.

„ეს ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსული ოცნება. ამიტომ არიან გააქტიურებული „ქართული ოცნების“ სატელიტები, კრემლის ფილიალი, რომელიც ასევე გვესაუბრება გარეჯის პრობლემაზე იმიტომ, რომ აქვს ღია მცდელობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან დაიძაბოს ურთიერთობა. ეს არის ვლადიმერ პუტინის ნარატივი“, – ამბობს თინა ბოკუჩავა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის შეფასებით, თუ კიდევ იყო დარჩენილი რამე კითხვა, იმის შესახებ, თუ ვინ დგას დავით გარეჯის ბოლო ესკალაციის უკან, ვის სურს საქართველოს ურთიერთობები გაუფუჭდეს აზერბაიჯანთან, ვის სურს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან ფოკუსის გადატანა სხვაგან, ყველა ამ კითხვას გაეცა პასუხი.

„ეს არის „ქართულ ოცნება“, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს აწარმოებს კამპანიას ამ საკითხის ირგვლივ სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვის მიზნით. კომუნისტმა ოკუპანტებმა გაავლეს იქ საზღვარი და არა აზერბაიჯანმა. იმ კომუნისტურმა პარტიამ, რომელსაც გია ვოლსკი ემსახურებოდა წლების განმავლობაში“, – ამბობს გიორგი კანდელაკი.

აღსანიშნავია, რომ დავით გარეჯის გარშემო განვითარებულ მოვლენებს მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვიზიტს უკავშირებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი იყო კერძო აქტივობა, რომელიც, სამწუხაროდ, მაინცდამაინც არ წაადგა საკითხის სწრაფად მოგვარებას. ირაკლი კობახიძეს განცხადებით, ახლა მთავარია, დავით გარეჯის საკითხი ორ სახელმწიფოს შორის დიალოგისა და კონსულტაციების რეჟიმში გადაწყდეს.

„კერძო აქტივობა იყო, რომელიც, სამწუხაროდ, არ წაადგა მაინცდამაინც ამ საკითხის სწრაფად მოგვარებას. თუმცა, რამდენად ჰქონდათ ამისთვის საბაბი, მეორეა. მე მგონია, რომ ამისათვის საფუძველი არ არსებობდა, საბაბის გამოყენება ყოველთვის შეიძლება. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთავარია, კონსულტაციების რეჟიმში ხელისუფლებებს შორის ორ სახელმწიფოს შორის გადაწყდეს ეს საკითხი და ზედმეტი ვნებათაღელვა ამას ხელს არ შეუწყობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი პირველად დავით გარეჯში 20 აპრილს ჩავიდა. მან ჯარისკაცებთან ფოტოსურათები გადაიღო და განცხადება გააკეთა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის უნდა დაიწყოს საზღვრის დელიმიტაციაზე საუბარი, რასაც აზერბაიჯანის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. სწორედ ამ განცხადების შემდეგ, მაისში, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვრის თხრა დაიწყეს.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, უამრავი ფაქტორია, რომელიც აუცილებელია საქართველოსთვის და ზუსტად ისეთივე ფაქტორები მუშაობს აზერბაიჯანის მხარესაც. მისი თქმით, როგორც საქართველოს სჭირდება აზერბაიჯანი, ასევე სჭირდება აზერბაიჯანს საქართველოსთან ურთიერთობა, თუნდაც იმიტომ, რა ვითარება არის რეგიონში. ამიტომ, როგორც ძაბირაძე ამბობს, ხელისუფლებამ მუდმივად უნდა იმუშაოს ამ საკითხზე.

„დავით გარეჯი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორია და ისტორიული წარსული. დავით გარეჯი ჩვენთვის არის, როგორც ისტორიულ კულტურული ძეგლი, ასევე დღევანდელი საქართველოს სასულერო და რელიგიური ძეგლი, სადაც მორწუმეები მიდიან და ლოცულობენ. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს ტორიტორია იყოს ჩვენი, საქართველოსი და ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

უნდა გავაგებინოთ აზერბაიჯანულ მხარეს, რომ დავით გარეჯი არის საქართველოს საკუთრება. დავით გარეჯი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული წარსული, არამედ დღევანდელობაც ჩვენია დავით გარეჯის. ამიტომ, მოლაპარაკება არის აუცილებელი, მაგრამ პრინციპული მოლაპარაკება. ეს მოლაპარაკება უნდა წარიმართოს როგორც ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის და მნიშვნელოვანია, რომ პრინცპული საკითხების გადაჭრისაკენ იყოს მიმართული. ბევრი შეეცდება, რომ ეს თემა გამოყენებული იქნას ერთმანეთის დასაპირისპირებლად“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენების პარალელურად, იკვეთება დაპირისპირების ინიცირება საქართველო–აზერბაიჯანს შორის. როგორც ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ამბობს, საქართველო–აზერბაიჯანის ურთიერთობების გაფუჭება ბევრ ძალას აწყობს და წამყვანი რუსეთია.

„თუმცა, როგორც ვხედავთ ხოლმე, შიდა ძალებიც ჩნდებიან, რომელთათვისც არ არსებობს პოლიტიკური მორალი და მნიშვნელობა არ აქვს მათთვის მთავრობა რა საკითხზე მოიტეხავს კისერს. ცხადზე ცხადია, რომ საზღვრის მოწესრიგების საკითხი ვერ მოგვარდება საზღვარზე აქციების მოწყობით. ის, რაც მაისის დასაწყისში მოხდა, არაა სიახლე. ანალოგიური პროცესები იყო წლების წინაც, 2012 წლის მაისში. მაშინაც აზერბაიჯანმა საზღვარი ჩაკეტა, რასაც აქციები მოჰყვა.

მაშინ მთავრობა ამბობდა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრულად და მოლაპარაკეკებით უნდა მოვაგვაროთო. დღეს, იგივე პირები, ოპოზიციაში არიან, ოღონდ საპირისპიროს ითხოვენ და პროცესების დაძაბვას ცდილობენ. ენერგო პროექტების ჭრილში რომ შევხედოთ, რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესშია საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების ზიანი მიადგეს, თუმცა ეს ასე არ მოხდება და სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატი და შესატყვისი ურთიერთობები შენარჩუნდება“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ამირან სალუქვაძე.