გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ! - ქართველმა ბიზნესმენებმა დიპლომატებს მხარი აუბეს

გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ! - ქართველმა ბიზნესმენებმა დიპლომატებს მხარი აუბეს

საქართველოში მოღვაწე დიპლომატების მოსაზრებას, ქართველი ბიზნესმენები ეხმიანებან და იზიარებენ კიდეც. ქვეყანაში თითქოს ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივად კეთდება, მაგრამ საბოლოო შედეგის მისაღწევად გზა და გზა ყველაფერი რთულდება.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ განაცხადა, რომ საქართველოში ბიზნესის განვითარებას გადაწყვეტილებების მიუღებლობა და გადაწყვეტილებების მიმღებ ადამიანთა ნაკლებობა უშლის ხელს. მოგვიანებით ეს განცხადება შეარბილა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, მან  ამ პრობლემებზე საუბრისას არასწორი სიტყვები გამოიყენა.

„საქართველო ნამდვილად ევროპული ქვეყანაა და ჩვენ ყოველთვის გვსურს, ვიყოთ გულწრფელნი ჩვენს მეგობართან. უბრალოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც მე ვსაუბრობდი, ავსტრიას აქვს იმედი, რომ საქართველო ევროპულ დონეს უფრო მეტად მიუახლოვდება“, – განაცხადა არად ბენკომ.

ანალოგიურ თემაზე ისაუბრა  საქართველოში იტალიის ელჩმა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმაც, რომელმაც ასევე ტელეეთერით განაცხადა, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება ადვილია, მისი განვითარება კი - რთული.

მთავრობის წევრებს დიპლომატთა ასეთი დამოკიდებულება არაფრად ეჭაშნიკად. ქართველი ბიზნესმენებმა კი ზუსტად დაინახეს ის გზავნილები, რაც უცხოელი ელჩებისგან მოდიოდა.

„ჯიდიჯი“ ჯგუფის დამფუძნებლის ბეჟან წაქაძის განმარტებით, ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს: პირველი -  პატარა ბაზარი, მეორე - პროფესიონალი კადრის დეფიციტი. ამასთან, დღეს საქართველოში მუშახელიც საკმაოდ დაბალი კვალიფიკაციისაა.

„მე ჩემს სფეროში ვამბობ, თუმცა, არანაკლებ პრობლემურია უბრალო კალატოზების, დურგლების შერჩევაც კი. დეფიციტურია ელექტრიკოსები. ყველაფერი ეს ინვესტორს უშლის ხელს და ჩადებული ფულის ამოღებაში პრობლემას უქმნის. ადგილობრივ კადრს ვერ პოულობენ, სხვა ქვეყნებიდან უწევთ ჩამოყვანა, რომლის შენახვა ძვირი უჯდებათ“, - აცხადებს წაქაძე.

მესამე მიზეზი, რაც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას აფერხებს, დაბალპროცენტიან სესხზე ხელმისაწვდომობის პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბიზნესის დასახმარებლად არაერთი სახელმწიფო პროგრამა არსებობს, სწრაფი განვითარებისთვის ეს საკმარისი არ არის. 

„აუცილებელია ბაზარზე გაიაფდეს სესხი და ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. რთული პროცესებია და ეს, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას“, - აღნიშნავს „კომერსანტთან“ საუბრისას წაქაძე და დასძენს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის, რომ გადაწყვეტილებების მიღება სწრაფად ხდებოდეს.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს  ეთანხმება „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი და ადასტურებს, რომ  ამ მხრივ ქვეყანაში პრობლემაა. საქართველოში ბიზნესს გაფართოებაში ხელს უშლის ბიუროკრატიული ელემენტები, მოქნილობის პრობლემა და სასამართლო სექტორი. შორს რომ არ წავიდეთ, ახლახან საქმე ეხებოდა საპრივატიზაციო თემებს, „აწარმოე საქართველოში“-ს, „საპარტნიორო ფონდს“, სადაც დამტკიცებულ პროექტს, როგორც მისმა ზედამხედველმა, ყოფილმა მინისტრმა ქობულიამ 6 თვე ხელი არ მოაწერა.

„ეკონომიკის ძველი მინისტრი გიორგი ქობულია რომ წავიდა და ახალი მოვიდა, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი და კარგი ამბავი. ქობულიამ საერთოდ გააჩერა ყველაფერი, გადაწყვეტილება არ მიიღო თავისი მოღვაწეობის განმავლობაში“, - განაცხადა პაპაშვილმა.

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ყველაზე ნაკლებად ეს პრობლემა თბილისის მერიას ეხება. „მათთან ჯერჯერობით პრობლემა არ გვაქვს. ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი ძალიან სწრაფად და კარგად წყდება. არ მქონია არც ერთი მომენტი, სადაც პასუხის გაუცემლობა ან დროში გაჭიანურება იქნებოდა“, - აღნიშნა პაპაშვილმა.

 

Maverick მთავრობის წევრებს დიპლომატთა ასეთი დამოკიდებულება არაფრად ეჭაშნიკად.
რატომ უნდა ეჭაშნიკოთ?! ისინიც ხომ ისეთივე არაპროფესიონალები არიან ვინც მთავრობის გარეთაა დარჩენილი, არადა საჯარო სამსახურები გატენილია მათივე ნათესავებით და საყვარლებით, ან ასოებში "გამობრძმედილი" საბოტაჟნიკებით... პროფესიონალები ქვეყნიდან გააქციეს, უცხოეთში გახიზნეს, სკამებზე წამოპლაკუნებულები კი არიან, მაგრამ რა აკეთიონ წარმოდგენაც არ აქვთ, თუკი ვინმე მცოდნე, წარმატებული გამოჩნდა მათ შორის იმწამსვე ჩამოალაბორანტებენ, ან რუსეთუმეს იარლიყით კუდიგორის გზას გაუყენებენ. ან რატომ უნდა შეასრულონ სამსახურებრივი მოვალეობა?! ყვEREბის ფხანაში ისრედაც კარგად უხდიან და გიჟები ხომ არ არიან საქმე აკეთონ?
ადმინ! რა უბედურებაა სტიქონნახევრიანი ფანჯარა რომ დაგვიყენე, ჭუჭრუტანიდან რატომ გვაგზავნინებ პოსტებს?
5 წლის უკან
Maverick მივაგენი როგორც იქნა ჟჟრუტანის გაზრდის საიდუმლოს, მადლობთ
5 წლის უკან
Maverick ჭრუჭრუტანისას, ჭრუჭრუტანისას............
5 წლის უკან