„საზოგადოებას ბიზნესმენების ფული სულაც არ სჭირდება, რადგან ფულის გარეშეც შეიძლება შეცვალოს ხალხმა სიტუაცია“

„საზოგადოებას ბიზნესმენების ფული სულაც არ სჭირდება, რადგან ფულის გარეშეც შეიძლება შეცვალოს ხალხმა სიტუაცია“

საიდან უნდა მოიძიონ ფინანსები ახლად გამოჩენილმა ოპოზიციურმა პარტიებმა?!

საქართველოში ბიზნესმენობა არ არის რთული, არამედ მთავრობასთან ურთიერთობაა რთული. ამდენად, ვერც ერთი ბიზნესმენი ვერ გარისკავს ხელისუფლების წინააღმდეგ გალაშქრებას და ოპოზიციონრების დაფინანსებას. ასე ხდებოდა ყოველთვის, ნებისმიერი ხელისუფლების დროს და ქართული ბიზნესი მუდამ თვინიერებას არჩევდა.

მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძეს მმართველ გუნდთან პრობლემები შეექმნა, მის კვალდაკვალ ცალკეულმა ბიზნესმენებმაც დააფიქსირეს სათქმელი. ამ მხრივ ყველაზე ხმამაღალ განცხადებად ჟღერდა „ფრესკოს“ დამფუძნებლის ვასილ სოფრომაძის ნათქვამი, „ვინჩესტერი ავიღოთ და ასე დავიცვათ ჩვენი ბიზნესი?“

მას არც თამაზ ელიზბარაშვილი ჩამორჩა და ფადი ასლის საპასუხოდ, რომელმაც ქართველ ბიზნესმენებს ლაჩრები უწოდა, განმარტა, „ჩვენ რომ გვქონოდა ამერიკის მოქალაქეობა, მაშინ ჩვენი განცხადებები გაცილებით თამამი იქნებოდა“.

ხელისუფლებასთან არცთუ მეგობრული ურთიერთობის მიუხედავად, უცნობია, გაბედავენ თუ არა ქართველი ბიზნესმენები ოპოზიციის დაფინანსებას, ისიც უცნობია, რას ფიქრობს მამუკა ხაზარაძე...

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, ექსპერტს კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს ეჭვი ეპარება, დღეს ბიზნესმენებმა გაბედონ ოპოზიციური პარტიების დაფინანსება, თუმცა ბიზნესმენების თემა დღეს არ არის მთავარი. თუ ვინმეს ჰგონია, „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ გაიმარჯვა 2012 წელს, რომ ივანიშვილმა დიდძალი ფული გაიღო, ეს არასწორი მოსაზრებაა, რადგან დღეს რატომ არ იღებს მმართველი გუნდი იმდენ ხმას, რამდენიც მაშინ აიღო? ეს იმიტომ, რომ ხალხს ცვლილებები სჭირდებოდა, იმ პერიოდში ბიძინა ივანიშვილი სწორედაც კარგ დროს გამოჩნდა პოლიტიკაში და დაეხმარა ხალხს ცვლილებების განხორციელებაში.

თუმცა, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, დღეს უკვე „ქართული ოცნება“ წარსულის პარტიად გადაიქცა, უკან იყურება, გამუდმებით ახსენებს „ნაციონალურ მოძრაობას“ წარსულს, როგორც სააკაშვილი ახსენებდა საბჭოთა კავშირს რაღაც-რაღაცებს. „ოცნებას“ საერთოდ აღარ დარჩა აწმყოსა და მომავალში პერსპექტივები. ამ ფონზე საზოგადოებას ბიზნესმენების ფული სულაც არ სჭირდება, რადგან ფულის გარეშეც შეიძლება არსებითად შეცვალოს ხალხმა სიტუაცია.

„საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ამის მშვენიერი მაგალითია, რომ ფულის გარეშე შეიძლება მოხდეს ცვლილებები, ყველაფერს ფული არ წყვეტს და, მე მგონი, „ქართულ ოცნებაშიც“ ესმით ეს ყველაფერი. ამიტომ ახლა „ოცნებისთვის“ მთავარი ფული კი არ არის, არამედ, შესაძლოა, მათთვის მთავარი იყოს ოპოზიციის დაქსაქსვა. შეიძლება, მათ ფული მოსახლეობის მოსყიდვაში კი არ დახარჯონ, არამედ ოპოზიციის მოსყიდვაში, რათა პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ოპოზიცია ვერ გაერთიანდეს. „ოცნება“ გაცილებით მეტს გადაუხდის ოპოზიციას, რათა არ მოხდეს მისი გაერთიანება“, - მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციის დასაფინანსებლად ფინანსები მოსაძიებელია ქართველ მილიონერებთან, შეძლებულ ადამიანებთან, ბიზნესმენებთან, კომპანიებთან. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ოპოზიციონრები ბიზნესმენებისთვის გახდებიან საინტერესონი პოლიტიკურ ველზე და, თუკი შეძლებული ადამიანები გაბედავენ ივანიშვილის ოპოზიციური ძალის დაფინანსებას.

შეძლებს კი ასეთ პირობებში მამუკა ხაზარაძე, ვასილ სოფრომაძე, ან სხვები თანხების გაღებას? ამის შესახებ ვაჟა ბერიძე განმარტავს, რომ მამუკა ხაზარაძე შეძლებული ადამიანია და მას საშუალება აქვს, დააფინანსოს ოპოზიციური ძალა, მაგრამ მისი პიროვნული მსოფლმხედველობიდან, ხედვიდან, ცხოვრებისეული კრედოდან გამომდინარე, საეჭვოა, მან დღეს არსებული პოლიტიკური სპექტრი დააფინანსოს.

„მამუკას სამი ათეული წელია ვიცნობ და მასთან გარკვეულ ეტაპზე ვთანამშრომლობდი. ამიტომ კარგად ვიცი, რომ ის პრინციპულია, მისი ხედვები საკმაოდ თავისთავადი და თავისებურია. შესაბამისად, საეჭვოა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან მისი მისადაგება, განსაკუთრებით, თუ ეს ძალა არ არის არჩევნებში გამარჯვების კანდიდატი. ის ამისგან ყოველთვის თავს შეიკავებს. ალბათ, გახსოვთ თავიდან ნიკა გვარამია და „რუსთავი 2“ როგორ ცდილობდნენ, მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ ველზე შეეგდოთ, პოლიტიკურ ველზე გადაეყვანათ, მაგრამ მამუკა ხაზარაძე იმდენად ინდივიდუალისტი და გამოკვეთილი ინდივიდუუმია, რომ შეუძლებელია მისი იძულება, რაღაც მიმართულებით წაყვანა პოლიტიკურ სპექტრში, რომ მან სხვა ბრძოლა დაიწყოს“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.

მისივე განმარტებით, სხვა დამფინანსებლებიც არსებობენ, განსაკუთრებით, საქართველოს გარეთ ბევრია ასეთი ადამიანი, მაგრამ ივანიშვილის ფაქტორი ჯერჯერობით ამ ფულს იგერიებს და არ უშვებს ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე. სამწუხაროდ, დემოკრატიას მთელი რიგი ხარვეზები აქვს და აქ ფული თამაშობს გარკვეულ როლს. ეს როლი გადამწყვეტი არაა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია.

ამიტომ ასეთი ბიზნესმენები, დამფინანსებლები საქართველოში, უნდა მოიძებნონ, რადგან, როცა ქვეყანაში არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანის დომინანტი ფული და მხოლოდ ერთი კაცი აფინანსებს თავის პოლიტიკას, ასეთ ვითარებაში კონკურენტული გარემო კვდება და ეს ქვეყნის ინტერესებში არ არის.