ანაკლიის კონსორციუმის თხოვნა ფინანსური ვალდებულებების შესრულების თარიღის გადავადებაზე მთავრობამ გაითვალისწინა და ვადა 6 თვით გაუხანგძლივა. ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ამერიკაში ვიზიტად მყოფ მამუკა ბახტაძეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რეკომენდაცია მისცა.
რამდმენად მოხერხდება თუნდაც წლის ბოლომდე ყველა პირობის შესრულება, ეს ახლა ძნელი სათქმელია. ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, კონსორციუმი ამჟამად ცდილობს 520 მილიონის აკუმულირებას, აქედან 400 მილიონი არის საკრედიტო რესურსი, ანუ ნასესხები კაპიტალი, რომლის თაობაზე ბანკებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. დანარჩენი 120 მილიონი კი საკუთარი კაპიტალია, რომელიც ასევე კონსორციუმს დიდი ხნის განმავლობაში უნდა ჰქონოდა მობილიზებული.
ანაკლიის კონსორციუმისთვის ფინანსური სქემის დახურვის ვადა აქამდე 15 ივნისისთვის იყო განსაზღვრული, თუმცა ვერაფრით შედგა შეთანხმება მთავრობასა და ოთხ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციას შორის, რომლებმაც პორტის მშენებლობის პირველი ეტაპი უნდა დააფინანსონ.
მთავრობამ ეს ნაბიჯი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადების შემდეგ გადადგა.
„იმედია, საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს. იგი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან და ხელს შეუშლის იმას, რომ საქართველო მოექცეს რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ“, - განაცხადა პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ვაშინგტონში ვიზიტისას.
საქართველოს ვიცე-პრემიერის მაია ცქტიშვილის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, აშშ-ის მხრიდან პრობლემაზე მინიშნებად არ უნდა იყოს გაგებული.
„სახელმწიფო მდივანის მხრიდან იყო საქართველოს მიმართ, საქართველოს კურსის მიმართ უპირობო მხარდაჭერა, ისევე როგორც ნატოსკენ სწრაფვისკენ, ისევე როგორც საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებისკენ. ანაკლიის პორტზე საუბარი არ ნიშნავს და არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული, როგორც მინიშნება პრობლემაზე“, - განაცხადა მაია ცქტიშვილმა.
მიუხედავად ასეთი შეხედულებისა, სახელმწიფო მდივნის განცხადებას მალევე მოჰყვა საქართველოს მთავრობის რეაგირება და მიიღეს კიდევ გადაწყეტილება ფინანსური ვალდებულებების შესრულების თარიღის გადავადების თაობაზე.
„ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ ამ პროფილის მქონე, ამერიკული ყველაზე ძლიერი კომპანიები იყვნენ წარმოდგენილი პროექტში. მას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. თითოეული ჩვენგანი და, რა თქმა უნდა, კონსორციუმის მონაწილე წევრები, კონკრეტულ შედეგზე უნდა იყვნენ ორიენტირებულნი. თუ ყველა შეასრულებს თავის ვალდებულებას, ეს პროექტი აუცილებლად შედგება და, რა თქმა უნდა, გვაქვს სრული მხარდაჭერა მის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს და კომუნიკაციას, რომ მივეხმაროთ კონსორციუმს აღებული ვალდებულებების შესრულებაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
თავის მხრივ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ აცხადებენ, რომ პროექტისთვის საჭირო კაპიტალი სრულად აქვთ მობილიზებული.
„კონსორციუმმა უკვე დაასრულა ყველა საერთაშორისო ტენდერი, გამოავლინა გამარჯვებული სამშენებლო კომპანიები და მზად არის, ანაკლიის პორტის მშენებლობის ახალ, კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადასასვლელად. რაც შეეხება სამშენებლო ვადებს, თუ შემდეგი ერთი თვის მანძილზე მთავრობასა და ბანკებს შორის მოხდა შეთანხმება მერვე პუნქტთან დაკავშირებით, დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ანაკლიის პორტი დადგენილ ვადებში - 2020 წლის ბოლოს ან 2021 წლის დასაწყისში შეძლებს პირველი გემის მიღებას“, - აღნიშნულია კონსორციუმის განცხადებაში.